როგორ აქვს ლუკას ფეხი?

AutoSharing Option
ლუკა მოდრიჩს ფეხი არ მოუტეხავს! ამ სასიხარულო ცნობით ფრთაშესხმულმა "ტოტენჰემ ჰოთსპურის" მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა 25 წლის ხორვატს შეუცვლელი ფეხბურთელი უწოდა.

მოგეხსენებათ, შაბათს "სფურზმა" ვესტ ბრომვიჩში 1:1 ითამაშა და იმ შეხვედრაში მოდრიჩი დაშავდა. ექიმებს პირველი შთაბეჭდილება პესიმისტური ჰქონდათ, თითქოს შემტევმა ნახევარმცველმა შარშან მოტეხილი ძვალი დაიზიანა და ამიერიდან სამთვიანი მკურნალობა დასჭირდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, რენტგენზე საფუძვლიანად გაშუქების შემდეგ დადგინდა, რომ მას არაფერი სჭირს და ბრემენის "ვერდერის" წინააღმდეგ სათამაშოდ გერმანიაში გამგზავრება შეუძლია.

"მართალია, ჩვენ როგორც გუნდი ვართ ძლიერი, მაგრამ ყოველთვის, ყველგან არის ერთი ან
ორი ფეხბურთელი, რომლებიც მეტოქესთან განსხვავებას ქმნიან. ჩვენთან ერთ-ერთი ასეთი მოდრიჩი გახლავთ. ლუკა იმ დონის ფეხბურთელია, რომ მსოფლიოს ნებისმიერ კლუბში შეძლებდა თავის გამოჩენას. ის ტოპმოთამაშეა, ფანტასტიკურია. მე თუ მკითხავთ, ლუკა მოდრიჩის შეცვლა შეუძლებელია".

"ვესტ ბრომვიჩთან" შეხვედრაში "ტოტენჰემი" 27-ე წუთზე სწორედ მოდრიჩმა დააწინაურა, მაგრამ 32-ეზე ის დაშავდა და მოედნიდან მისი გასვლის შემდეგ "სფურზი" საკუთარ თავს აღარ ჰგავდა. შეგახსენებთ, რომ რედნაპის გუნდს ამ სეზონში უკვე დაუშავდა ორი წამყვანი ფეხბურთელი, ჯერმაინ დეფო და მაიკლ დოუსონი. მათ ტრავმები სანაკრებო შეხვედრებში მიიღეს და ახლა, როდესაც კარს ჩემპიონთა ლიგაა მომდგარი, კიდევ ერთი ვარსკვლავის გამოკლება კატასტროფა იქნებოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული