ესეც ბოლტონელი მეძავი...

AutoSharing Option
ასეთ დროს რა უნდა თქვა, ოხ, ეს მილიონერი ფეხბურთელები? რა შუაშია... აბა, ოხ, ეს ახალგაზრდები? ოხ, ეს მოღალატე ქმრები? ოხ, ეს ინგლისური მას-მედია? ოხ, ეს ქვეშქვეშა უეინ რუნი? ოხ, ეს სულელი უეშმაკო ბიჭი? მოკლედ, ვერაფერი მოვიფიქრეთ და ამიტომ ამ საქმეს თქვენ განდობთ, ჩვენ კი მხოლოდ ამბავს გეტყვით: ცნობილი გახდა და დაიწერა, რომ როდესაც რუნის მეუღლე კოლინი ფეხმძიმედ იყო, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ფორვარდი ოთხი თვის განმავლობაში შვიდჯერ ეწვია მავან მეძავს ჯენიფერ ტომპსონს, რომელიც ღამეში 1200 ფუნტს იღებს. თან, ამ
ამბის წერისას "დეილი მეილმა" პირველსავე წინადადებებში ჩაურთო, რომ ლაპარაკია იმ რუნიზე, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ცუდი თამაშით ინგლისელ ხალხს გული ატკინა.

იქვე, სტატიის დასაწყისში გაზეთმა ხალხს შეახსენა, რომ რუნი კოლინს ცოლად მოყვანამდე ექვსი წელიწადი ხვდებოდა, ხოლო ორი წლის წინ წყვილმა იქორწინა. მერედა, მისტერ და მისის რუნები საოჯახო ყოველდღიურობაში კი არ ჩაიკარგნენ, არამედ როგორც "სელებრითი" წყვილმა გაზეთების (თან, არა მარტო სპორტულ გვერდებზე) ფურცლებზე მოიპოვეს მუდმივი ადგილი. და აი, ასეთი მდგომარეობის კაცს არ ეყო ჭკუა თუ მოთმინება, რომ თავისი ოჯახი და მასთან ერთად საუცხოო ფინანსური თუ სოციალური მდგომარეობა დარტყმის ქვეშ არ დაეყენებინა. გაფიცებთ ყველაფერს, რისი გულისთვის?

რისი და იმის გულისთვის, რომ 21 წლის მეძავთან ერთად ქალაქ მანჩესტერის ყველაზე ძვირ სასტუმროში ევლო და მასთან ერთად დრო ღამის კლუბებშიც ეტარებინა. ფეხბურთელის ვექილებმა ჭორების გავრცელებისთანავე სცადეს საქმეში ჩარეულიყვნენ და საზოგადოება რამენაირად დაერწმუნებინათ, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, მაგრამ ამის გაკეთება ძნელი გამოდგა, რადგან რუნი მეძავებთან წანწალში ადრეც გახლდათ შემჩნეული - 2004 წელს ტაბლოიდები წერდნენ, რომ მაშინ საკმაოდ ახალგაზრდა რუნი თავისი მშობლიური ქალაქის ლივერპულის საროსკიპოებში დაძვრებოდა და 48 წლის ბებიასთანაც (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ჰქონდა ურთიერთობა. კოლინმა, როგორც ჭკვიანმა ქალმა, რომელსაც კარგად ესმის როგორ უნდა შეინარჩუნოს "სელებრითის" სტატუსი თავის დროზე წიგნიც კი დაწერა და შიგ ამ ამბის შესახებაც დაწერა: "ამ ამბავმა ისე დამზაფრა, რომ ვეღარაფერზე ვფიქრობდი. ის, რასაც აქ ვწერ აქამდე არსად მითქვამს: იმ პერიოდში უეინს ახლოს ვერ ვეკარებოდი".

დღეს, როდესაც რუნის ახალი თავგადასავლების შესახებ გახდა ცნობილი, ბევრმა იფიქრა, რომ ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატიც არეული ოჯახური ცხოვრების გამო ჩააფლავა. ბოლტონელმა მეძავმა ჯენიფერ ტომპსონმა კი ტაბლოიდებს უთხრა:
"უეინი უხამს მესიჯებს მიგზავნიდა და ძალიან დიდ ფულს მიხდიდა. მას აშკარად მოსწონდა ჩვენი ურთიერთობები და სულაც არ ადარდებდა, სად იყო და რას აკეთებდა ამ დროს მისი ფეხმძიმე ცოლი. მგონი ვარსკვლავობა თავში აქვს ავარდნილი, ჰგონია, რომ ხელშეუხებელია. მე თავად ქალი ვარ და ნამდვილად არ მინდა რომ ქმარი ასე მომექცეს, მითუფრო მაშინ, როდესაც ფეხმძიმედ ვიქნები".

"დეილი მეილში", რასაკვირველია, სხვა დეტალებიც წერია. დაწვრილებით გახლავთ აღწერილი როგორ და სად გაიცნეს რუნიმ და მეძავმა ერთმანეთი და რა მოხდა შემდეგ, მაგრამ, ვფიქრობთ "ლელოს" მკითხველისთვის ეს უბრალოდ უინტერესოა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული