თეო უოლკოტის არ იყოს, "ტოტენჰემისა" და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელ ჯერმაინ დეფოსაც ძვირი დაუჯდა შვეიცარიასთან გამარჯვება. მან მუხლის მყესები დაიზიანა და ახლა 6-კვირიანი უქმობა მოუწევს. შვეიცარიასთან თამაშზე მეტად დეფომ თავი გასულ პარასკევს, ბულგარეთის წინააღმდეგ გამოიჩინა - სამი გოლი გაუტანა მოწინააღმდეგეს, მაგრამ მას მერე ერთი კვირაც კი არ გასულა და ფორვარდმა შეიტყო, რომ ჩემპიონთა ლიგაში "სფურზის" პირველი სამი თამაში და ინგლისი-ჩერნოგორიის შესარჩევი დაპირისპირება მის გარეშე ჩაივლის.
გამოდის, რომ ლონდონური გუნდის მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა ინგლისის ნაკრების გამო უკვე მეორე ფეხბურთელი დაკარგა, სატრანსფერო ფანჯარა
კი დახურულია და ახალს ვერავის შეიმატებს. პირველი, ვინც ნაკრებმა "სფურზს" მოაკლო მცველი მაიკლ დოუსონი გახლდათ. მას დეფოზე ცუდად აქვს საქმე, ბულგარელებთან შეხვედრაში მუხლის გარდა კოჭის მყესებიც დაუზიანდა და ორი თვე ექიმებთან უნდა იაროს. დეფო კი, მოგეხსენებათ, ისედაც საოპერაციო ოყო - საზარდულის ტკივილი არ აძლევდა მოსვენებას - მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ჩინებულ ფორმაში გახლდათ.
კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ ბოლო ექვს შეხვედრაში მან ოთხი გოლი გაიტანა, თუმცა შვეიცარიელებთან დაპირისპირების 70-ე წუთზე შეცვალეს. შემდეგ დეფო ინგლისში გუნდთან ერთად ჩაფრინდა და "ტოტენჰემშიც" დათქმულ დროს გამოცხადდა, თუმცა კლუბის ექიმებმა შუადღისას მუხლზე რენტგენი გადაუღეს და ნახეს, რომ ფორვარდი ტრავმირებულია...