კაპელომ წასვლის დღე დათქვა... ანუ დაუბრუნეთ რიოს სამკლავური!

AutoSharing Option
რიო ფერდინანდი ამბობს - როცა მოედანს დავუბრუნდები, სტივენ ჯერარდი ნაკრების კაპიტნის სამკლავურს დამიბრუნებსო. მაგრამ ფიქრობს კი ასე ინგლისელთა თავკაცი ფაბიო კაპელო? იტალიელი ჯერარდის კაპიტნობით აღფრთოვანებულია. ის დაჟინებით იმეორებს, რომ ლივერპულელი მსოფლიოს ჩემპიონატზეც დიდებული იყო და ევრო 2012-ის შესარჩევი ტურნირიც საუცხოოდ დაიწყო. ფერდინანდს ჟირნალისტებმა სწორედ ამის შესახებ ჰკითხეს. მანჩესტერელმა უპასუხა:

"ვფიქრობ, დიდი დრო გავიდა მას მერე, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვინმემ რამე ორაზროვნად თქვა. ბოლოს, როცა კაპიტნობაზე იყო ლაპარაკი, კაპელომ თავისი დამოკიდებულება ძალიან მკაფიოდ გამოხატა".
და მართლაც, აგვისტოში, როცა ინგლისის ნაკრებმა
"უემბლიზე" უნგრეთს ამხანაგურ შეხვედრაში 2:1 მოუგო, სინიორ ფაბიომ ასე ბრძანა: "ჩვენი კაპიტანი რიოა, ჯერარდი კი ვიცე-კაპიტანი გახლავთ. იმედი მაქვს, ფერდინანდი მალე გამოჯანმრთელდება და ისევ გაიკეთებს კაპიტნის სამკლავურს".

მაგრამ მას მერე ინგლისელებმა ორი თამაში კიდევ უფრო შთამბეჭდავად მოიგეს: ბულგარელებს შინ 4:0 აჯობეს, შვეიცარიაში კი 3:1 გაიმარჯვეს. ამ სამშაბათსაც, ბაზელში ჩამოვარდა ამ ყბადაღებულ სამკლავურზე ლაპარაკი. კაპელომ თქვა:
"ჩემთვის მთავარი მკლავზე შესაბმელი ზონარი კი არა, არამედ - ფეხბურთელია. როგორ თამაშობს ესა თუ ის მოთამაშე - აი, რას ვაქცევ ყურადღებას".

რას უნდა ნიშნავდეს ასეთი პასუხი? შესაძლოა, ფერდინანდისთვის სახიფათოს არაფერს, მაგრამ ინგლისურმა გაზეთებმა მაინც დასვეს კითხვის ნიშნები. თუ გახსოვთ, როცა კაპელომ ინგლისის ნაკრები ჩაიბარა, პირველ შეხვედრაში კაპიტნად სწორედ ჯერარდი დანიშნა მაგრამ მაშინ ლივერპულელმა ყოჩის თვისებები ვერ გამოამჟღავნა და შეცვალეს...

თუმცა კაპიტნობა კაპიტნობად და, კაპელომ საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვან კითხვასაც გასცა პასუხი: 2012-ში ევროპის ჩემპიონები რომც გავხდეთ, თანამდებობიდან გადავდგებიო. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჩაფლავების შემდეგ ინგლისში ბევრი ითხოვდა იტალიელის მოშორებას, მაგრამ კონტრაქტი კონტრაქტია, მისი დარღვევა კი იმას ნიშნავს, რომ დამრღვევმა მხარემ ფული უნდა გადაიხადოს. და რამდენია კაპელოს ხელფასი? წელიწადში 6 მილიონი გირვანქა, ანუ 9.3 მილიონი ამერიკული დოლარი.

შესაბამისად, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ამ თანხის ასე უბრალოდ გადაყრას და ზედაც ახალი მწვრთნელისთვის ხელფასის დანიშვნას მოერიდა. მერედა, ვინ უნდა მოეყვანათ ისეთი, საქმე კაპელოზე უკეთ რომ ეცოდინებოდა? ვერავინ. გამოვიდოდა, რომ ამხელა სპეციალისტი გაუშვეს, უზარმაზარი ფული ისე უბრალოდ გაატანეს და თან მოიყვანეს ვიღაც ახალი, რომელიც ან მოიგებს ან ვერა და არანაკლებ ხელფასსაც ჩაიჯიბავს.

"ახლა ყველაფერს თავიდან ვიწყებ. როცა გერმანიასთან დავმარცხდით და მსოფლიოს ჩემპიონატი დავტოვეთ, გარშემო ძალიან ცუდი ატმოსფერო იყო. ახლა ფეხბურთელების ახალი ჯგუფი შემოვიკრიბე, მათ გამარჯვებულის მენტალიტეტს ვუნერგავ და ატმოსფეროც უკვე სულ სხვაა. რაც შეეხება ჩემს კონტრაქტს, ის პრობლემას არავის შეუქმნის. იმ დროისთვის უკვე მოხუცი ვიქნები და სიამოვნებით მივეცემი პენსიონერის ცხოვრებას".


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული