იმის გამო, რომ ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩაფლავდა, ლონდონში ერთი წლით გადაიდო სანახაობა, რომელსაც ორგანიზატორებისთვის მილიონები უნდა მოეტანა. სანახაობა უეინ რუნიმ და სტივენ ჯერარდმა ჩაშალეს. მათ განაცხადეს, რომ ასეთი ცუდი გამოსვლის შემდეგ ინგლისის დედაქალაქში ფეხბურთელთა მონაწილეობით შოუს მოწყობა ძალიან უხერხულია. სანახაობა ლონდონის სტადიონ O2-ზე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალიდან ერთ კვირაში, 17 ივლისს იყო დაგეგმილი. რუნისა და ჯერარდის გარდა მასში მონაწილეობა სხვა ვარსკვლავებს, კერძოდ კრისტიანო რონალდოს, დიდიე დროგბას, სესკ ფაბრეგასსა და დავიდ ვილიასაც უნდა მიეღოთ. თუმცა, კაცმა რომ თქვას, ჩამოთვლილთაგან, ვილიას გარდა,
მაინც რა უნდა ეკეთებინათ ჩამოთვლილ ვარსკვლავებს სანახაობაში, რომელიც თურმე ორ საათს უნდა გაგრძელებულიყო? ერთი ცნობილია: თითოეულს 500 ათასი ფუნტი უნდა აეღო, მაგრამ რაში? როგორც ამბობენ, მათ ბურთით რაღაც ტრიუკები უნდა ეკეთებინათ. უფრო დაზუსტებით არაფერს ამბობენ, თუმცა სავარაუდოდ, უნდა გამართულიყო "ყველა ვარსკვლავის" ტიპის შეჯიბრება, სადაცჩამოთვლილი ფეხბურთელები ერთმანეთს ცალკეული ილეთებისა და კომპონენტების შესრულებაში შეეჯიბრებოდნენ.
შოუს ორგანიზატორი გახლდათ A:3K რომლის დირექტორმა ტერი ბაირნმა თქვა: "ორივემ, სტივენ ჯერარდმაც და უეინ რუნიმაც გვითხრა, რომ ასეთ პირობებში სანახაობის მოწყობა სწორი არ იქნებოდა. ჩვენც სრულიად და კარგად გვესმის ბიჭების განწყობა და ვიზიარებთ მას. რასაკვირველია, ჩვენ შეგვეძლო ჯერარდი და რუნი ორი სხვა ფეხბურთელით შეგვეცვალა, მაგრამ შოუს თავისი ჩანაფიქრი ჰქონდა: მაყურებელს უნდა ჰქონოდა შეგრძნება, რომ მათ წინაშე მსოფლიოს ექვსი საუკეთესო ფეხბურთელი გამოდის. თუმცა, ჩვენ სიტყვას არ გავტეხთ. ხალხს რასაც დავპირდით, ავუსრულებთ და მომავალ ზაფხულს ამავე ექვსი ვარსკვლავის მონაწილეობით მოვაწყობთ ასეთსავე შოუს. ერთადერთი უხერხულობა იმ ადამიანების წინაშე შეიქმნა, რომლებმაც ბილეთები უკვე შეუკვეთეს, მაგრამ მათ ვპირდებით, რომ ახლანდელი შეკვეთა გაისინდელ სანახაობაზეც ძალაში იქნება".