რობინ ვან პერსის გარდასახვა

AutoSharing Option
"არსენალის" 28 წლის ბომბარდირმა რობინ ვან პერსიმ ჟურნალისტებთან თავისი კარიერის განვითარების ეტაპებზე ილაპარაკა.

ჰოლანდიელის თქმით, "არსენალში" გადასვლის მომენტისთვის ის არ ელოდა, თუ საკუთარ თავში წმინდა ბომბარდირულ თვისებებს აღმოაჩენდა. ვან პერსის ნააზრევს მონოლოგის სტილში შემოგთავაზებთ:

"როცა "არსენალში" კარიერას ვიწყებდი, მხოლოდ მეორე თავდამსხმელის როლზე ვფიქრობდი. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუკი ოდესმე გუნდის ძირითადი თავდამსხმელი გავხდებოდი.

ემანუელ ადებაიორის "მანჩესტერ სიტიში" ტრანსფერის შემდეგ არსენ ვენგერმა გადაწყვიტა, ახალი თავდამსხმელი სხვაგან აღარ ეძებნა და ამ პოზიციაზე თამაში მე დამავალა. გულწრფელად გეტყვით, არ ვიყავი დარწმუნებული, რომ შესაფერისი კანდიდატურა
ვიყავი, მაგრამ ვენგერმა მითხრა, რომ მე ეს შემეძლო; უბრალოდ, უნდა მეცადა და თავად ვნახავდი, რაც გამომივიდოდა. მან ისიც მირჩია, რომ ძველებურად მეცადა თამაშისგან სიამოვნება მიმეღო და მხოლოდ გოლების გატანაზე არ მეფიქრა.

ჩემი გარდასახვა "ინტერთან" წინასასეზონო შეხვედრაში დაიწყო. იტალიელებს ერთხელ გავუტანე. თამაშის შემდეგ ვენგერმა გამომიცხადა, დარწმუნებული ვარ, ექსპერიმენტი შედეგს აუცილებლად გამოიღებს და ის უნდა გავაგრძელოთო. მომდევნო თამაშებში მხოლოდ საგოლე პასებს ვარიგებდი, თავად კი გატანა მიჭირდა; თუმცა მწვრთნელი მარწმუნებდა, რომ ჩემი გახსნა მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხი იყო. როგორც ყოველთვის, ის მართალი აღმოჩნდა. მალე 7 თამაშში 7 გოლი გავიტანე. ისე ძალიან გამიკვირდა, როცა ამდენი განსხვავება აღმოვაჩინე პირველი და მეორე თავდამსხმელების სპეციფიკაში.

მაგალითად ის, რომ სიღრმიდან თამაშისას მთელი მატჩი ერთ ტემპში მიხდებოდა გადაადგილება, ახლა კი 90 წუთის განმავლობაში მიწევს ტემპის კონტროლი, რაც ძალიან ძნელია. ახლა ამ პოზიციაზე თავს უკვე ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული