მან თავის სიტყვაში კიდევ ერთხელ გაიხსენა ფიფასა და ინგლისური ფეხბურთის ხელმძღვანელთა დაპირისპირება, რომელიც მას მერე დაიწყო, რაც ციურიხში 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის არა ინგლისში, არამედ რუსეთში ჩატარება გადაწყვიტეს. აი, რა თქვა მან:
- ათეული წლების განმავლობაში სწორედ ინგლისი მართავდა მსოფლიო ფეხბურთს. ეს ჩვენ შევქმენით ფეხბურთის წესები
სერიოზულად თუ მივუდგებით, ინგლისი არცთუ უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რომ მას მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძლობის ყველაზე მეტი უფლება ჰქონდა. ამიტომ გახდა 2010 წლის დეკემბრის მოვლენები ამხელა იმედგაცრუების საფუძველი. ყველაზე მეტად გული იმის გამო გვეტკინა, რომ ჯერ კიდევ იმ დღიდან, როცა განაცხადი შევიტანეთ, ფაქტობრივად, დარწმუნებულები ვიყავით საკუთარ გამარჯვებაში. შედეგად კი ისე მოხდა, რომ ციურიხის ოფისში მოგების მიზერული შანსიც კი არ დაგვიტოვეს.
რატომ არ გაგვაფრთხილეს, რომ არაფრის იმედი არ უნდა გვქონოდა? რატომ არ თქვეს გულწრფელად, რომ ფიფას ჩემპიონატის სადღაც აღმოსავლეთში ჩატარება სურდა? ჩვენ ჩვენს პრეზენტაციაში კოლოსალური თანხა, დაახლოებით 19 მილიონი ფუნტი დავხარჯეთ. ამ ფულის ჩადება ფეხბურთის განვითარებაში ჯობდა, ბავშვებს მაინც წაადგებოდათ.
ვერასოდეს წარმოვიდგენდით, რომ ასე მოხდებოდა, თორემ რომ წამითაც კი რომ გვეეჭვა, ამხელა ფულს წყალში არ გადავყრიდით. განა ლოგიკური არ არის? წარმოიდგინეთ, თუკი ფიფა განაცხადებდა, რომ მისთვის პრიორიტეტული იყო მსოფლიო პირველობის სადღაც სპარსეთის ყურეში ჩატარება, განა ამერიკელებიც ჩვენსავით არ მოიქცეოდნენ და უაზრო ბრძოლას არ შეწყვეტდნენ? რატომ არ იყო განსაზღვრული ეს უმარტივესი წესები ყველასთვის? სამომავლოდ მსგავსი წესების დანერგვა ყველასთვის უკეთესი იქნება. ჩვენთვისაც და თავად ფეხბურთისთვისაც.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"