ხავიერ ერნანდესი - ფეხბურთი, როგორც ვნება

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" საკლუბო ჟურნალმა "ინსაიდ იუნაიტედმა" "ჩიჩარიტოს" საინტერესო ინტერვიუ ჩამოართვა. ჩვენ მას მცირე შემოკლებით გთავაზობთ.

- ხალხი თქვენ ოლე გუნარ სულშერს გადარებთ. აქ ჩამოსვლამდე მასზე რამე თუ გსმენოდათ?
- დიახ, რადგან ის "იუნაიტედის" ლეგენდა იყო. თუმცა ჯერ იმის 10%-ისთვისაც არ მიმიღწევია, რაც ოლე გუნარმა შეძლო. ის შეუდარებელი იყო. ჩართეთ ჩანაწერები და ნახეთ მისი თამაში. მასთან შედარება ძალიან მსიამოვნებს.

-
"იუნაიტედში" ყოფნა სიამოვნებას თუ განიჭებთ?
- რაღაც წილად დღემდე მჭირდება ფეხბურთელებთან, საკლუბო მაისურასა და მასზე საკუთარი გვარის კითხვასთან შეჩვევა. ხანდახან იმის
დაჯერებაც კი მიჭირს, რომ ვცხოვრობ მშვენიერ ქვეყანაში, ვთამაშობ მსოფლიოში საუკეთესო კლუბსა და საუკეთესო ჩემპიონატში.

- სეზონის დაწყებამდე უელბეკს თუ იცნობდით?
- მისი ბევრი თამაში მქონდა ნანახი და არა მხოლოდ "სანდერლენდში" მისი იჯარის დროინდელი. თავიდანვე ეტყობოდა, რომ უდიდეს პოტენციალს ფლობდა. თანაც მუდმივად პროგრესირებს.

- ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შეუსვენებლივ თამაშობთ და არამხოლოდ კლუბში. არ გიფიქრიათ, რომ თქვენს ცხოვრებაში ძალიან ბევრი ფეხბურთია და დასვენებისთვის დრო გჭირდებათ?
- ასეთ ფიქრს არ შევუწუხებივარ. მიყვარს ფეხბურთი და თუკი მთხოვენ ამისთვის კოსმოსშიც სიამოვნებით გავფრინდები. მე მუდამ ფეხბურთისადმი ვნებით ვიზრდებოდი და გამიმართლა, რომ დღეს ის ჩემი პროფესიაა.

- მე-19 საჩემპიონო ტიტულის მოგება უდიდესი მიღწევაა. ამჟამინდელ გუნდს შეუძლია პრემიერლიგის კიდევ ერთხელ მოგება?
- დარწმუნებული ვარ, რომ შეუძლია, რადგან გუნდში ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელებისა და გამოცდილი მოთამაშეების იდეალური ბალანსია.

- რამდენიმე წლის წინ მექსიკაში კარიერის დასრულებას გეგმავდით. ეს რეალური იყო?
- საკმაოდ რეალური იყო. ეს ამბები დაახლოებით 3 წლის წინ ხდებოდა. ვფიქრობდი, ამ გზას ბოლომდე გავყოლოდი თუ არა. ძირითად გუნდში პრაქტიკულად არ ვთამაშობდი. გული მწყდებოდა, როცა ვხედავდი, რომ ჩემზე პატარა ბიჭები ამას ახერხებდნენ, მე კი ადგილზე ვრჩებოდი. ამ თემაზე ოჯახის წევრებს ბევრს ველაპარაკებოდი. მათ დამარწმუნეს, რომ ფეხბურთი ჩემი საქმე იყო. ბედნიერი ვარ, რომ მაშინ ფეხბურთი არ მივატოვე.

- არსებობს სტერეოტიპი, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნებში ყველანი
"რეალსა" და "ბარსელონას" გულშემატკივრობენ. რა დამოკიდებულებაა მექსიკაში "მანჩესტერ იუნაიტედისადმი"?
- ვიცი, რომ მას მერე, რაც "ოლდ ტრეფორდზე" ვთამაშობ, "იუნაიტედის" მიმართ ინტერესი გაიზარდა. თუმცა ჯერ კიდევ ჩემს გადმოსვლამდე ყველამ იცოდა, რომ "იუნაიტედი" დიდი კლუბი იყო. ნეტავ, გენახათ ჩვენს საყურებლად ამერიკაში რამდენი ადამიანი დადიოდა სტადიონებზე. "იუნაიტედს" მთელ მსოფლიოში ფანკლუბებში 330 მილიონზე მეტი ოფიციალური წევრი ჰყავს. ამ კლუბს მსოფლიოს ყველაზე შორეულ კუთხეებშიც კი გულშემატკივრობენ.

- პირველად
"იუნაიტედისა" და "ბაიერნის" მატჩს დაესწარით. რა შეგრძნება დაგეუფლათ?
- უმნიშვნელოვანესი შეხვედრა რომ იყო, ფანების ყოველ რეაქციაზე შეგეძლოთ დარწმუნებულიყავით. არც კი მჯეროდა, რომ ამ სტადიონის ტრიბუნებზე ვიჯექი. იქამდე "იუნაიტედის" თამაში მარტო ტელევიზორში მქონდა ნანახი და მხოლოდ ვოცნებობდი, რომ მოვლენათა ეპიცენტრში მოვხვედრილიყავი. "ოლდ ტრეფორდზე" ბევრი მსმენოდა, მაგრამ მოსმენილის შედარება იმასთან, რაც პირადად განვიცადე, შეუძლებელია. ვღელავდი იმაზე ფიქრით, რომ რამდენიმე თვეში მეც ამ კლუბის ნაწილი უნდა გავმხდარიყავი.

- ჩემპიონთა ლიგის ფინალის წაგების შემდეგ ძალიან იმედგაცრუებული იყავით.
- ვისაც გნებავთ ჰკითხეთ, უნდა თუ არა უდიდესი საკლუბო ტურნირის ფინალში თამაში, ყველა დადებითად გიპასუხებთ. ჩემთვის ეს ფანტასტიკური გამოცდილება იყო, თუმცა წაგების მიუხედავად დადებითი მომენტი უფრო ბევრი იყო, ვიდრე უარყოფითი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული