სიყვარულის და კლანის ამბავი

AutoSharing Option

ინგლისის ეროვნული გუნდის წარუმატებლობას ფანები კვლავ მძაფრად განიცდიან. ფაბიო კაპელოს სამსახურიდან მოსახსნელად გახდომია საქმე. ინგლისელების მძლეველი გერმანიის გუნდი კვლავ სამხრეთ აფრიკაშია და არგენტინასთან დიდი მატჩისთვის ემზადება, ფრენკ ლემპარდი კი... თუმცა, რა? ლემპარდი მაინც გაზეთების ყურადღების ცენტრშია და ფული რომ არ აკლია, ეს ხომ დიდი ხანია ვიცით - ლემპარდი და კრისტინ ბლიკლი ურთიერთობას აღარ მალავენ. მათ საჯაროდაც კი აკოცეს ერთმანეთს და ამ ფოტოებმა უკვე მოირბინა მთელი ბრიტანეთი.

დავაზუსტოთ: ვინ არის კრისტინ ბლიკლი? ეს გახლავთ ცნობილი ადამიანი. 31 წლის ჩრდილო ირლანდიელი ტელევარსკვლავი,
BBჩ-ერთის თანაწამყვანი, დილის პროგრამა თჰე ონე სჰოწ-ს წამყვანი და სხვა მრავალი რეიტინგული ტელეპროექტის მონაწილე. მას და "ჩელსის" ნახევარმცველს დიდი ხანია ერთად ხედავენ, თუმცა წყვილი გრძნობებს მალავდა და ამტკიცებდა, რომ მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აქვთ. მაგრამ, ყოვლისშემძლე ინგლისურ ტაბლოიდებს რას გამოაპარებ - საკმარისი იყო ფრენკსა და კრისტინს სარდინიაზე თავი სამშვიდობოს ეგრძნოთ, რომ პაპარაცებმა "დაუჩხაკუნეს". ცნობისთვის: ლემპარდი და ბლიკლი სარდინიაზე მარტონი არ ისვენებენ, მათ ფრენკის დეიდაშვილი ჯეიმი რედნაპი და მისი მეუღლე ლუიზიც თან ახლავთ. "ლელოს" მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჯეიმი რედნაპის მამა "ტოტენჰემის" მწვრთნელი, ცნობილი ინგლისელი სპეციალისტი ჰარი რედნაპია, რომლის მეუღლე ფრენკ ლემპარდის დეიდა გახლავთ. საკუთრივ ჯეიმი რედნაპის ამბავს კი აბა, რა შეხსენაბა უნდა. ის თამაშობდა "ლივერპულსა" და "ტოტენჰემში", ხლო ინგლისის ნაკრების მაისური 17-ჯერ აქვს მორგებული. გარდა ამისა, "ლელოში" ხშირად ვთარგმნით "დეილი მეილში" გამოქვეყნებულ მის ანალიტიკურ წერილებს პრემიერლიგის შესახებ.

ასე და ამგვარად, ფრენკ ლემპარდისა და კრისტინ ბლიკლის რომანი გახმაურებული და გამომზეუყრებულია, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების ჩაფლავებით გამოწვეული გულისწყრომა დავიწყებული. როგორც ტაბლოიდები წერენ, ის ფაქტი, რომ ბლიკლი რედნაპებთან ერთად ისვენებს იმას მიუთითებს, რომ ის ფრენკის ოჯახში მიღებული ადამიანია.
რაკიღა ლემპარდ-რედნაპების "კლანზე" ვლაპარაკობთ, შეგახსენებთ, რომ ფრენკის მამა 61 წლის ფრენკი-უფროსიც ფეხბურთელი იყო. ის "ვესტ ჰემში" თამაშობდა და 1981 წელს თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალის ორივე შეხვედრაში ითამაშა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ფრენკ ლემპარდ-უფროსის მეუღლე ანუ ახლანდელი ვარსკვლავის დედა პეტი 2008 წელს, 58 წლისა სიმსივნისგან გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ კრისტინ ბლიკლი სამხრეთ აფრიკაშიც გახლდათ და გერმანელებთან ცნობილ შეხვედრაში ფრენკს (რომელსაც გოლი არ ჩაუთვალეს) ტრიბუნიდან ამხნევებდა. სამხრეთ აფრიკიდა, ტელევარსკვლავი დამარცხებული და თავჩაქინდრული ნაკრების თვითმფრინავს გამოჰყვა - თანადგომაც ამას ჰქვია. ტაბლოიდების ამბავი კი მართლაც გასაკვირია. მათ აღმოაჩინეს, რომ კრისტინს თითზე ბეჭედი ეკეთა და ჩათვალეს, რომ ის და ფრენკი სადაცაა დაქორწინდებიან, თუმცა ქალის აგენტმა განაცხადა, რომ ეს სიმართლე არ არის და ბეჭედი, რომელსაც პრესამ დიდი ყურადღება დაუთმო (და რომელიც დიდი შანსია ბოლოს მართლაც საქორწინო გამოდგეს) კრისტინს ხან ერთ ხელზე უკეთია და ხან მეორეზე. გაზეთები შეგვახსენებენ, რომ ფრენკი და კრისტინი ერთმანეთს შარშან ოქტომბრიდან ხვდებიან.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული