სად გაჩერდა რუნი?
რას არ გაიგებ კაცი: "სანი" წერს, რომ უეინ რუნისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალი თანამშრომლობის საკითხი ჯერ სულაც არ არის გარკვეული. ვარსკვლავს კლუბთან ახალი ხელშეკრულების პუნქტები კიდევ შესათანხმებელი ჰქონია. მართალია სერ ალექს ფერგიუსონს სიტყვა მისცა, რომ "ოლდ ტრეფორდიდან" ფეხს არ მოიცვლის, მაგრამ რუნის კონტრაქტისთვის ხელი ჯერ არ მოუწერიაო, წერს ყველაზე დიდტირაჟიანი ბრიტანული გაზეთი. ახალ კონტრაქტში თავდამსხმელის ხელფასად კვირაში 140 ათასი ფუნტი ჩაიწერება. ჩვენთვის უფრო გასაგებ ვალუტაზე რომ ვთქვათ რუნის კვირაში 215 ათას დოლარზე ცოტა მეტს გადაუხდიან.
მაგრამ, როდის
მოგეხსენებათ, ყოფილმა თანაგუნდელმა კრიშტიანო რონალდომ რუნის უკვე შეუთვალა, მადრიდში ჩამოდი, "რეალში" ითამაშეო. კონტექსტისგან დამოუკიდებლად ეს ნათქვამი არაფერს ნიშნავს, მაგრამ ბოლო დღეების ამბებით შეშინებულ "იუნაიტედის" ფანებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ თუ რუნის ცოლთან კოლინთან ურთიერთობა გაუფუჭდება და ოჯახი დაენგრევა (სხვათა შორის, კოლინმა უკვე განაცხადა, რომ ოჯახის დანგრევას აღარ მოერიდება, შეიძლება, დარდის გასაქარვებლად სულაც დატოვოს ინგლისი...
გაზეთები წერენ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატამდე "მანჩესტერ იუნაიტედი" დაბეჯითებით აპირებდა მოთამაშისთვის მკვეთრად გაუმჯობესებული ხუთწლიანი ხელშეკრულების გაფორმებას, მაგრამ სამხრეთ აფრიკაში ჩაფლავებამ როგორც ჩანს თავად "იუნაიტედზეც" კი იმოქმედა. საერთოდ, ფერგიუსონს თავისი საყვარელი ფეხბურთელების "მოკლე ჯაჭვით დაბმა" უყვარს და ამისათვის, როგორც კი მათი ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ორი წელიწადიღა დარჩება, ახალ გრძელვადიან კონტრაქტებს უფორმებს. რუნის მანჩესტერში წელიწადნახევარი აქვს დარჩენილი...
"სანმა" გამოიკვლია, რომ საკონტრაქტო საკითხებზე სალაპარაკოდ თავდამსხმელი "იუნაიტედის" აღმასრულებელ შეფს დევიდ გილს ორი კვირის წინ უნდა შეხვედროდა, მაგრამ ეს შეხვედრა დღემდე არ შემდგარა. არადა, რუნი "იუნაიტედის" სახეა. მანჩესტერულ კლუბს იგი განა მარტო ფეხბურთის კარგად სათამაშოდ, ახალი სპონსორების მოსაზიდადაც სჭირდება. მეორე მხრივ ამბობენ, რომ სახე სამაგალითო უნდა იყოს, ხოლო კაცი, რომელსაც ხან მთვრალს, ღამის კლუბთან მოშარდვის დროს უღებენ ფოტოს და ხანაც მეძავთან ცოლის ღალატში ამხელენ, სახეობა შეიძლება აღარ გამოუვიდეს.
"დეილი მეილმა" კი სხვა მიმართულებით იმუშავა და უზარმაზარი სტატია გამოაქვეყვა ზემოხსენებულ მეძავზე, რომელთანაც ფეხბურთელი ფეხმძიმე ცოლს ღალატობდა. ჩვენთვის 21 წლის ჯენიფერ ტომპსონის ცხოვრებისა და მოღვაწეობის დეტალები, რასაკვირველია ფასეულობას არ წარმოადგენს, მაგრამ იმან კი მიიპყრო ყურადღება, რომ ეს ქალი ყატარშია დაბადებული - მამამისი სანავთობო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია, დედა "პორშით" დადის და კიდევ სამი ძმა ჰყავს. ჰოდა, ნურავინ დაიწყებს მტკიცებას, რომ ქალი მეძავობამდე მაინცდამაინც სიღარიბეს მიჰყავს.
სხვათა შორის, ტომპსონის ძვირ მომსახურებას ცნობილი ხალხი მიმართავს, მაგალითად ფეხბურთელი ელ ჰაჯი დიუფი და ლეგენდარული ჯორჯ ბესტის მოდელი ვაჟიშვილი კალუმ ბესტი.
ფერგის გულისტკივილი
...გეგმებს სერ ალექსმაც გადახედა - "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი უეინ რუნის გუნდის კაპიტნობას უპირებდა, მაგრამ ახლა უკან იხევს. მიზეზი: ფეხბურთელმა ფეხმძიმე ცოლს მეძავთან უღალატა და ეს ამბავი მთელი დედამიწის გაზეთებს მოედო. როგორც ფერგიუსონის მეგობრებისგან გახდა ცნობილი, ლეგენდარულ შოტლანდიელს ფორვარდის საქციელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ღალატადაც მიუჩნევია. საიდან შეიტყო ეს ამბავი "მირორმა"? 68 წლის მწვრთნელმა ამ დღეებში ინგლისის სამხრეთით, სომერსეტში, მეინორის ფერმასთან თავისი მეგობარი პოლ ნიკოლსი მოინახულა. ნიკოლსი ფერგიუსონის რამდენიმე ცხენს უვლის და წვრთნის. საღამო ხანს მეგობრები მცირე კამპანიასთან ერთად "მეინორ ჰაუს ინში" შეიკრიბნენ და იქ ფერგიუსომს ბუნებრივად მოუწია ფეხბურთთან დაკავშირებით ერთი-ორ კითხვაზე პასუხის გაცემა.
"იმ სუფრაზე სერ ალექსი ლაპარაკობდა, რომ რუნიზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებდა და გუნდის კაპიტნადაც უპირებდა დასახელებას, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. იგი დარწმუნდა, რომ რუნი ზრდასრული ადამიანი არ არის და ყველაფერი, რაც ამ ბოლო დროს ხდება ამისი დასტურია. ფეხბურთელებისგან არანაირი ქცევა არ მიკვირს, მაგრამ წაყრუებაც არ შემიძლიაო, ამბობდა ფერგიუსონმა. შემდეგ რუნის ერთგულებაზეც ჰკითხეს, რაზეც გულწრფელად უპასუხა, რომ თავდამსხმელი "მანჩესტერ იუნაიტედის" საოცრად ერთგული კაცია და ეჭვი არ არის ასეთად დარჩება. ისე, სერ ალექსს რუნის დაჯარიმებაც სდომებია, მაგრამ საამისოდ ტექნიკური მიზეზი არ არსებობს" - თქვა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
ლელო