"ანჟის" ბრაზილიელი ნახევარმცველი შესაძლოა პსჟ-ში გადავიდეს

AutoSharing Option
მახაჩყალის "ანჟის" 24 წლის ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი ჟუსილეი და სილვა შეიძლება ევროპული საფეხბურთო სეზონის დასრულებისთანავე "პარი სენ-ჟერმენში" გადაბარგდეს. რუსული პრესის ინფორმაციით, ფრანგები უკვე დაუკავშირდნენ რუსული კლუბის წარმომადგენლებს და ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკების დაწყება შესთავაზეს.

ჟუსილეი "ანჟიმდე" "კორინთიანსში" თამაშობდა და ერთი პერიოდი ბრაზილიის ნაკრების კანდიდატადაც მიიჩნეოდა, სადაც სულ 2 თამაში ჩაატარა, თუმცა მანო მენეზეშს ის "პენტაკამპეონების" რიგებში 2010 წლის ნოემბრის მერე აღარ მიუწვევია. თავის დროზე დაღესტნურ კლუბს ბრაზილიელის გადაბირება 10 მილიონი დაუჯდა.

გუუს ჰიდინკს გაუჭირდება გუნდის ლიდერთან გამოთხოვება, მაგრამ თუ მაინც გადაწყვიტა
ასე მოიქცეს, მას 15 მილიონზე ნაკლებად ვერ და არ შეელევა. "ანჟისთან" ჟუსილეის ხელშეკრულებას ვადა 2015 წლის დეკემბერში გასდის.

ჩელსი: ტევესი და ვილიანი
თუკი სეზონის დასრულების შემდეგ "მანჩესტერ სიტიმ" საბოლოოდ გადაწყვიტა 28 წლის კარლოს ტევესთან გამოთხოვება, არგენტინელისთვის ბრძოლაში მისით დაინტერესებულ უკვე ცნობილ კლუბებს "ჩელსიც" შეემატება, - იუწყება 4-4-2.com-ი. "ლურჯების" ბოსმა რომან აბრამოვიჩმა საზაფხულოდ გუნდის გასაძლიერებლად კოლოსალური თანხა გამოყო და, შესაძლოა, ერთ-ერთი, ვინც კარიერას "სტემფორდ ბრიჯზე" განაგრძობს, კარლოსიც იყოს.

"ჩელსის" ნამდვილად დასჭირდება ახალი სისხლი თავდასხმაში, რადგან გუნდს დიდიე დროგბა და სალომონ კალუ ტოვებენ. რაკი ცენტრფორვარდად თამაშს ვერ ეღირსა, სხვაგან სურს კარიერის გაგრძელება დენიელ სტარიჯსაც.

გარდა ტევესისა, "ჩელსის" "შახტარის" ბრაზილიელი მარცხენა ნახევარმცველის, ვილიან ბორხეს და სილვასადმი ინტერესსაც აბრალებენ. "მაღაროელებმა" იანვარში ერთხელ უკვე თქვეს უარი 23 წლის ბრაზილიელის გაყიდვაზე, თუმცა აბრამოვიჩი უკან დახევას არ აპირებს.

ტოტენჰემი და პსჟ
ბრაზილიური "ინტერნასიონალის" 22 წლის ცენტრალური თავდამსხმელის, ლეანდრო დამიაოს შესაძლო ტრანსფერზე ევროპული პრესა ბოლო თვეების განმავლობაში ბევრს წერს, მაგრამ მისი აგენტის, ვინისიუს პრატესის თქმით, ფეხბურთელს მხოლოდ ორი კონკრეტული შეთავაზება აქვს – "ტოტენჰემისა" და "პარი სენ-ჟერმენისგან".

ლეანდროს სეზონის დასრულების შემდეგ ევროპაში კარიერის გაგრძელების მაინც დიდი შანსი აქვს, რადგან პსჟ მზადაა ბრაზილიელების მიერ მოთხოვნილი 14 მილიონი ევრო გადაიხადოს.

კალუ ინგლისშივე დარჩება
"ჩელსიდან" სალომონ კალუს წასვლა გადაწყვეტილი ამბავია. საინტერესო ახლა ის არის, სად ისურვებს გადაბარგებას თავად ფეხბურთელი. აგენტის თქმით, მისი კლიენტით 12 კლუბია დაინტერესებული.

მათ შორის - ესპანეთიდან, იტალიიდან, თურქეთიდან და იმავე ინგლისიდან. პრემიერლიგელებს შორის მასთან თანამშრომლობა "არსენალსა" და "ლივერპულს" სურთ. ფეხბურთელს არაერთხელ განუცხადებია, რომ კარიერას პრემიერლიგის რომელიმე ამბიციურ კლუბში გააგრძელებს.

რაკი სალომონი თავისუფალი აგენტია, მის მიერ მოთხოვნილი ხელფასი, კვირაში 80 ათასი ფუნტი, ზემოთ ნახსენები ინგლისური კლუბებისთვის იოლი გადასახდელი იქნება. აგენტის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას ფეხბურთელი უახლოესი 2 კვირის განმავლობაში მიიღებს.

სოსიედადი მზადაა
"არსენალმა" სან სებასტიანის "რეალ სოსიედადისგან" უკვე მიიღო ოფიციალური წინადადება კარლოს ველას ტრანსფერთან დაკავშირებით. ესპანური მხარე მზადაა 23 წლის ფეხბურთელში 2 მილიონი ევრო გადაიხადოს.

2010/11 წლების სეზონის მეორე ნახევარი მექსიკელმა "ვესტ ბრომვიჩში" გაატარა, მაგრამ დიდი ვერაფერი შთაბეჭდილება დატოვა. სულ 2 გოლი გაიტანა, კლუბმა კი მასთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი აღარ გამოთქვა. მიმდინარე სეზონში კი კარლოსმა პრიმერა დივიზიონის კლუბს მიაშურა, სადაც 10 გოლის გარდა, 6 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ფეხბურთელი სეზონის დასრულებისთანავე გეგმავს ლონდონში ჩაფრენას და "მეთოფეების" ხელმძღვანელობასთან დალაპარაკებას. მას "არსენალისგან" საბოლოოდ სურს თავის დახსნა. ჩრდილოლონდონური კლუბი ველას გაყიდვას, ალბათ, იოლად დათანხმდება, რაკი მასთან კონტრაქტი 1 წლის შემდეგ ეწურება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული