რუნის და მამიკოს გოგოები

AutoSharing Option
ადრე, უეინ რუნის სექს სკანდალთან დაკავშირებულ ერთ-ერთ წერილში მოგახსენეთ, რომ ინგლისურ პრესაში ბევრი ისეთი დეტალი იბეჭდება, რომელთა "ლელოში" გამოქვეყნება ზედმეტად მიგვაჩნია. მართლაც, რა მნიშვნელობა აქვს ქართველი მკითხველისთვის, კერძოდ, როგორ უღალატა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა ფეხმძიმე ცოლს, მაგრამ, როგორც ჩანს, ერთი რამ მაინც უნდა გვეთქვა. უფრო სწორად, გაკვრით მაინც უნდა გვეხსენებინა 23 წლის მეძავი ჰელენ ვუდი, რომელიც რუნის სკანდალის ერთ-ერთი მთავარი გმირის ჯენიფერ ტომპსონის მეგობარია და... უეინის ვნების დაცხრობაში ჯენისთან ერთად ერთხელ მონაწილეობაც მიიღო.

ამ უხამსი დეტალის ხსენება კი იმიტომ დაგვჭირდა, რომ
ბრიტანულ მასმედიაში თემა ასე გაგრძელდა: მეძავთა მშობლებმა რუნის მეუღლეს, კოლინს ოფიციალური ბოდიში მოუხადეს, ხოლო ფსიქოლოგებმა დიდრონი სტატიები გამოაცხეს იმის შესახებ, თუ რატომ ხდებიან ასეთი ოჯახების შვილები ფასიანი კახპები...

დავაზუსტოთ: ჯენიფერ ტომპსონის მამა მსხვილი ნავთობკომპანიის ერთ-ერთი წამყვანი ინჟინერი და აღმასრულებელი შეფია, ხოლო ჰელენ ვუდისა - სელფორდის უნივერსიტეტში ლექტორია, მუსიკას ასწავლის.
შვილის საქციელით განადგურებულმა მშობლებმა ჰემიშ ტომპსონმა და მისმა პოლონელმა მეუღლე დანუტამ პორტუგალიაში შვებულება შეწყვიტეს და სასწრაფოდ ინგლისს დაბრუნდნენ. როგორც გაირკვა, ჰემიშსა და დანის წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ მათი ქალიშვილი, რომელსაც საჯარო კი არა, ძვირადღირებული კერძო განათლება მისცეს, მეძავი იყო და ერთი ღამის მომსახურებაში 1 200 ფუნტს იღებდა. შინ დაბრუნებული მშობლები შვილს სკანდალის შემდეგ პირველად შეხვდნენ და... მათ სახლში რა მოხდა, ყოვლისმცოდნე ინგლისური პრესისთვის ჯერ ცნობილი არ არის, ოფიციალური განცხადება კი დაწერეს და გამოაქვეყნეს. სხვათა შორის, საინტერესო განცხადებაა:

"ჩვენი შვილის ჯენიფერის შესახებ გაზეთებში სტატიები გამოქვეყნდა, რომელთა შინაარსიდან გამომდინარე, გვინდა გულწრფელი ბოდიში მოვუხადოთ კოლინ რუნისა და მის ოჯახს. რასაც ახლა ვიტყვით, შეიძლება ვერც დაიჯეროთ, მაგრამ გვერწმუნეთ, ჩემი მეუღლე და მე ვერადროს შევეგუებით იმას, რაც მოხდა, ან კიდევ შეიძლება მოხდეს. ჩვენ წარმოდგენა არ გვქონდა იმის შესახებ, რაც გაზეთებში ეწერა. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ ჩვენ საკითხის საჯარო განხილვაში მონაწილეობას აღარ მივიღებთ. ბოლო რამდენიმე დღემ ჩვენზე გამანადგურებლად იმოქმედა, მაგრამ ჯენიფერი ჩვენი შვილია, ჩვენ ის გვიყვარს და იმედია, მოგვცემთ საშუალებას, პრობლემას მივხედოთ როგორც ოჯახმა და არა - მასმედის საშუალებით".

ადრეც მოგახსენეთ, რომ ჯენიფერ ტომპსონს სამი ძმა ჰყავს - ჩარლზი, რომელსაც ჩვენთვის ცოტა გაუგებარი პროფესია (პირადი მწვრთნელი) აქვს, სტილისტი ალექსანდერი და დრამის ფაკულტეტის სტუდენტი მაქსი. ალექსმა ცოცხალი თავით არ დაიჯერა, რომ მისი და მეძავია, უბრალოდ, ლამაზი გოგოა და ბიჭები დასდევენო, უთხრა ჟურნალისტებს. ტომპსონების ოჯახს ბოლტონში 400 ათასად ღირებული სახლი აქვთ.

რაც შეეხება ჰელენ ვუდის ლექტორ მამას, მისტერ სტივენს, მან თქვა: "ჰელენმა სახლი 16 წლისამ დატოვა. ის ბოიფრენდთან გადავიდა საცხოვრებლად და მას მერე შვილთან ურთიერთობა აღარ მქონია. წარმოდგენა არ მაქვს, რას აკეთებს და რითი ცხოვრობს, თუმცა ძალიან ვწუხვარ, რომ მისმა საქციელმა ამდენი პრობლემა წარმოშვა. ჩვენი ოჯახის ისტორია ძალიან ტრაგიკულია და გული მტკივა, ჩემმა შვილმა სხვებსაც რომ გაუფუჭა ცხოვრება".

მეტისმეტად ჭორიკანა გაზეთებმა კი მთელი ინგლისი შემოირბინეს, იქნებ ვინმეს სადმე კიდევ ჰქონდეს ფოტო - რუნი ახალ ქალთან რომ იქნება გადაღებულიო, და რაღაც მართლა გამოჩხრიკეს, ოღონდ... ამ სურათით არაფერი მტკიცდება. უბრალოდ ვიღაცამ თქვა ერთ-ერთ წვეულებაზე რიო ფერდინანდის რესტორანში უეინი ამ ქალს ეპრანჭებოდაო. რუნის მავანმა მეგობარმა კი ტაბლოიდებს საგანგებოდ განუცხადა: "უეინმა კოლინსაც გულწრფელად უთხრა, რომ ამის მეტი სასიყვარულო თავგადასავალი არ ჰქონია. დაუჯერებს თუ არა ეს უკვე კოლინის საქმეა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული