რამ გაამხეცა ვულვზი?

AutoSharing Option
"ვულვერჰემპტონის" აღმასრულებელმა შეფმა ჯეზ მოქსიმ კატეგორიულად განაცხადა, რომ მისი გუნდის ფეხბურთელებს უხეში თამაშისთვის ბოდიში არავის წინაშე არ აქვთ მოსახდელი. საქმე ის გახლავთ, რომ მიკ მაკკარტის გუნდმა აგვისტოშივე, "ნიუკასლთან" თამაშის შემდეგვე ბევრი კრიტიკული წერილი დაიმსახურა. გაზეთები შეთქმულებივით ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ "ვულვზის" ფეხბურთელები "ზედმეტად ძალისმიერ" ფეხბურთს თამაშობდნენ, მაგრამ კრიტიკამ მწვერვალს "ფულჰემის" თავდამსხმელის ბობი ზამორას დაშავების შემდეგ მიაღწია. ზამორას კარლ ჰენრიმ ფეხი მოსტეხა.

ბოლო ორ ტურში მაკკარტის ბიჭებმა 14 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი მიიღეს, რისთვისაც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ჯამში 75 ათასი ფუნტით
დააჯარიმა _ წესის თანახმად ერთ შეხვედრაში ექვს და მეტ გაფრთხილებაზე გუნდი 25 ათასი ფუნტით ჯარიმდება, ხოლო თუ ასეთი რამ იმავე გუნდმა მეორედაც გაიმეორა ასოციაცია კლუბს უკვე 50 ათასის გადახდას აკისრებს. ხსენებული თოთხმეტი ყვითლიდან შვიდი ვულვერჰემპტონელებმა "ნიუკასლთან" შეხვედრაში მიიღეს და ერთი ამდენიც "ფულჰემთან" შეხვედრაში, სადაც ორი მარტო კრისტოფ ბერამ "დაიმსახურა". მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, მოქსიმ მაკკარტის დაცვითი და "ზედმეტად ათლეტური" სისტემა დაიცვა. მან ბრძანა:

"ჩვენ ბოდიში არავის წინაშე არ გვაქვს მოსახდელი. ფეხბურთი გამოკვეთილად ძალისმიერი თამაშია და თუ წესი ირღვევა ეს მსაჯმა უნდა შეამჩნიოს. ჩვენი ფეხბურთელების თავდადებაში ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ. არ გვინდა ვინმემ იფიქროს, რომ "ვულვზი" ზედმეტ აგრესიულობას იჩენს და ფეხბურთის სულს ამახინჯებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კვლავ გავუწევთ კონკურენტებს ღირსეულ კონკურენციას და იმ სტილს მივსდევთ, რომელიც ამისათვის არის საჭირო. მოთამაშეთა ნაწილი ნებისმიერ გუნდში ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობს და ამაში გასაკვირი არაფერია. ამას ითხოვს ჩვენგან გულშემატკივარიც. დღეს ჩვენთვის ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ გაზეთები ცუდს წერენ და სახელს გვიტეხენ. "ფულჰემის" ფანებმა და მედიამ ზამორას უიღბლო ინციდენტი ხელად განზრახ უხეშობად ჩაგვითვალეს. ამან შეიძლება შემდგომი შეხვედრების მსაჯებზე იმოქმედოს".

ლელო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული