სიტიში ერთმანეთს არ ენდობიანო...

AutoSharing Option
ბენჯანი ამბობს, რომ მის ყოფილ გუნდს "მანჩესტერ სიტის" ფული კი აქვს, მაგრამ კლასი აკლია. 32 წლის ზიმბაბველმა თავდამსხმელმა "ბლექბერნთან" გააფორმა ერთწლიანი კონტრაქტი - ისტლენდელებს ის აღარ სჭირდებოდათ. ამან ბენჯანი, როგორც ჩანს გააბრაზა და ათქმევინა, რომ ამ კლუბში არავის ნდობა არ შეიძლება.

"იქ, კულისებიდან აშკარად ჩანს, რომ სინამდვილეში "მანჩესტერ სიტი" უკლასო გუნდია - როყიოდ განაცხადა "ოსერისა" და "პორტსმუთის" ყოფილმა მოთამაშემ - გარდა ამისა, მიჯობს ისეთ კლუბში ვიყო სადაც გარშემო ადამიანებს ვენდობი. მირჩევნია "ბლექბერნში" ვითამაშო და მანჩესტერული ინფრასტრუქტურა არ მქონდეს ვიდრე ისტლენდზე
ვიყო და სულ იმას ვფიქრობდე ზურგსუკან ნიადაგს ხომ არ მითხრიან. როდესაც ვამბობ "სიტიში" ხალხის ნდობა არ შეიძლება მეთქი, იცით რას ვგულისხმობ? ამ კლუბმა მარტო ბოლო წლის განმავლობაში ცხრა თუ ათი ფეხბურთელი იყიდა, რომელთაგან ექვსს თუ შვიდს უკვე აგდებს. განა ასეთ გუნდში შეიძლება საიმედოობის შეგრძნება გქონდეს? როდესაც სოლიდური კლუბი ხარ და ფეხბურთელებს ყიდულობ, ეს ხალხი ყოველი მწვრთნელის გამოცვლაზე ყველა ხომ არ უნდა გაყარო"?

ბენჯანი "მანჩესტერ სიტიში" 2008 წელს მოხვდა. მასში ისტლენდელებმა "პორტსმუთს" 3,8 მილიონი ფუნტი გადაუხადეს. ზიმბაბველი მყისიერად გახდა ფანების საყვარელი ფეხბურთელი, რადგან არც აცია არც აცხელა და "ოლდ ტრეფორდზე", მანჩესტერულ დერბიში, "იუნაიტედს" გოლი გაუტანა. ამის მერე კი ფორვარდის საქმე უკან-უკან წავიდა. ორწელიწადნახევარში მან მხოლოდდამხოლოდ 29 შეხვედრაში ითამაშა.

საინტერესოა, რომ ბენჯანის ამ გაბრაზებულ კომენტარამდე 24 საათით ადრე დაახლოებით იგივე თქვა ბულგარელმა მარტინ პეტროვმა, რომელმაც თავისუფალი აგენტის სტატუსით "ბოლტონს" მიაშურა. 31 წლის პეტროვმა განაცხადა:

"დღეს "სიტიში" ხალხი თავს უფრო ცუდად გრძნობს ვიდრე კარგად. ადამიანებს შორის ურთიერთობა გაფუჭებულია, ერთმანეთს აღარავინ ენდობა. ფეხბურთელები მილიონერებივით უფრო იქცევიან ვიდრე გუნდის წევრებივით".

და ბოლოს, "მანჩესტერ სიტის" კბილი ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც გაჰკრა. გახმაურდა, რომ შვედ თავდამსხმელს, რომელიც ცოტა ხნის წინ "მილანმა" იყიდა, ამ ზაფხულს ისტლენდელები კვირაში ნახევარ მილიონ ფუნტს(!) სთავაზობდნენ, მაგრამ როგორც ხედავთ ის ფულს არ დახარბდა და სხვაგან გადასვლა ამჯობინა. იბრაჰიმოვიჩმა თქვა:

"ამ გუნდს "მანჩესტერ იუნაიტედთან", "ჩელსისა" და "არსენალთან" მოუწევს ბრძოლა, ეს კლუბები კი წლობით მიდიოდნენ დღევანდელ დღემდე. "სიტი" კვლავ მომავლის გუნდად რჩება. მე "მილანი" იმიტომ ვამჯობინე, რომ მასთან ერთად დღესვე შემიძლია ტიტულების მოგება. "სიტი" მომავალს დაელოდება, მე - ვერა".


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული