მატჩები უქმეებზე
17 მარტს ლონდონის "ქრეივენ კოტეჯზე" ერთმანეთს "ფულჰემი" და წინა ტურის უმთავრესი სენსაციის ავტორი "სუონსი" დაუპირისპირდებიან.
მასპინძლებმა მცირე წარმატებული სერიის შემდეგ გასულ უქმეებზე "ვილა პარკზე" 1:0 წააგეს. თანაც მოულოდნელი იყო, რომ მარტინ იოლის გუნდმა მეტისმეტად უსახურად ითამაშა. როგორც ჩანს, მათ საევროთასო ამბიციებს წერტილი დაესვა. საქმე მხოლოდ ქულებში ჩამორჩენა არ არის. კონკურენციაა
რაც შეეხებათ "გედებს", ბრენდან როჯერსის გუნდი გასვლაზე კარგი თამაშით არ გამოირჩევა. ისინი ქულათა მარაგის ზუსტად 2/3-ს "ლიბერთი სთედიუმზე" ივსებენ, თუმცა მას შემდეგ, რაც მათ წინა ტურში "ჩაიდინეს", მათგან ყველანაირი შედეგი მოსალოდნელია.
18 მარტს "ვულვერჰემპტონი" "მოლინიუზე" ევროპის ლიგაში შერცხვენილ "მანჩესტერ იუნაიტედს" მასპინძლობს. მოგეხსენებათ, ინგლისური ფეხბურთის ბოლო წლების ლიდერმა ბილბაოს "ატლეტიკთან" ორივე თამაში დათმო 2:3 და 0:1. "მგლებს" ძალიან უჭირთ. აშკარაა, რომ მიკ მაკარტის დათხოვნამ გუნდს კარგი არაფერი მოუტანა.
პირიქით, დროებითი მწვრთნელის ტერი კონორის თავკაცობით ისინი ჯერ "ფულჰემთან" განადგურდნენ 0:5, შემდეგ კი აუტსაიდერთა დერბიშიც უიმედოდ დამარცხდნენ "ბლექბერნთან" 0:2. "ეშმაკებთან" მატჩამდე კი სტივ მორგანმა როგორც იქნა იპოვა ახალი მწვრთნელი - გარი მეგსონს სადებიუტო შეხვედრაშივე უმძიმესი გამოცდა ელის.
"იუნაიტედზე" კი იმას ვიტყვით, რომ დარწმუნებულები ვართ, ევროპის ლიგიდან გამოვარდნა მათ ფორმიდან ვერ ამოაგდებს, რადგან ამ ტურნირს "ეშმაკები" ერთგვარი ამრეზითაც უყურებდნენ.
შუა კვირის ბრძოლები
რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ წინა ტურში "ასტონ ვილამ" შინაურ კედლებში გამარჯვების გემო მატჩის ბოლო წამებზე გატანილი გოლით გაიხსენა (ფულჰემი 1:0) და ახლა იმის შანსი ეძლევა, რომ მიჯრით მეორე სამი ქულა ჩაიჯიბოს. მით უფრო, რომ მას აუტსაიდერი "ბოლტონი" სტუმრობს.
წარმატების შემთხვევაში ალექს მაკლიშის გუნდი საბოლოოდ მოიშორებს ფიქრს კლასში შესაძლო დაქვეითებაზე. შოტლანდიელ მწვრთნელსაც მეტი რა უნდა? მის კისერზე ბოლო თვეებში მოჭერილი მარყუჟი ცოტა მოეშვება, რაც მშვიდად სუნთქვის საშუალებას მისცემს. თუმცა სტუმარი ასე მარტივად დანებებას არ აპირებს. ოუენ კოილს ნამდვილად არ ენდომება წინა ტურში გამარჯვების შემდეგ (ქუინზ პარკი 2:1) ხელახლა გასავარდნ ზონაში დაბრუნება. იქამდე კი მას კინკილა ქულა აშორებს.
ზედიზედ სამი წაგებული შეხვედრის შემდეგ "ტოტენჰემს" დიდი იმედი აქვს... იმედი აქვს კი არა ხმამაღლა აცხადებს, რომ გამარჯვების გზას უნდა დაუბრუნდეს, რათა ჩემპიონთა ლიგაში პირდაპირ გამსვლელი ადგილი შეინარჩუნოს.
ჰარი რედნაპის გუნდს ლაზარეთში ლიდერთაგან აარონ ლენონი და მაიკლ დოუსონი ჰყავს. ასე რომ, წესით, საკადრო პრობლემებმა "დეზებს" დიდად ხელი არ უნდა შეუშალოს. გუნდს ერთის ღირსეული შემცვლელიც მოეძევება და მეორისაც. "სტოკ სიტის" კი წინა ტურში ბრანისლავ ივანოვიჩის წინააღმდეგ ბინძური თამაშისთვის გაძევებული რიკარდო ფულერი დააკლდება.
"ტოტენჰემს" მესამე ადგილისთვის "არსენალი" ებრძვის. "მეთოფეებს" ძალიან რთული მატჩი ელით "გუდისონ პარკზე". ცხადია, "ლურჯები" სამშაბათს ლივერპულურ დერბიში განადგურების გამო (0:3) საკუთარი გულშემატკივრის წინაშე შეეცდებიან ბოდიშის მოხდას.
სტუმარი გუნდი, ისევე როგორც სჩვევია, ბოლო წამებამდე იბრძოლებს წარმატებისთვის. ბოლო ორი თამაში "არსენალმა" სწორედ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოიგო, ჯერ "ლივერპულთან" და შემდეგ კი "ნიუკასლთან".
მარკ ჰიუზის "ქუინზ პარკს" 4 თამაშია არ უმარჯვია, რის გამოც ის უკვე გასავარდნ ზონაში დაეშვა. თუმცა მას დიდ ოპტიმისტურ განწყობას არც "ლივერპულის" სტუმრობა უნდა უქმნიდეს. "წითლებმა" 3-თამაშიანი წაგებათა სერია "ევერტონთან" ბრწყინვალე გამარჯვებით შეწყვიტეს და ბუნებრივია, ამაღლებულ განწყობაზე იქნებიან.
ცენტრალური მატჩი
21 მარტს "ეტიჰად სთედიუმს" "ჩელსი" სტუმრობს. "მანჩესტერ სიტი" 18 მარტსვე შეიტყობს, ექნება თუ არა ცხრილის სათავეში დაბრუნების შანსი და ბუნებრივია, გუნდის წინასამატჩო განწყობაზე ეს დიდ გავლენას იქონიებს.
სტუმართა ფსიქოლოგიურ მდგომარეობას რაც შეეხება, არ გვგონია, ის კარდინალურად შეიცვალოს, რადგან ანდრე ვილაშ ბოაშის გუნდიდან გაშვების შემდეგ ლონდონელებმა მიყოლებით მესამე თამაში მოიგეს. თანაც აქედან ორჯერ პლეი ოფში.
რთული სათქმელია, რობერტო დი მატეომ დაატყო ხელი გუნდს, თუ უბრალოდ პორტუგალიელი დამრიგებლის დათხოვნამ იმოქმედა გუნდზე დადებითად, მაგრამ ფაქტია, "ჩელსი" ათამაშდა და ყველაზე მეტად ეს სიტყვა "ნაპოლისთან" მატჩზე ითქმის. იტალიური გრანდი ლონდონელებმა საკუთარი იარაღით, გააფთრებული შეტევებით დააშამათეს.
"სიტის" თავის მხრივ გულშემატკივრებთან ორმაგად მართებს რეაბილიტაცია. პირველ რიგში "სუონსისთან" წინა ტურში საშინელი ასპარეზობის და მერე ევროპის ლიგიდან გამოვარდნის გამო. "ქალაქელებს" უკანდასახევი გზა მოჭრილი აქვთ. მათ მშვენივრად ესმით, რომ კიდევ ერთი წაფორხილებაც და "ბრწინვალე შანსი" მიეცემათ, რომ სეზონი ტიტულების გარეშე დაასრულონ.
აპატიებენ თუ არა კლუბის ყატარელი მესაკუთრეები ასეთ ჩავარდნას რობერტო მანჩინის, არავინ იცის. პრინციპში პირველი მინიშნება უკვე გაჟღერდა. კლუბმა მწვრთნელის კონტრაქტის საკითხის განხილვა სეზონის ბოლოსთვის დანიშნა. ესე იგი, ბოსები საზაფხულოდ "წიწილების დათვლას" ელოდებიან.
ინგლისი. პრემიერლიგა. XXIX ტური
17 მარტი
ფულჰემი-სუონსი 19:00
ტრავმა: სიდუელი, ჰიუზი, გრიგერა - ბოდე, ორლანდი, აგუსტინი
დისკვალიფიკაცია: დაიერი (სუონ)
უიგანი-ვესტ ბრომვიჩი 19:00
ტრავმა: პოლიტი, ჯონსი, როდალიეგა, კრუსატი - ჯონსი, ტომასი, ენდრიუსი, რიდი, ოდემვინგე, ფულოპი, გერა
დისკვალიფიკაცია: ოლსონი (ვესტ)
18 მარტი
ვულვზი-მანჩესტერ იუნაიტედი 17:30
ტრავმა: ჰანტი, ჰენრი - ანდერსონი, ლინდეგორი, ვიდიჩი, ოუენი, ფლეტჩერი, ჯონსი, ნანი
ნიუკასლი-ნორვიჩი 20:00
ტრავმა: რეინჯერი, ს. ტეილორი, რ. ტეილორი, მარვო, ამეობი, ლოვენკრანდსი, ტიოტე - ტირნი, აიალა, რუდი, ვონი
დისკვალიფიკაცია: გოსლინგი (ნიუკ)
20 მარტი
ასტონ ვილა-ბოლტონი 23:45
ტრავმები: კლარკი, ბენტი, დანი, დელფი - ჰოლდენი, ლი, ალონსო, მირსი, იგლზი, გარდნერი
ბლექბერნი-სანდერლენდი 00:00
ტრავმები: სალგადო, ორი, გრელა - ბრამბლი, ბრაუნი, ბენდტნერი, რიჩარდსონი, ანხელერი, ვესტვუდი
დისკვალიფიკაცია: სესინიონი, კატერმოული (სანდ)
21 მარტი
მანჩესტერ სიტი-ჩელსი 23:45
ტრავმები: საბალეტა, კომპანი, ლესკოტი, ბერი (სიტი)
ტოტენჰემი-სტოკ სიტი 23:45
ტრავმები: გომეში, ჰადლსტოუნი, ლენონი, დოუსონი - სიდიბე
დისკვალიფიკაცია: ფულერი (სტოკ)
ევერტონი-არსენალი 00:00
ტრავმები: გიბსონი - სკილაჩი, კოკლენი, მერტეზაკერი, ფრიმპონგი, უილშირი, დიაბი
ქუინზ პარკი-ლივერპული 00:00
ტრავმები: მაკედა, კემპბელი, ჰელგუსონი, ჰოლი, ფორლინი, დაიერი, ტაარაბტი - ჯონსონი, ლეივა, აგერი
სატურნირო ცხრილი
ა თ მ ფ წ ბ ქ
1. იუნაიტედი 28 21 4 3 68-27 67
2. სიტი 28 21 3 4 69-20 66
3. ტოტენჰემი 28 16 5 7 52-34 53
4. არსენალი 28 16 4 8 57-39 52
5. ჩელსი 28 14 7 7 48-32 49
6. ნიუკასლი 28 12 8 8 40-41 44
7. ლივერპული 28 11 9 8 33-26 42
8. სანდერლენდი 28 10 7 11 36-31 37
9. ევერტონი 28 10 7 11 28:31 37
10. ფულჰემი 28 9 9 10 37-37 36
11. სუონსი 28 9 9 10 31-34 36
12. ნორვიჩი 28 9 9 10 39-45 36
13. სტოკ სიტი 28 10 6 12 27-39 36
14. ვესტ ბრომვიჩი 28 10 5 13 34-37 35
15. ასტონ ვილა 28 7 12 9 31-35 33
16. ბლექბერნი 28 6 7 15 40-60 25
17. ბოლტონი 28 7 2 19 31-57 23
18. ქუინზ პარკი 28 5 7 16 29-48 22
19. ვულვზი 28 5 7 16 30-58 22
20. უიგანი 28 4 9 15 24-53 21
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"