ასტონ ვილამ ულიეც მოსინჯა

AutoSharing Option
"ასტონ ვილას" სავარაუდო მწვრთნელის ამბავს გუშინაც მოგახსენებდით და ამ საკითხზე მორიგ ინფორმაციას დღესაც დავამატებთ: შესაძლოა ინგლისურ ფეხბურთს ფრანგი სპეციალისტი ჟერარ ულიე დაუბრუნდეს. ცნობილი გახდა, რომ ულიეს, რომელიც სამი წელიწადია საქმეს ჩამოშორებულია, ბირმინგემელთა ამერიკელი მეპატრონე რენდი ლერნერი დაუკავშირდა და "ვილა პარკზე" გადასვლის ვარიანტებზე დაელაპარაკა. შეგახსენებთ, რომ "ვილას" უახლოეს თამაშამდე მარტინ ო'ნილის შემცვლელი ჰყავს მოსაძებნი. ლერნერმა კანდიდატები უკვე დააგროვა და მომდევნო ამ კვირაში მათგან ერთის არჩევა მოუხდება.

მაინც, უკვე ვის ელაპარაკა "ვილას" ამერიკელი პატრონი? ალან კერბიშლის, სვენ გორან ერიკსონსა და კაცს, რომელიც
ბოლო სამი კვირაა დროებით უძღვება გუნდს - ო'ნილის უწინდელ ასისტენტ კევინ მაკდონალდს. სამივე გასაუბრება პრემიერლიგის მესამე ტურის შემდეგ ანუ მას მერე შედგა, რაც "ასტონ ვილამ" "ევერტონის" 1:0 მოუგო. მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ "ლივერპულის" ყოფილი თავკაცი ულიეს ლერნერის სიაში ფავორიტის სტატუსი არ აქვს. რასაკვირველია ის შეიძლება ბირმინგემში მაინც ჩავიდეს, მაგრამ რა თანამდებობაზე? აუცილებლად მთავარი მწვრთნელი გახდება? შეგახსენებთ, რომ მეპატრონესა და აღმასრულებელ შეფს პოლ ფოლკნერს რამდენიმე ვაკანსია აქვთ - ო'ნილი რომ წავიდა მწვრთნელთა შტაბიდან ერთგული მეგობრებიც გაყვნენ და შესაბამისად, მათ მიერ დატოვებული თანამდებობები შესავსებია.

შეგახსენებთ, რომ "ასტონ ვილა" თავკაცის გარეშე ძალიან მუხთალ დროს, პრემიერლიგის ჩემპიონატის დაწყებამდე ხუთად ხუთი დღით ადრე, დარჩა, თან ძალიან მოულოდნელად. ამბობენ, რომ ულიე თუ მთავარ მწვრთნელობაზე უარს უტყვის, კლუბში საფეხბურთო საქმეთა დირექტორის თანამდებობას დაიკავებს. ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთრივ "ვილას" ასაკობრივ და სარეზერვო გუნდებში თავმოყრილი ახალგაზრდობით დაწყებული, დედამიწის ზურგზე არსებული მოთამაშეებით დამთავრებული, ახალი ფეხბურთელების შერჩევა მას დაეკისრება.

ცნობილი ამბავია, რომ ფეხბურთელთა შერჩევის სფეროში "ასტონ ვილა" მოიკოჭლებს და ულიე, რომელსაც კლეირფონტეინის ფრანგულ აკადემიაში მუშაობის გამოცდილება აქვს, შესაძლოა ძალიან დიდი შენაძენი გახდეს.
62 წლის ულიე "ლივერპულს" ექვსი წლის განმავლობაში წვრთნიდა და მართალია გუნდს მის ხელში ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტია, მაგრამ ძველებურად მომუშავე კლუბის თანამედროვე მექანიზმად გარგაქმნაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის. სამწუხაროდ, იმავე პერიდში ფრანგს გულის პრობლემებიც გაუჩნდა და ოპერაციაც კი გაიკეთა.

ზემოთ სვენ გორან ერიკსონიც ვახსენეთ. მოგეხსენებათ, სანამ გუნდს მარკ ჰიუზს ჩააბარებდა, შვედის მწვრთნელად დანიშვნა "ფულჰემის" მეპატრონეს მოჰამედ ალ ფაედსაც სურდა. რენდი ლერნერს იგი საფეხბურთო სამყაროში ცნობილმა საქმოსანმა-აგენტმა ათოილ სტილმა გააცნოო, ამბობენ ინგლისელი ჟურნალისტები თავად სტილი კი ცდილობს ყველაფერი ბუნდოვნად დატოვოს: "მე არ მქვს უფლება გითხრათ ელაპარაკა თუ არა ბატონი ლერნერი ბატონ ერიკსონს".

ჩამოთვლილთა გარდა კიდევ რონალდ კუმანსა და ჯანფრანკო ძოლასაც ასახელებენ, თუმცა საეჭვოა მათ "ასტონ ვილას" მწვრთნელობის რეალური შანსი ჰქონდეთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული