"ტოტენჰემმა" "ნორვიჩთან" მოულოდნელად დათმო შეხვედრა. "ნიუკასლმა", თავის მხრივ, მიყოლებით მეხუთე თამაში მოიგო (პირველად 6 წლის განმავლობაში). "ჩელსიმ" კი "ფულჰემთან" ლონდონური დერბი ფრედ დაასრულა, თორემ ქულებით ზემოთ ხსენებულ ორ გუნდს გაუთანაბრდებოდა.
მორიგი ნაბიჯი უკან
"უაით ჰართ ლეინზე" გამართული თამაშით დავიწყოთ, სადაც "ტოტენჰემმა" მორიგი უსახური მატჩი ჩაატარა და თამაშის შემდეგ ჰარი რედნაპს ათქმევინა, მესამე ადგილი კი სჯობს, მაგრამ საბოლოოდ არც მეოთხეს დავიწუნებთო.
"დეზები"
"დეზებს" ბოლო 8 ტურში ერთადერთი მოგება აქვთ და ჩემპიონატის დარჩენილ შეხვედრებში იმის იმედი თუ ექნებათ, რომ მეტოქეებთან შედარებით იოლი კალენდარი აქვთ. მათთვის დამატებითი ტვირთია ასოციაციის თასის 1/2-ფინალური შეხვედრაც "ჩელსის" წინააღმდეგ.
მოკლედ რომ ვთქვათ, "ტოტენჰემი" უფსკრულის პირასაა და გადაჩეხვას ცოტა უკლია.
ახლა კი გოლებზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ანგარიში მე-13 წუთზე გაიხსნა და ეს ცოტა კურიოზულ სიტუაციაში მოხდა. იუნეს კაბულმა, ამოტანის ნაცვლად, ბურთი ელემენტარულ სიტუაციაში ვერ დაამუშავა და მეტოქეს ჩააბარა. "იადონებმა" "ტოტენჰემის" საჯარიმოსთან ბურთი მარტივად გაითამაშეს. შეცდა ლედლი კინგიც. საბოლოოდ ენტონი პიკლინგტონს ბურთი სწორედ მასპინძელთა კაპიტნისგან მიუვიდა. ბრედ ფრიდელი უძლური აღმოჩნდა.
33-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. ჯერმეინ დეფო, ჯეიკ ლივერმორის ფანტასტიკური პასის წყალობით, ჯონ რადისთან პირისპირ დარჩა და ბურთი თავზე გადაუგდო.
ბოლო გოლის აღწერაც მარტივად შეიძლება. 66-ე წუთზე სტუმარმა ელიოტ ბენეტმა ბურთი კარიდან 30 მეტრში მიიღო. დაინახა რა მის წინ ცარიელი სივრცე, დაიძრა, მიუახლოვდა საჯარიმოს და შორეულ კუთხეში მძლავრად დაარტყა. ფრიდელი გუნდს ამ შემთხვევაშიც ვერას უშველიდა.
პირველად 6 წლის შემდეგ
"ნიუკასლმა" თავისი თამაში იოლად მოიგო. ულამაზესი ბურთი შეაგდო ჰატემ ბენ არფამ, პაპის სისემ კი ბოლო ხუთ ტურში უკვე მე-8 გოლი გაიტანა.
"კაჭკაჭები" ფანტასტიკურ ფორმაში არიან. მიუხედავად ყველაფრისა, მათი გასვლა ჩემპიონთა ლიგაში მაინც საეჭვოა, რადგან ჩრდილოინგლისელებს ბოლო სამ ტურში უმძიმესი გამოცდები ელით ჯერ "ჩელსისთან", მერე "მანჩესტერ სიტისთან" და ბოლოს "ევერტონთან".
ბენ არფაზე ზემოთაც ვთქვით... 73-ე წუთზე ფრანგმა შუახაზელმა პატარა შედევრი შემოგვთავაზა. მან საკუთარ ნახევარზე ზურგით მდგარმა თანაგუნდელის პასი ქუსლით გაიგდო, შემობრუნდა, გზად 3 მეტოქე ჩამოიცილა, გავიდა ადამ ბოგდანთან პირისპირ და უნგრელს შანსი აღარ დაუტოვა.
ამან ჯორდებში ენერგიის ისეთი მოზღვავება გამოიწვია, რომ თამაშის ბედი მალე გადაწყვიტეს. ყველაფერი შოლა ამეობისა და ტიმ რიდის "ჭიდაობით" დაიწყო, რომელშიც გამარჯვებული მასპინძელთა ფორვარდი გამოვიდა. ის მიუახლოვდა საჯარიმოს და პაპის სისეს ბურთი ფეხზე დაასვა. სენეგალელს 2 მეტრიდან ცარიელ კარში გატანა აღარ გასჭირვებია.
დაუნდობელი ევერტონი
თითქოს თანაბარი ძალის გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს "გუდისონ პარკზე", მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით იყო ასე.
პირველი გოლი "შავი კატების" დაცვის უსუსურ თამაშს მოჰყვა. "ევერტონმა" სამჯერ სცადა კარში დარტყმა. მაგაი გუიეს ბოლო მცდელობა წარმატებული გამოდგა. 75-ე წუთიდან კი "ევერტონმა" გაილაღა და 7 წუთში 3-ჯერ გაიტანა.
პიენაარმა საჯარიმოს კუთხიდან შორეულ ძელთან ჩაახვია. 1 წუთში იგივე გაიმეორა ლეონ ოსმანმაც. 81-ეზე წერტილი შეცვლაზე შესულმა ვიქტორ ანიჩებემ დასვა. ნიგერიელს ჯეკ კოლბეკის მცირე რიკოშეტმაც გაუმართა ხელი.
გერმანულენოვანები ვილა პარკზე
საინტერესო თამაში გაიმართა ბირმინგემში, სადაც "ასტონ ვილამ" "სტოკ სიტის" უმასპინძლა. შეხვედრაში ორი ეფექტური გოლი გავიდა.
32-ე წუთზე ანგარიში ავსტრიელმა ანდრეას ვაიმანმა გახსნა, ვინც ხანგრძლივი გათამაშების შემდეგ საჯარიმოს მარცხენა კუთხიდან შორეულ ძელთან "ჩასვა" მოჭრილი დარტყმა. მას რობერტ ჰუთმა 71-ე წუთზე უპასუხა. ახმახმა გერმანელმა ორჯერ სცადა თავურით გათანაბრება. მესამედ მას ყველაფერი გამოუვიდა.
ფიქრით თასის ნახევარფინალში
9 აპრილს ყველაზე გვიან თამაში "ქრეივენ კოტეჯზე" დაიწყო. "ჩელსის" რომ ემარჯვა, საინტერესო სიტუაცია შეიქმნებოდა. მე-4-მე-6 ადგილებზე გამაგრებულ გუნდებს იდენტური მონაცემები უხდებოდათ - 17 მოგება, 8 ფრე, 8 წაგება. თუმცა ასე არ მოხდა და რომ არ მოხდა, ლოგიკურიც არის. "ლურჯებს" 3 ქულა არ ეკუთვნოდათ.
სტუმარს ნახევარი ძალით სურდა მოგება, რადგან რობერტო დი მატეომ ასოციაციის თასის 1/2-ფინალის წინ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა. პირველი ტაიმის დასრულებას არაფერი უკლდა, როცა დენი მერფიმ სალომონ კალუს წინააღმდეგ საჯარიმოში დაარღვია თამაშის წესები. პენალტი ფრენკ ლემპარდმა გამოიყენა.
82-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. მიუხედავად იმისა, რომ რაიან ბერტრანი ხელს უშლიდა, პეტრ ჩეხმა აარონ ჰიუზის თავური სასწაულ ნახტომში კუთხურზე გადააგდო. სტანდარტულის გათამაშების შემდეგ დიქსონ ეტუჰუმ ჯონ ტერი მოხერხებულად დაკეტა, რითაც კლინტ დემპსიმ ისარგებლა და ბურთი საკმაოდ რთული ტრაექტორიით გაახვია ბადეში.
აღსანიშნავია, რომ ფრენკ ლემპარდისთვის მარკ შვარცერის კარში გატანილი პენალტი 150-ე აღმოჩნდა პრემიერლიგაში. ამით ის ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ნახევარმცველი გახდა.
"სიხარულის საბაბს მაინცდამაინც ვერ ვხედავ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს თამაში წავაგეთ. როცა ფეხბურთიდან წავალ, მერე ამ მიღწევის გახსენება სასიამოვნო იქნება, მაგრამ ახლა ამისთვის არ მცალია, რადგან 3 ქულის გარეშე დავრჩით", - განუცხადა ფრენკ ლემპარდმა "სქაი სპორტს".
პრემიერლიგა. XXXIII ტური
10 აპრილი
ბლექბერნი-ლივერპული 2:3
ბლექბერნი (4-4-1-1): რობინსონი - მარტინ ოლსონი, ჰენლი, ს. დანი, ორი - მარკუს ოლსონი, ნზონზი, დ. დანი (75. ლოუი), ჰოილეტი - ფორმიკა (73. როჩინა) - აიგბენი
ლივერპული (4-4-2): დონი - ფლენაგანი (25. ბ. ჯონსი), კოატესი, შკრტელი, გ. ჯონსონი (53. აგერი) - ჰენდერსონი, შელვი, სპირინგი, მ. როდრიგესი (77. ხ. ენრიკე) - ბელამი, კეროლი
გოლები: 0:1 მ. როდრიგესი (13), 0:2 მ. როდრიგესი (16), 1:2 აიგბენი (36), 2:2 აიგბენი (61), 2:3 კეროლი (90+1)
25-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა აიგბენიმ
გაფრთხილება: ორი, ჰოილეტი, ფორმიკა, ჰენლი - ფლენაგანი, მ. როდრიგესი, ბ. ჯონსი, ბელამი, ჰენდერსონი
გაძევება: - დონი (25)
კარში დარტყმა: 13-9(7-5), კუთხური: 4-4, ჯარიმა: 15-15, თამაშგარე: 1:3 ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 23 571
11 აპრილი
მანჩესტერ სიტი-ვესტ ბრომვიჩი 22:45
უიგანი-მანჩესტერ იუნაიტედი 22:45
ვულვზი-არსენალი 22:45
ქუინზ პარკი-სუონსი 23:00
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუნაიტედი 32 25 4 3 78-27 79
2. სიტი 32 22 5 5 75-26 71
3. არსენალი 32 19 4 9 63-41 61
4. ტოტენჰემი 33 17 8 8 57-38 59
5. ნიუკასლი 33 17 8 8 50-42 59
6. ჩელსი 33 16 9 8 56-38 57
7. ევერტონი 33 13 8 12 38-34 47
8. ლივერპული 33 12 10 11 40-36 46
9. ფულჰემი 33 11 10 12 43-43 43
10. ნორვიჩი 33 11 10 12 46-52 43
11. სანდერლენდი 33 11 9 13 42-41 42
12. სტოკ სიტი 33 11 9 13 32-45 42
13. ვესტ ბრომვიჩი 32 11 6 15 39-43 39
14. სუონსი 32 10 9 13 35-41 39
15. ასტონ ვილა 32 7 14 11 35-44 35
16. ბოლტონი 32 9 2 21 36-65 29
17. ქუინზ პარკი 32 7 7 18 35-56 28
18. ბლექბერნი 33 7 7 19 45-70 28
19. უიგანი 32 6 10 16 30-57 28
20. ვულვზი 32 5 7 20 34-70 22
ბომბარდირები
26 - რობინ ვან პერსი (არსენალი); 22 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 17 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 16 - იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი), დემბა ბა (ნიუკასლი); 14 - კლინტ დემპსი (ფულჰემი), 13 - ედინ ჯეკო, მარიო ბალოტელი (ორივე მანჩესტერ სიტი), ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"