დიმიტარ ბერბატოვი "მანჩესტერ იუნაიტედს" დატოვებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ბულგარელი თავდამსხმელი დიმიტარ ბერბატოვი "ოლდ ტრეფორდს" სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს.

2008 წელს "ეშმაკებს" ფეხბურთელის გადაბირება 30,75 მილიონი ფუნტი დაუჯდათ. ბულგარელმა პირველ სეზონში 14 გოლი გაიტანა, მეორეში - 12, გასულ წელს კი მის ანგარიშზე პრემიერლიგაში 22 ბურთი იყო, რისი წყალობითაც ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. თუმცა იმავე სეზონში მისი მანჩესტერული კარიერა ეჭვქვეშ დადგა. მიზეზი კი ის გახდა, რომ მწვრთნელი მას გადამწყვეტ შეხვედრებში არ ათამაშებდა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსელონასთან" სულაც განაცხადს მიღმა აღმოჩნდა. გასული
წლის დეკემბერში ბრიტანული პრესა ხან იმას წერდა, რომ კლუბი ბერბატოვთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას აპირებდა, ხან კი მის გაყიდვას წინასწარმეტყველებდა. თუმცა არც ერთი ვარაუდი არ გამართლდა. "იუნაიტედმა" ფეხბურთელი შეინარჩუნა.

ზემოთ მოყვანილი განცხადებით კი ჭორებს საბოლოოდ დაესვა წერტილი. დიმიტარი კლუბს ალბათ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, რადგან 30 ივნისს მის კონტრაქტს ვადა გასდის. "ბერბატოვი 31 წლისაა და რეგულარული სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.

მე კი მისთვის ამ გარანტიის მიცემა ძალიან გამიჭირდება. ასე რომ, პრაქტიკის ძებნა მას სხვა კლუბში მოუწევს," - განაცხადა ფერგიუსონმა BBC-ის ეთერში. აქ ერთი პირობაა: "იუნაიტედს" შეუძლია ისარგებლოს კონტრაქტით გათვალისწინებული უფლებით, ხელშეკრულება ავტომატურად გაახანგრძლივოს ერთი წლით და ფეხბურთელი ამის შემდეგ დააყენოს ტრანსფერზე, რათა ამ გზით გარკვეული თანხა მაინც აიღოს. ვნახოთ, გამოიყენებენ თუ არა ამ უფლებას მანკუნიანელები.

აქვე გაცნობებთ, რომ "წითელი ეშმაკების" ორმა ფეხბურთელმა გამოთქვა ზაფხულში ლონდონის ოლიმპიადაზე თამაშის სურვილი. პირველად მსგავსი განცხადება რაფაელ და სილვამ გააკეთა, ახლა კი თანაგუნდელს ტომ კლევერლიმ მიბაძა. უკანასკნელს იმის პერსპექტივაც იზიდავს, რომ სტიუარტ პირსის გუნდში დევიდ ბექჰემის გვერდით თამაში მოუწევს.

"ოლიმპიადაზე თამაში და საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვა ის მიზანია, რომელზეც ყველა ფეხბურთელი უნდა ოცნებობდეს. კარიერის განმავლობაში განსხვავებული შეგრძნებების განცდა ალბათ მშვენიერი იქნება. ოლიმპიადა კი ამისთვის შესანიშნავი წინაპირობაა. ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელებისთვის ზაფხული დიდი გამოცდა იქნება.

ჩვენ წინ ჯერ ევროპის ჩემპიონატი გველის, შემდეგ კი ლონდონის თამაშები. ძალიან ამაყი ვიქნები, თუკი ორივე ტურნირში თამაშის შანსი მომეცემა. ძალიან პატარა ვიყავი, როცა დევიდ ბექჰემის თამაშებს ვუყურებდი ხოლმე. მასთან ერთად მოედანზე გასვლა შესანიშნავი იქნება," - აცხადებს კლევერლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული