მაინც, რატომ არ ათამაშა ფერგიუსონმა რუნი შაბათს მისი ბავშვობის გუნდთან, "ევერტონთან"? თავად მწვრთნელმა განაცხადა, რომ
"ევერტონთან" შეხვედრამდე 24 საათით ადრე რუნიმ ჩვეულებრივ ივარჯიშა გუნდთან ერთად და სასტუმრო "ლოურიშიც" შეკრებაზე თანაგუნდელებთან ერთად იყო. სხვათაშორის, სასტუმრო "ლოური" ერთ-ერთი იმ ადგილთაგანია სადაც მას სკანდალური ამბები გადახდა თავს. ხოლო შაბათ დილას, როდესაც ფერგიუსონმა გამოაცხადა, რომ რუნი შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს (მანჩესტერს და ლივერპულს შორის 50 კილომეტრია და გუნდი თამაშზე შაბათს გაემგზავრა), მანჩესტერელთა ბანაკში ბევრმა გაოცებისგან პირი დააღო.
ეს ამბავი გასაოცარი იმიტომაც იყო, რომ თავად ფეხბურთელს ძალიან უნდოდა მოედანზე გასვლა. ბევრმა ისიც კი აღნიშნა, რომ ეს ფერგიუსონის საქციელს არ ჰგავდა - სერ ალექსი ჩვეულებრივ სხვანაირად იქცევა, ხოლმე. იხსენებდნენ დევიდ ბექჰემის, ერიკ კანტონას და კრისტიანო რონალდოს შემთხვევებს, როდესაც მწვრთნელმა ისინი პირდაპირ მოედანზე, ბრძოლაში დააბრუნა, მაგრამ იმასაც დასძენენ, რომ მათი შემთხვევები ფეხბურთთან იყო დაკავშირებული და არა სექსთან.
მოგეხსენებათ, "ევერტონისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრა 3:3 დასრულდა. მანჩესტერელები 3:1-ს იგებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა მსაჯის წამატებულ წუთებში მოახერხეს ორი გოლის გატანა და ანგარიშის გაქვითვა. მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ფერგიუსონის ასისტენტმა მაიკ ფილანმა სიტყვასიტყვით ასე თქვა: "რუნი მზად არ იყო", ხოლო "ევერტონის" თავკაცმა, სერ ალექსის თანამემამულემ და უმცროსმა მეგობარმა დევიდ მოიესმა რუნის "შინ" დატოვებაზე ასე ბრძანა:
"ყველაფერი ხალხის სამსჯავროზე კი არ უნდა გამოვიდეს. რა ხდება მისი ფეხბურთელების თავს ყველაზე კარგად მწვრთნელმა იცის და სერ ალექსმაც გააკეთა ის, რაც მისი აზრით დღეს ყველაზე სწორი იქნებოდა. შესაძლოა, ფერგიუსონის გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ ყველა, ვინც "იუნაიტედში" თამაშობს ვალდებულია ქცევის გარკვეულ ნორმებს დაექვებდებაროს და ამასთან, არავის უნდა ეგონოს, აქაოდა ვარსკვლავი ვარ, ჩემთვის ყველაფერი შეიძლებაო".
მაგრამ, სად-სად და ჩემპიონთა ლიგაში ვარსკვლავების გარეშე არაფერი გამოდის. ჯობს ფეხბურთელი პრემიერლიგის შეხვედრაში დასაჯო, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის მატჩში - ფერგიუსონმა კვირასვე გამოაცხადა, რომ რუნი "ოლდ ტრეფორდზე" "რეინჯერსთან" ითამაშებს. მართალია ფორვარდი "ევერტონთან" მოედანზე არ იყო, მაგრამ უქმადაც არ მჯდარა - მანჩესტერში დატოვებულ ფეხბურთელებთან ერთად კერინგტონის ბაზაზე ვარჯიშობდა. ისე კი, რომ იცოდეთ, გლაზგოელი ფანები იმუქრებიან, ბოლოდროინდელი ამბების გათვალისწინებით მაგ რუნის ტრიბუნიდან ნახეთ რა დღეში ჩავაგდებთო. თან, გაითვალისწინეთ, თამაში მანჩესტერშია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"