ერთი სიტყვით, ორ წელიწადში კაპელო მიდის, ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციას კი გამოცხადებული აქვს, რომ მისი შემცვლელი აუცილებლად ინგლისელი იქნება. ჰოდა, გამოკვეთნენ კიდეც ფიგურები, რომელთაც "ბრიტანეთის ყველაზე რთული თანამდებობის" დაკავების გამორჩეული შანსი აქვთ. ერთ-ერთი მათგანია "სანდერლენდის" თავკაცი სტივ ბრუსი, რომელმაც თქვა, რომ ახლა, როგორც მას ასევე სხვა კანდიდატებს თავის გამოჩენისთვის
"რასაკვირველია, ინგლისის ნაკრების მწვრთნელობა მინდა, - თქვა 49 წლის სპეციალისტმა, - საერთოდ, ყურადღების მიპყრობას იშვიათად ვცდილობ, საყვირების ჩაბერვა ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში არ დაგიმალავთ, რომ თუ შანსი მომეცემა, გამოვიყენებ. რატომაც არა? წარმოიდგინეთ, რამხელა პატივი და სიამაყეა. ყველამ კარგად ვიცით რა ჯოჯოხეთშიც ჰყოფს ადამიანი თავს, როდესაც ინგლისის ნაკრების მწვრთნელი ხდება, მაგრამ ეროვნული გუნდის ხელმძღვანელობა ცხოვრების უდიდესი მომენტია. ეს მომენტი თანმდევ კოშმარად ნამდვილად ღირს. თქმა არ უნდა, ამ თანამდებობას რომ თანხმდები, ძალიან სქელი კანი უნდა გქონდეს, თუმცა, ზოგადად, მწვრთნელობასაც რომ იწყებ, ეს თვისება მაინც გჭირდება. ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, რას ვიზამ შემდგომი 18 თვის განმავლობაში.
როგორ შევხვდები იმ მომენტს, როდესაც ინგლისის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობა მართლა ვაკანტური გახდება. იმ დროისთვის შესაძლოა ახალმა კანდიდატმა გადაჩრდილოს ყველა. მაგალითად, იან ჰოლოვეიმ. განა ბოლო დროს ვინმემ გააკეთა რაიმე ისეთივე ეფექტური, როგორც მან თავის "ბლექპულთან" ერთად? ალბათ, არა, მაგრამ ვიმეორებ, ყველაფერი მომენტის ამბავია. მთავარია რამდენად ეფექტური იქნები არა დღეს არამედ იმ მომენტისთვის, როდესაც ნაკრების მწვრთნელის დანიშვნას გადაწყვეტენ".
დღეს კიდევ ერთ მთავარ კანდიდატად ინგლისში "ბლექბერნის" თავკაცი სემ ელერდაისი მიაჩნიათ. ის ერთხელ უკვე იყო
თანამდებობასთან ძალიან ახლოს, როცა "ბოლტონში" მუშაობდა და წარმატებაც ჰქონდა, მაგრამ მაშინ ფეხბურთის ასოციაციამ სტივ მაკლარენის დანიშვნა ამჯობინა. მას შემდეგ "დიდმა სემმა" "ნიუკასლში" ვერ მიაღწია წარმატებას და რეპუტაციის აღდგენა უკვე "ივუდ პარკიდან" შეუდგა.
ელერდაისმა თქვა: "თანამდებობის დაკავება ადრეც მსურდა, ასე რომ, ჩემგან ასეთი პრეტენზიის გამოვლენა სიახლე არ არის. ინგლისის ნაკრების თავკაცობა საჩემო საქმეა. სხვა საქმეა, რომ როცა ამ თანამდებობაზე გნიშნავენ, შენც და შენი ოჯახიც დიდი დარტყმის ქვეშ დგებით. მახსოვს, ამ საკითხებზე ბოლოს ბობი რობსონსა და ტერი ვენეიბლზს ველაპარაკე. ორივემ ერთი და იგივე მითხრა - ინგლისის ნაკრების მწვრთნელობაზე დიდებულ საქმეს ცხოვრებაში ვერ ნახავო. ასე რომ გეტყვიან, ცხადია ბედის ცდა მოგინდება. თან, მნიშვნელოვანია, თავად რას გრძნობ, შეძლებ თუ არა დიდი ამოცანისთვის თავის გართმევას.
მე პრემიერლიგაში ათ წელიწადზე მეტი გამიტარებია და გუნდში რამდენიმე უმაღლესი კლასის ვარსკვლავიც მყოლია. დიდი სიამოვნებაა მსოფლიოს თუ ევროპის ჩემპიონთან ან ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთან მუშაობა. ახლა კი დროა, სანაკრებო დონეზეც მოვსინჯო ბედი და, კაცმა რომ თქვას, ეს ინგლისში მოხდება თუ სხვა ქვეყანაში, სულერთია. ისე, ნაკრების სათავეში ჩადგომა ახალგაზრდა კაცის საქმე არ არის... და კიდევ ერთი. თუ ფეხბურთის ასოციაციას ინგლისის ნაკრების მომავალი მწვრთნელის მთავარ ფუნქციად ამ ქვეყნის მოთამაშეების საუკეთესო თვისებათა გამოვლენა მიაჩნია, მაშინ მართალია, ინგლისელი მწვრთნელზე უკეთ ამ საქმეს ვერავინ გააკეთებს".