რეინჯ როვერების შერიგება: კოლინმა რუნის აპატია

AutoSharing Option
უეინ რუნი ცოლს შეურიგდა. ინგლისურმა ტაბლოიდებმა 24 საათიანი მორიგეობა დააყენეს და დააფიქსირეს, რომ რაც რუნების გარშემო სკანდალი ატყდა ვარსკვლავის მეუღლე პირველად მივიდა ჩეშირში მდებარე 4 მილიონ ფუნტად ღირებულ სახლში. ეს დაახლოებით პირველის ნახევარზე მოხდა. კოლინი თავისი "რენჯ როვერით" იყო. მან საბარგულიდან ტანსაცმელი გადმოიტანა - მოკლედ, დაბრუნდა.

დაახლოებით სამის თხუთმეტ წუთზე კი სახლს მეორე "რეინჯ როვერიც" მიადგა. ეს უკვე უეინის მანქანა იყო. "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდს დილით ვარჯიში ჰქონდა. მალე კოლინის მშობლებმა დედ-მამას ათი თვის ბიჭუნა კაიც მიუყვანეს. შემდეგ, ექვსის ნახევარზე, უეინი
კიდევ სადღაც გავიდა და ასე შემდეგ - ჩვეულებრივი ცხოვრება გაგრძელდა.
მაშ ასე, შერიგდნენ, მაგრამ როგორ? რამ მოულბო კოლინ რუნის გული? ბარემ შეგახსენებთ სკანდალის მიზეზსაც: გაზეთებში დაიბეჭდა, რომ ცოლის ფეხმძიმობის დროს უეინი მას მეძავთან ღალატობდა.

როგორც გაირკვა კოლინის გულის მოლბობაში თავისი როლი უეინის მოკრივე ძმაკაცმა, ყოფილმა ჩემპიონმა და თავადაც სკანდალებში (ოღონდ, კოკაინთან დაკავშირებულ) გახვეულმა რიკი ჰატონმა ითამაშა. დაბეჯითებით არის ცნობილი, რომ ის კოლინს შეხვდა და მთელი ხუთი საათის განმავლობაში უმტკიცებდა, რომ უეინს უნდა შერიგებოდა. როგორც ჩანს, მოკრივის შემართებამ გარკვეული როლი მართლაც ითამაშა, მაგრამ მთავარი ეს მაინც არ იყო. მთავარი - კოლინის ავადმყოფი და - როზი გახლდათ. სიკვდილთან მებრძოლმა 12 წლის ბავშვმა დასა და სიძეს თავისი უმძიმესი მდგომარეობით აღუდგინა ოჯახი - როცა უეინმა გაბუტულ ცოლთან ტელეფონით ლაპარაკი მოახერხა, და ქალმა დის მდგომარეობა აღუწერა, ფეხბურთელმა გამოუცხადა - სულ რომ გამაგდო, მძიმე წუთებში როზის გვერდით უნდა ვიყოო...

აი, ამას მოჰყვა ყველაფერი. შემდეგ, უკვე პირადი შეხვედრისას, რუნი ბოდიშებად დაიღვარა, კოლინს აღუთქვა, რომ ამიერიდან რაც უნდა მოხდეს სანიმუშო ქმარი იქნება და ფეხბურთისა და ოჯახის გარდა აღარაფერზე იფიქრებს.
"თუმცა უპირველეს ყოვლისა მან მართლაც როზის ნახვა ითხოვა, - უამბო ტაბლოიდებს მავანმა ახლობელმა, - და დასძინა, რომ ოჯახისთვის ასეთ მძიმე დროს ამდენი ტკივილის გამოწვევის გამო დანაშაულის გრძნობა აღარასდროს დასტოვებს. ის მართლაც განადგურებული ჩანდა და ამან კოლინს გული მოულბო".

რუნიმ სიდედრ-სიმამრსაც საგანგებოდ მოუბოდიშა, ხოლო მეუღლეს აღუთქვა, რომ ამიერიდან ღამღამობით დროის სატარებლად ფეხს აღარ გაადგამს. სერ ალექს ფერგიუსონმა კი განაცხადა, რომ სწორად მოიქცა, როდესაც რუნი "ევერტონის" წინააღმდეგ არ ათამაშა. ამ თემაზე მას ჟურნალისტებმა ჩამოუგდეს სიტყვა. მათ აინტერესებდათ ხომ არ ნანობს შოტლანდიელი "გუდისონ პარკის" ამბავს. შეგახსენებთ, რომ რუნის გარეშე "მანჩესტერ იუნაიტედი" "ევერტონთან" მართალია 3:1-ს იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და შეხვედრა 3:3 დასრულდა.

"რასაკვირველია სწორად მოვიქეცი, - მტკიცედ უპასუხა ფერგიუსონმა, - მისი იმ სტადიონზე გაშვება როგორ შეიძლებოდა?! როგორც ფეხბურთელი რუნი, "ევერტონთან" სათამაშოდ, რასაკვირველია, მზად იყო. მას თავისი ოსტატობა და უტეხი სული ადრეც ბევრჯერ გამოუმჟღავნებია. ნაკრების შემადგენლობაში შვეიცარიასთან კარგად თამაშმა უეინს განსაკუთრებით შეასხა ფრთები, მაგრამ "გუდისონ პარკზე" გასვლისგან მაინც ჯობდა თავი შეეკავებინა". შეგახსენებთ, რომ "ევერტონი" რუნისთვის ბავშვობის გუნდია და "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას მისი ფანები თავდამსხმელს ღალატად უთვლიან.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული