სად მეცნიერება და სად... ჰარი რედნაპი

AutoSharing Option
ორიოდ დღის წინ მოგახსენებდით, რომ "ტოტენჰემის" მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა განაცხადა, 2012 წელს, როდესაც ფაბიო კაპელო ინგლისის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგება, მე ნუ მომმართავთ, რადგან ნაკრების სათავეში ჩადგომა ჩემს ინტერესებში არ შედისო.

ჩემპიონთა ლიგაში "ვერდერთან" შეხვედრის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე რედნაპმა ნაკრებისადმი ოდნავ განსხვავებული დამოკიდებულება გამოამჟღავნა. მას "მთავარ ინგლისურ საქმეზე" კატეგორიული უარი არ განუცხადებია, რაც ნებისმიერ წუთს მზადყოფნად ჩამოართვეს და ისიც კი დაწერეს, რომ ჰარი ამიერიდან კაპელოს სავარაუდო შემცვლელთა შორის უპირველესი კანდიდატია. თუმცა, თავიდან ლაპარაკი საკუთარი შესაძლებლობების შეფასებით დაიწყო:

"მე "ტოტენჰემ ჰოთსპურის"
მწვრთნელის რანგში დავამტკიცე როგორი სპეციალისტიც ვარ. ხომ გახსოვთ სად იყო გუნდი და გასული ჩემპიონატი სად დაასრულა? ჩვენ მეოთხე ადგილზე გავედით და ჩემპიონთა ლიგაში გამოვდივართ. ამასთან, ამიერიდან პრემიერლიგასა თუ ჩემპიონთა ლიგაში რაც არ უნდა მოხდეს, ჩემი უწინდელი მიღწევები ვერ დაკნინდება. ვფიქრობ, დასამტკიცებელი არავისთვის აღარაფერი მაქვს".

შემდეგ, სიტყვამ კაპელოს მიერ ჩაგდებული მსოფლიოს ჩემპიონატი მოიტანა. ითქვა, რომ ბრწყინვალე შესარჩევი შეჯიბრების შემდეგ ინგლისის ნაკრებს სამხრეთ აფრიკაში ცუდი შედეგი ჰქონდა. რედნაპმა მიუგო:

"ხალხისთვის თავიანთი დონე და უნარი ფეხბურთელებს დარჩათ დასამტკიცებელი, მეტი არავის. შემადგენლობის შერჩევას დიდი მეცნიერება არ სჭირდება, მთავარი კი მერე იწყება, მოედანზე. მოთამაშეებმა სწორედ იქ უნდა გაუძლონ წინააღმდეგობას, ათასგვარ წნეხს და გაიმარჯვონ. მოედანზე ჩანს ვის რა შეუძლია. რაც შეეხება იმას, დავთანხმდები თუ არა 2012 წელს ნაკრების გაწვრთნას... კაცმა არ იცის რა მოხდება იმ დროს. იმ დროისთვის მე შეიძლება უკვე "პულ თაუნს" (უესექსის ლიგის პრემიერ დივიზიონის გუნდია) ვედგე სათავეში. ფეხბურთი ისეთი სფეროა სადაც წინასწარ არასდროს იცი, რა გელის როდესაც კუთხეში შეუხვევ. ორი წლის შემდეგ არ ვიყურები, რადგან ამას აზრი არ აქვს".


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული