ინგლისის ასოციაციის თასის V ეტაპი: ლონდონელთა გასაჭირი

AutoSharing Option
18 თებერვაკლს მთავარი მოულოდნელობა "სტემფორდ ბრიჯზე" ჩემპიონშიპის "ბირმინგემთან" "ჩელსის" ფრე იყო. დედაქალაქელებმა არათუ "სასიცოცხლოდ აუცილებელი გამარჯვება" ვერ მოიპოვეს, როგორც ამას ანდრე ვილაშ ბოაში აპირებდა, შეხვედრა გადასარჩენი გაუხდათ. ახლა მათ 6 მარტს ბირმინგემის "სენტ ენდრიუსზე" მოუწევთ სტუმრობა.

მოულოდნელი გადაწყვეტილებები მიიღო "ჩელსის" პორტუგალიელმა თავკაცმა: სათადარიგოთა შორის დატოვა მიკაელ ესიენი და ფრენკ ლემპარდი, სასტარტოში მათ ნაცვლად ჯონ ობი მიკელი და რამირესი დააყენა. ჯონ ტერისა და ეშლი კოულის არყოფნაში კი დაცვაში გარი კეჰილი და რაიან ბერტრანი დადგნენ.

მატჩის პირველი წუთები დაბალ ტემპში წარიმართა. გუნდები
სიტუაციის გამწვავებას ვერ ახერხებდნენ. პირველი რეალური საგოლე მომენტი "ჩელსის" კართან შეიქმნა და ის გოლითაც დაგვირგვინდა. ნათან რედმონდის მიერ მოპოვებული და მოწოდებული კუთხურის შემდეგ ბურთმა ერთბაშად რამდენიმე ჩელსელს აუარა გვერდი და დევიდ მერფის მიუვიდა. ფეხბურთელმა 3 მეტრიდან რასაკვირველია იოლად შეაგდო. კამერებმა დააფიქსირეს ვილაშ ბოაში, რომელიც ცდილობდა სხვების დასანახად ნერვიულობა არ შეემჩნია, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.

ზუსტად 2 წუთში პრემიერლიგელებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს. უეინ ელიოტმა რამირესის წინააღმდეგ თამაშის წესი კი დაარღვია, მაგრამ ბრაზილიელი ყოველი შემთხვევისთვის ისე დაეცა, რომ მარტინ ატკინსონს გადაწყვეტილება წამებში მიეღო. თუმცა რად გინდა? ხუან მატამ ცუდად დაარტყა, კოლინ დოილმა კი კუთხე გამოიცნო და ბურთი შტანგისკენ მოიგერია.

ბუნებრივია, ფავორიტები ამას არ შეეგუვნენ და მალე მატჩის სადავეები სრულად მოიგდეს ხელთ. ტაიმის მიწურულამდე მასპინძლებს გათანაბრება ორჯერ შეეძლოთ - დენიელ სტარიჯის შორეულ დარტყმას სიზუსტე დააკლდა, დავიდ ლუისს კი ჯარიმა დოილმა აუღო. მეორე ნახევარში ფერნანდო ტორესის ნაცვლად მოედანზე დიდიე დროგბა შევიდა, თუმცა ვერც ამ სვლამ მოიტანა ხელშესახები შედეგები. 61-ე წუთზე "ლურჯების" სტანდარტულ შეტევას ასეთივე გოლი მოჰყვა. ბრანისლავ ივანოვიჩის ჩაწოდებას სტარიჯი თავით შესწვდა და ეფექტური დარტყმით თავისი გუნდი სირცხვილისგან იხსნა.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ანდრე ვილაშ ბოაშმა ვრცლად ილაპარაკა მატჩის შესახებ. ჩვენ მისი მონოლოგის ყველაზე საინტერესო ფრაგმენტებს შემოგთავაზებთ:

"შედეგი, რა თქმა უნდა, არ გვაწყობს, თუმცა კარგია, რომ გავათანაბრეთ და შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობას ორიოდე კვირაში გავარკვევთ. "ბირმინგემი" ჩემპიონშიპის მატჩებს ამ არენაზე არ აგებს, ასე რომ, ვიცით, რა რთული შეხვედრაც გველის. პირველ ტაიმში ზომაზე მეტად ვნერვიულობდით და შესაბამისად მომენტებიც ნაკლებად გვქონდა, მეორეში უკეთ ვითამაშეთ, თუმცა არასაკმარისად კარგად, რათა მოგვეგო.

ცუდია, რომ დასვენებისთვის დრო პრაქტიკულად აღარ დაგვრჩა. სამშაბათს "ნაპოლისთან" გასვლითი შეხვედრა გველის ჩემპიონთა ლიგაში. მისი ძალის გათვალისწინებით აუცილებელია, რომ ახლა მთელი ყურადღება ამ მატჩზე გადავიტანოთ. იმედი მაქვს, ბევრად უფრო შინაარსიან ფეხბურთს ვითამაშებთ.

თქვენ ფიქრობთ, რომ შესვენებაზე დიდიე დროგბამ მისცა მითითებები ჩემს ფეხბურთელებს? იცით რას გეტყვით, ეს უბრალოდ სასაცილოა. ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემაც კი არ მინდა. ვერც კი წარმოიდგენთ რამდენად აბსურდულია ის, რასაც მეკითხებით".

* * *
ურთულეს სიტუაციაშია ჩავარდნილი მთელი "არსენალი". წარმოიდგინეთ, სამშაბათს გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა (ლონდონელთა შანსებზე ლაპარაკი ილუზიაა და მეტი არაფერი), წააგო რა "მილანთან" 4:0. მეოთხე დღეს კი გუნდი ოფიციალურად დაემშვიდობა ასოციაციის თასს და პრაქტიკულად გაინაღდა კიდევ ერთი "მშრალი სეზონი".

არადა ზუსტად ერთი კვირის წინ იყო, როცა "სანდერლენდთან" ამავე სტადიონზე "მეთოფეებმა" შეცვლაზე შესული აარონ რემსისა და ტიერი ანრის წყალობით მეტოქეს გამარჯვება ხელიდან გამოჰგლიჯეს.

ანრი უკვე ნიუ იორკშია, რემსი კი ძირითადს დაუბრუნდა და გუნდს ვერაფერი არგო. როგორც ჩანს, მარტინ ონილმა, თავის მხრივ, წინა გაკვეთილიდან სათანადო დასკვნები გამოიტანა და ფეხბურთელებს ზუსტად ასწავლა ის გზები, როგორ შეიძლებოდა "მეთოფეთა" განიარაღება.

"არსენალმა" მატჩი უკანმოუხედავი შეტევებით დაიწყო. ეტყობოდა, რომ არსენ ვენგერს შეგირდები კარგად ჰყავდა "დაქოქილი". პირველი მომენტი კუთხურის გათამაშების შემდეგ შეიქმნა, როცა კარში დარტყმას ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი აპირებდა, მაგრამ მას ამის უფლება არ მისცეს. შემდეგ მიკელ არტეტა ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ კარს ოდნავ ააცილა.

მე-7 წუთზე უსიამოვნო ტრავმა მიიღო ახალგაზრდა ფრანგმა განაპირა მცველმა ფრანსის კოკლენმა. ვენგერმა ის სებასტიან სკილაჩით შეცვალა. მე-41 წუთზე სტეფან სესინიონმა ვერ გაიტანა ახლო მანძილიდან. მისი დარტყმა "ცხრიანს" ასცდა. 29-ეზე რობინ ვან პერსის პასის შემდეგ ჟერვინიო გავიდა კარგ პოზიციაზე, თუმცა სიმონ მინიოლემ შეძლო სიტუაციის განმუხტვა.

მე-40 წუთზე ანგარიში გაიხსნა - სებასტიან ლარსონის მიერ საჯარიმოდან ჩაწოდებული ბურთი ტომას ვერმალენმა (ბელგიელი ტრავმის მოშუშების შემდეგ კოშმარულად გამოიყურება) თავით ცუდად მოიგერია, ბურთზე პირველი კირან რიჩარდსონი გაჩნდა, ვინც ბურთი მეკარისგან მარცხვენა შორეულ, დაბალ კუთხეში გაიტანა - 1:0.

"არსენალის" ბედს ისღა უნდოდა, რაც 77-ე წუთზე მოხდა. "სანდერლენდმა" ბურთი ჩაჭრა და სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო. სესინიონმა ცენტრიდან ლარსონს მარჯვნივ დაუგორა. ამ უკანასკნელის გამჭოლი ბურთი კი კარში ნამდვილად არ გავიდოდა რომ არა ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი. 17 წლის "მეთოფემ" კარიერაში პირველი გოლი შეაგდო საკუთარ კარში.

პრესკონფერენციაზე არსენ ვენგერი მარცხის მიზეზებზე საუბრისას ყველაფერს შეეხო გარდა თავისი გუნდისა:

"ფეხბურთელები მაქსიმალურად იყვნენ მობილიზებულნი და ბოლომდე იხარჯებოდნენ. არ გაგვიმართლა, რადგან ერთ კვირაში უკვე მესამედ ვითამაშეთ გასვლაზე. მისტერ უებმა სუფთა პენალტი არ მოგვცა, როცა ო"შიმ ვან პერსი წააქცია. სტუმრებმა კარში პირველივე დარტყმით გაიტანეს.

ამის შემდეგ რისკზე წავედით და კონტრშეტევა გაგვეპარა. გატანა კი იმიტომ ვერ შევძელით, რომ "სანდერლენდი" თავგამოდებით იცავდა ერთადერთი, რითაც შეიძლება კრიტიკას ვუპასუხოთ, ეს კარგი თამაშია. სეზონის დარჩენილ ნაწილში რამე პერსპექტივაზე ლაპარაკი უკვე ძალზე რთულია".

ინგლისი. ასოციაციის თასის V ეტაპი
ჩელსი-ბირმინგემი 1:1
ჩელსი: ჩეხი, ივანოვიჩი, გ. კეჰილი, დ. ლუისი, ბერტრანი, რამირესი, ობი მიკელი (57. კალუ), მეირელეში, მატა (83. ლემპარდი), სტარიჯი, ტორესი (46. დროგბა)
ბირმინგემი: დოილი, კარი (13. სპექტორი), დევისი, იბანიესი, დ. მერფი, გომისი, ფეჰი, მატჩი, ელიოტი (83. ბერკი), რედმონდი, ა. რუნი (72. ჯერვისი)
გოლები: 0:1 მერფი (20), 1:1 სტარიჯი (62)
საპასუხო მატჩი: 6 მარტი. ბირმინგემი

ევერტონი-ბლეკპული 2:0
ევერტონი: ჰოვარდი, ჰიბერტი, ჰეიტინგა, დისტენი, ბეინსი, ფ. ნევილი, გიბსონი (82. ბერკლი), ფელაინი, დრენტე, სტრაკუალურსი (88. ველიოსი), გუიე (57. კოულმენი)
ბლეკპული: გილკსი, ბაპტისტი, ჰარისი, ბაშემი, კეტკარტი, უილსონი, მარტინესი (71. დიკო), სილვესტრი, ტაილორ-ფლეტჩერი (22. ბედნარჟი), კ. ფილიპსი, ინსი (71. ლუა-ლუა)
გოლები: 1:0 დრენტე (1), 2:0 სტრაკუალურსი (6)

მილუოლი-ბოლტონი 0:2
მილუოლი: მილდენჰოლი, დანი, რობინსონი, სმიტი (57. რაიტი), ბარონი, ლოური, ტროტერი, ფინი (73. ბუაზა), ჰენდერსონი, კეინი (80. ჰენრი), კიო
ბოლტონი: ბოგდანი - რიკეტსი, სტეინსონი, უიტერი, რიმი, რეო-კოკერი, მ. დევისი (86. პრეტლი), მუამბა, შანლი, ნგოგი, მიიაჩი (78. იგლზი)
გოლები: 0:1 მიიაჩი (4), 0:2 ნგოგი (59)

ნორვიჩი-ლესტერი 1:2
ნორვიჩი: სტირი - დრური, ბარნეტი, მარტინი, უორდი, ჰულაჰანი, ფოქსი (78. ბ. ჯონსონი), პიკლინგტონი, ბენეტი, მორისონი (62. უილბრეჰემი), ჯექსონი (62. ვონი)
ლესტერი: კ. შმაიხელი, სენტ-ლეჯერი, კენედი (66. დელფუნეზო), პელტიე, მორგანი, უელენსი, დაიერი, დანსი, ბეკფორდი, მარშალი (66. კონჩესკი), ნაჯენტი
გოლები: 0:1 სენტ-ლეჯერი (6), 1:1 ჰულაჰანი (23), 1:2 ნაჯენტი (71)

სანდერლენდი-არსენალი 2:0
სანდერლენდი: მინიოლე, ო"ში, ტერნერი, ბერდსლი, რიჩარდსონი, ლარსონი, ლ. კატერმოული, კ. გარდნერი, კოლბეკი, მაკლინი, სესინიონი (89. ფ. კემპბელი)
არსენალი: ფაბიანსკი, სანია, ვერმალენი, ჯურუ, კოკლენი (10. სკილაჩი - 53. უოლკოტი) არტეტა, სონგი, რემსი (53. როსიცკი), ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ვან პერსი, ჟერვინიო
გოლები: 1:0 რიჩარდსონი (40), 2:0 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (77) ს.კ-ში

ქროული-სტოკ სიტი 0:2
ქროული: გილმარტინი - ჰოუელი, მილზი, კ. დევისი, მაკფადინი, ბულმანი, ჰანტი (46. ნილსონი), ს. ტორესი, სიმპსონი, უოტი, ბარნეტი
სტოკ სიტი: ბეგოვიჩი, აპსონი, შოუკროსი, შოტონი, კოლინზი, უალანი, უაიტჰედი, დელაპი, კრაუჩი, უოლტერსი, ჯერომი (84. უილკინსონი)
გოლები: 0:1 უოლტერსი (40) პენ, 0:2 კრაუჩი (52)

სტივენეიჯი-ტოტენჰემი 0:0
სტივენეიჯი: დეი, ლეირდი, ჰენრი, ჩარლზი (73. კოუენი), რობერტსი, ეშტონი, უილსონი, ბაირომი, ბოსტუიკი, ფრიმენი (88. ედვარდსი), ბერდსლი (67. მეი)
ტოტენჰემი: კუდიჩინი, უოლკერი (64. კრანჩარი), კაბული, დოუსონი, ნელსენი, ბეილი, ჯ. ლივერმორი, როუზი (81. ლენონი), პარკერი, დეფო, საა
საპასუხო მატჩი: 6 მარტი, ლონდონი

ლივერპული-ბრაიტონი 6:1
ლივერპული: რეინა, კარაგერი, შკრტელი, გ. ჯონსონი, ენრიკე, ჯერარდი (76. შელვი), დაუნინგი (77. მაქსი როდრიგესი), ადამი, ჰენდერსონი (76. კუიტი), კეროლი, სუარესი
ბრაიტონი: ბრეზოვანი, გრირი, ელ-აბდი (69. ვისენტე), კალდერონი, დანკი, ნავარო, ლუა-ლულა, ბრიდკატი, ბაკლი (46. ნუნი), ვოუკსი (69. მაკეილ-სმიტი), ბარნსი
გოლები: 1:0 შკრტელი (5), 1:1 ლუა-ლუა (17), 2:1 ბრიდკატი (44) ს.კ-ში, 3:1 კეროლი (57), 4:1 ბრიდკატი (71) ს.კ-ში, 5:1 დანკი (74) ს.კ-ში, 6:1 სუარესი (85)

თასის 1/4-ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან:
ლივერპული-სტოკ სიტი; ბირმინგემი/ჩელსი-ლესტერი; სტივენეიჯი/ტოტენჰემი-ბოლტონი; ევერტონი-სანდერლენდი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული