ლონდონის "ჩელსისთან" სკანდალური მატჩის შემდეგ "უიგანის" მთავარ მწვრთნელს, რობერტო მარტინესს სასტარტო შემადგენლობაში ცვლილება არ შეუტანია.
აუტსაიდერმა, რომელიც კედელთან იყო მიყენებული, დაამტკიცა, რომ მსგავს სიტუაციაში ყველა მეომარი ბოლომდე იბრძვის და რომ ამ დროს მტერი ჩვეულებრივზე საშიში ხდება. "დი ვი სტედიუმზე" მასპინძელმა ალალად დაიმსახურა 3 ქულა.
პირველი ტაიმი მოულოდნელი სცენარით წარიმართა: იშვიათი იყო კარის მიმართულებით დარტყმები. ზოგადადაც, სიტუაცია საჯარიმოში იშვიათად მწვავდებოდა, მაგრამ მაინც - "უიგანმა" მოქმედი და დიდი ალბათობით მაინც მომავალი ჩემპიონი თამაშით დაჩაგრა.
30-ე წუთზე ვიქტორ მოზესმა კუთხურის გათამაშების
ამ შემთხვევაში გულწრფელად უნდა აღვნიშნოთ 2 მომენტი: 1. ფილ დაუდმა და მისმა ასისტენტმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს - გარი კოლდუელი ესპანელ მეკარეს ნამდვილად უშლიდა ხელს; 2. ასეთ მომენტებში ყველა არბიტრი გოლს არ აუქმებს.
"იუნაიტედმა" რაიან გიგზის ერთადერთი დარტყმით უპასუხა, მაგრამ მას სახიფათოს ვერ დავარქმევთ. უელსელის დარტყმა მცველმა დაბლოკა.
სერ ალექს ფერგიუსონი თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილო იყო. მან შესვენებაზევე მიმართა ცვლილებებს - ეშლი იანგის ნაცვლად მოედანზე ტომ კლევერლი შევიდა (ტომი შარშან სწორედ "უიგანში" თამაშობდა იჯარით).
მეორე ნახევარი "ეშმაკებისთვის" შოკით დაიწყო: კუთხურის გათამაშების შემდეგ შონ მელონიმ საჯარიმოს ხაზის გასწვრივ ცოტა ირბინა და დე ხეას ბურთი შორეულ არცთუ მაღალ კუთხეში ჩაუხვია.
"იუნაიტედი" უკვე დიდი ძალებით წავიდა წინ, მაგრამ მასპინძელი იმდენად ორგანიზებულად იცავდა თავს, რომ მეტოქეს შანსს თითქმის არ აძლევდა. პირიქით. 82-ე წუთზე "უიგანს" აქეთ შეეძლო "იუნაიტედის" კარის აღება. კონორ სემონმა იოლად შეაღწია საჯარიმოში, იოლად ჩამოიშორა მცველი და დასარტყმელად მოჰამედ დიამეს დაუგორა, მაგრამ თავგანწირვით ითამაშა რიო ფერდინანდმა, ვინც ფრანგის დარტყმას წინ აღუდგა. დამატებაზე მოზესს შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.
სტუმართა მხრიდან გატანა შეეძლო შეცვლაზე შესულ დენი უელბეკს, მაგრამ მას ორჯერვე ალი ალ ჰაბსი აღუდგა წინ.
ასეთი სიტი საშიშია
"იუნაიტედისა" და "სიტის" თამაშები პარალელურად მიდიოდა. ბუნებრივია, რობერტო მანჩინის შეგირდებს სრული ინფორმაცია ჰქონდათ იმაზე, თუ რა ხდებოდა პარალელურად "დი ვი სტედიუმზე". უიგანში ერთადერთი გოლი 50-ე წუთზე გავიდა. ახლა ნახეთ, რომელ წუთებზე "გადაირია" "სიტი" - 54-ე, 61-ე და 63-ე. შონ მელონის გოლმა "ეტიჰადზე" თამაშს დამატებითი სიჩქარე და სანახაობა შემატა.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ კარლოს ტევესის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნება. ბოლოს არგენტინელს ძირითადში გასული წლის 10 სექტემბერს მე-3 ტურში "უიგანთან" ჰქონდა ნათამაშები. კარლოსმა მიმდინარე სეზონში პირველი გოლი შეაგდო. მეორე არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა კუნ აგუერომ კი დაამტკიცა, რომ გოლების გატანა არ დავიწყებია. პირველი წრეში მას ბევრად უკეთესი შედეგი ჰქონდა.
დეკემბრის აქეთ კი სერხიოს ანგარიშზე სულ 4 შედეგიანი დარტყმა იყო.
თამაში სწორედ დიეგო მარადონას სიძის სოლოთი გაიხსნა. კუნმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, მიუახლოვდა საჯარიმოს და დაარტყა. ბენ ფოსტერი უძლური იყო, რამე ეღონა.
31-ე წუთზე ტევესის პასით თავდამსხმელის პოზიციაზე მიკა რიჩარდსი გაჩნდა, რომელმაც დარტყმა მეკარეს კი ააცილა, მაგრამ თავგანწირვით ითამაშა ბილი ჯონსმა, ვინც დარტყმა თავით გამოიტანა თუ უბრალოდ მოხვდა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, გოლი არ გასულა.
54-ე წუთზე დიდი ხნის წინ დავიწყებული საქმე სამირ ნასრიმ გაიხსენა და საგოლე გადაცემა გააკეთა (დეკემბრის აქეთ პირველად). მისი პასი ისევ აგუერომ შეირგო. ორიოდე წუთში გატანა უკვე ფრანგს მართებდა, მაგრამ მან ფოსტერის კარს ააცილა.
61-ე წუთზე აგუერომ წამოიწყო კომბინაცია, რომელიც ტევესმა დააგვირგვინა. მატჩს წერტილი დავიდ სილვამ დაუსვა. თავის მხრივ ესპანელმა 2012 წელს პირველი გოლი გაიტანა.
უკვე ჩემპიონშიპში
დაბოლოს, მოკლედ 33-ე ტურის დამაგვირგვინებელი დღის მესამე საინტერესო თამაშზეც უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა. "არსენალმა" ბოლო 10-იდან მე-9 მატჩი მოიგო და მესამე ადგილს ისე ჩააფრინდა, რომ არ გვგონია, არსებობდეს თუნდაც ყველაზე პესიმისტი პროგნოზისტი, ვინც მომდევნო წელს ლონდონელთა საჩემპიონთალიგო პერსპექტივას ეჭვქვეშ დააყენებდა.
"ვულვზის" სათამაშო ფორმიდან გამომდინარე, გამარჯვებულის გამოცნობა წინასწარ ისედაც იოლი გახლდათ, მაგრამ მას მერე, რაც მასპინძლები მე-6 წუთზე 10 კაცით დარჩნენ (ტეო უოლკოტის წინააღმდეგ "ბოლო იმედის ჯარიმისთვის"), ყველაფერი ცხადი გახდა.
ვან პერსიმ პენალტი იოლად გაიტანა. მალე ამას უოლკოტი-ვან პერსი-უოლკოტის კომბინაცია და 0:2 მოჰყვა. მესამე გოლი იოსი ბენაიუნმა საჯარიმოს გარედან შეაგდო.
ინგლისი. პრემიერლიგა. XXXIII ტური
ევერტონი-სანდერლენდი 4:0
საუკეთესო: ლეონ ოსმანი (ევერტონი)
ნიუკასლი-ბოლტონი 2:0
საუკეთესო: პაპის სისე (ნიუკასლი)
ტოტენჰემი-ნორვიჩი 1:2
საუკეთესო: გარეთ ბეილი (ტოტენჰემი)
ასტონ ვილა-სტოკ სიტი 1:1
საუკეთესო: ჯონათან უოლტერსი (სტოკ სიტი)
ფულჰემი-ჩელსი 1:1
საუკეთესო: კლინტ დემპსი (ფულჰემი)
ბლექბერნი-ლივერპული 2:3
საუკეთესო: იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი)
მანჩესტერ სიტი-ვესტ ბრომვიჩი 4:0
საუკეთესო: დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი)
უიგანი-მანჩესტერ იუნაიტედი 1:0
საუკეთესო: უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)
ვულვერჰემპტონი-არსენალი 0:3
საუკეთესო: რობინ ვან პერსი (არსენალი)
ქუინზ პარკი-სუონსი 3:0
საუკეთესო: გულფი სიგურდსონი (სუონსი)
ტურის ფეხბურთელი
შონ მელონი (უიგანი)
შონ მელონიმ გააკეთა ის, რასაც მთელი ინგლისი ელოდა. არა იმიტომ, რომ ვიღაცას "იუნაიტედის" წარუმატებლობები განსაკუთრებულად უხარია, არამედ იმიტომ, რომ ყველაფერ ადამიანურს აქვს საწყისი და დასასრული. "ეშმაკებიც", რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, ადამიანები არიან და ოდესღაც ისინიც უნდა დამარცხებულიყვნენ.
ტურის მწვრთნელი
რობერტო მარტინესი (უიგანი)
"უიგანის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი პრემიერლიგის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია. პროვინციულ კლუბს ის სათავეში უკვე 3 წელიწადია უდგას და სულ მუდამ ელიტიდან გასავარდნად აქვს საქმე, მაგრამ წელს რომ გაუჭირდა, მსგავსი ჯერ არაფერი უნახავს. 2009/10 და 2010/11 წლების სეზონებში მისმა გუნდმა ორჯერვე მე-16 ადგილი დაიკავა. იმისთვის, რომ კუთვნილი ადგილი ხელიდან არ გაუშვას, მარტინესს სასწაულის მოხდენა მართებს. "იუნაიტედის" დამარცხება ერთ-ერთი ასეთი სასწაული იყო. წინ კიდევ 5 ტურია...
ტურის სიმბოლური ნაკრები
ალი ალ ჰაბსი (უიგანი) - რასელ მარტინი (ნორვიჩი), გარი კოლდუელი (უიგანი), ანტონ ფერდინანდი (ქუინზ პარკი), გაელ კლიში (მანჩესტერ სიტი) - ტეო უოლკოტი (არსენალი), ჯოი ბარტონი (ქუინზ პარკი), ლეონ ოსმანი (ევერტონი) - რობინ ვან პერსი (არსენალი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი)
სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი EA SPORTS-ის მიხედვით:
1. უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 739
2. რობინ ვან პერსი (არსენალი) - 725 ქულა
3. ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი) - 595
4. დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი) - 536
5. მიკელ არტეტა (არსენალი) - 508
ზოგადი სტატისტიკა დღეისთვის:
329 მატჩი
251 მოგება
78 ფრე
173 მშრალად შენახული კარი
920 გოლი
4 779 ზუსტი დარტყმა კარში
3 682 აცილება
531 ფეხბურთელი
68 ეროვნების მოთამაშე
16 ჰეთ თრიკი
1033 ყვითელი ბარათი
60 წითელი ბარათი
11 322 006 ფანი ტრიბუნებზე
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუნაიტედი 33 25 4 4 78-28 79
2. სიტი 33 23 5 5 79-26 74
3. არსენალი 33 20 4 9 66-41 64
4. ტოტენჰემი 33 17 8 8 57-38 59
5. ნიუკასლი 33 17 8 8 50-42 59
6. ჩელსი 33 16 9 8 56-38 57
7. ევერტონი 33 13 8 12 38-34 47
8. ლივერპული 33 12 10 11 40-36 46
9. ფულჰემი 33 11 10 12 43-43 43
10. ნორვიჩი 33 11 10 12 46-52 43
11. სანდერლენდი 33 11 9 13 42-41 42
12. სტოკ სიტი 33 11 9 13 32-45 42
13. ვესტ ბრომვიჩი 33 11 6 16 39-47 39
14. სუონსი 33 10 9 14 35-44 39
15. ასტონ ვილა 32 7 14 11 35-44 35
16. ქუინზ პარკი 33 8 7 18 38-56 31
17. უიგანი 33 7 10 16 31-57 31
18. ბოლტონი 32 9 2 21 36-65 29
19. ბლექბერნი 33 7 7 19 45-70 28
20. ვულვზი 33 5 7 21 34-73 22
ბომბარდირები
27 - რობინ ვან პერსი (არსენალი); 22 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 19 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 16 - იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი), დემბა ბა (ნიუკასლი), კლინტ დემპსი (ფულჰემი); 13 - ედინ ჯეკო, მარიო ბალოტელი (ორივე მანჩესტერ სიტი), ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი), გრანტ ჰოლტი (ნორვიჩი)
ასისტენტები
12 - დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი), ანტონიო ვალენსია (მანჩესტერ იუნაიტედი); 11 - ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი), ხუან მატა (ჩელსი); 10 - რობინ ვან პერსი (არსენალი); 9 - ალექს სონგი (არსენალი), სამირ ნასრი (მანჩესტერ სიტი), სტეფან სესინიონი (სანდერლენდი); 8 - გარეთ ბეილი (ტოტენჰემი), რაიან გიგზი, ლუიშ ნანი (ორივე მანჩესტერ იუნაიტედი) ტეო უოლკოტი, (ორივე არსენალი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"