"ლივერპულის" და "ევერტონის" აქცია: არ იყიდოთ "სანი"!

AutoSharing Option
"ლივერპულისა" და "ევერტონის" გულშემატკივრები ასოციაციის თასის 1/2-ფინალური მატჩის დროს ერთობლივ აქციას მოაწყობენ "ჰილსბოროს ტრაგედიის" მსხვერპლთა პატივსაცემად.

ისინი "უემბლიზე" დაარიგებენ 30 ათას ცალ პლაკატს (20 ათასი წითლად, 10 ათასი ლურჯად, მერსისაიდული კლუბების ფერების შესაბამისად) წარწერით Don't buy the sun (არ შეიძინო "სანი"). ეს პოპულარულ ტაბლოიდს უკავშირდება, რომელმაც ტრაგედიის მეორე დღეს "ლივერპულის" გულშემატკივრებს ბრალად დასდო, რომ დაღუპულებს პირად ნივთებს პარავდნენო. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორები მოუწოდებენ ფანებს, მხარი აქტიურად დაუჭირონ, როგორც უშუალოდ თამაშის დღეს, ისე თამაშამდე დარჩენილ დღეებში სოციალური ქსელების საშუალებით.

ჯონ ოლდრიჯი: ეს
"ლივერპულის" კრიზისია

"ლივერპულის" ყოფილი ვარსკვლავის, 53 წლის ირლანდიელი ჯონ ოლდრიჯის შეფასებით, მისი ყოფილი კლუბი უმძიმეს დღეშია, მიუხედავად იმისა, რომ "წითლებმა" წელს ლიგის თასი მოიგეს და "უემბლიზე" ასოციაციის თასის ნახევარფინალშიც არიან გასულები.

მისი აზრით, ის, რომ ენფილდელებმა 2012 წელს ჩატარებული 12 შეხვედრიდან 8 წააგეს, სხვაგვარ შეფასებას არ იმსახურებს. აი, რა განუცხადა მან "ლივერპულ ექოს": "არასასიამოვნოა ამის თქმა, მაგრამ ფაქტია, რომ "ლივერპული" უმძიმეს დღეშია. ეს არის ყველაზე ცუდი სეზონი 1954 წლიდან მოყოლებული და როცა ამის გამო გულშემატკივარს შეკითხვები უჩნდება, მათზე პასუხის გაცემაა საჭირო.

მთელი მსოფლიო უყურებს "ლივერპულის" თამაშს და ვისაც არ ეზარება, ყველა აკრიტიკებს. ზურგს უკან ჩვენ უკვე დაგვცინიან კიდეც. არადა, ჩვენ ყველანი ვამაყობდით, რომ ვიყავით კლუბის ნაწილი და ძალასა და ღონეს არ ვიშურებდით წარმატებებისთვის. ახლა კი ფანების გულებში გაურკვეველი გრძნობები იბადება.

გუნდმა დაკარგა თავისი ძალების რწმენა. შეიძლება მთავარი მწვრთნელი და მისი შტაბი ყველაფერში დავადანაშაულოთ, მაგრამ მოედანზე ფეხბურთის სათამაშოდ ისინი ხომ არ გადიან? ფეხბურთელები, რომლებიც კოლოსალურ ხელფასებს იღებენ, გამოდიან სათამაშოდ და არაფერს განსაკუთრებულს არ გვიჩვენებენ. ზოგიერთმა სასწრაფოდ უნდა ჩაიხედოს სარკეში და ჰკითხოს თავის თავს, როცა მე "ლივერპულში" ვთამაშობ, მსოფლიოს ყველაზე დიდ კლუბში, მეტი რაღა მჭირდებაო.

ფეხბურთელებმა უნდა გვიჩვენონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ; განსაკუთრებით იმათ, ვინც კარიერას "ენფილდზე" ახლა იწყებს, სურთ თუ არა მომავალშიც ამ დიდი კლუბის წევრებად დარჩენა. მეტი პატივმოყვარეობის გამოჩენაა საჭირო. ის, რანაირადაც ისინი ახლა პრემიერლიგაში თამაშობენ, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს".

მერსისაიდელთა ბანაკში არსებულ ვითარებაზე გააკეთა კომენტარი კიდევ ერთმა ექსლივერპულელმა ჯონ ბარნსმაც. მისი თქმით, "წითლებმა" დრო უნდა მისცენ ენდი კეროლს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაყიდონ საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრისას. ბარნსის თქმით, ფეხბურთელის მთავარი პრობლემა გამოუცდელობაა.

კლუბისა და გულშემატკივრების მხრიდან სრული მხარდაჭერის შემთხვევაში კი მას შეეძლება "ენფილდზე" კარიერის გადარჩენა. "ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ენდის კიდევ ერთ სეზონს მივცემდი და ვნახავდი, თუ როგორ ათამაშდებოდა. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, რაც ლოგიკურად იწვევს ჩავარდნებს.

როცა მე "ლივერპულში" მოვედი, იქამდე "უოტფორდში" ვთამაშობდი და ნაკრებში 30 შეხვედრა მქონდა ჩატარებული. პიტერ ბერდსლიც გამოცდილი იყო უმაღლეს დონეზე და ჯონ ოლდრიჯიც. ენდიმ კი "ენფილდამდე" სულ რაღაც ერთი წელიწადი გაატარა ჩემპიონშიპში და ნახევარი სეზონი პრემიერლიგაში. ზუსტად ეს ხდება ჯონათან ჰენდერსონის თავსაც. "ლივერპულმა" ისინი 7-8 და შეიძლება 10 წლის პერსპექტივითაც იყიდა და არა ერთი კონკრეტული სეზონისთვის. ეს ფეხბურთელები უზარმაზარ პოტენციალს ფლობენ და შეუძლიათ, კლუბთან ერთად დიდ წარმატებებს მიაღწიონ," - აცხადებს ჯონ ბარნსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული