ტრანსფერების ანალიზი: Made In Germany

AutoSharing Option
თუ ბოლო ორი წლის ტრანსფერებს გადავხედავთ და ფეხბურთელთა მიმოსვლას კარგად დავაკვირდებით, შევნიშნავთ აშკარა ტენდენციას, რომელიც გვიჩვენებს, რომ გერმანიიდან ინგლისში საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი გადავიდა.

რაც მთავარია, ტრანსფერების უმეტესობამ გაამართლა და შესაბამისად, გასაკვირი აღარ არის ის, რომ ინგლისური კლუბები ახალ ფეხბურთელებს უმეტესად გერმანიაში ეძებენ.

ბოლო 18 თვეში განხორციელებული გარიგებების ანალიზი ცხადყოფს, რომ უკვე Made In Germany ფეხბურთშიც განსაკუთრებული სტატუსის და ხარისხის ინდიკატორია.

ამას წინათ, როცა გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ ბრემენის "ვერდერის" შემტევი ნახევარმცველი მარკო მარინი ლონდონის "ჩელსიში" გა
დადისო, თვალებს არ დავუჯერეთ და ინფორმაცია რამდენიმე წყაროთი გადავამოწმეთ - "ვერდერში" ათვალწუნებული მარინის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტ "ჩელსიში" გადასვლა იმდენად პარადოქსულად ჟღერდა, რომ ამ ცნობის არაერთგზის გადამოწმება აუცილებელი იყო.

ლონდონურმა გრანდმა მარინის სანაცვლოდ 7 მილიონი ევრო გადაიხადა და ამით წლის ერთ-ერთი ყველაზე ალოგიკური ტრანსფერი სრულყო - ალოგიკური იმიტომ, რომ მარინი "ვერდერის" ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა.

მიუხედავად ამისა, ლონდონელებს მარინის შეძენა ძალიან უნდოდათ, რაც სწორედ იმის შედეგია, რომ ბოლოდროინდელმა ტრანსფერებმა ინგლისში (და არა მარტო ინგლისში) გერმანიაში მოთამაშე ფეხბურთელების მიმართ ინტერესი გაზარდა და დაამსხვრია მითი იმის შესახებ, რომ გერმანიის ჩემპიონატი ერთგვარად ჩაკეტილი პირველობაა, საიდანაც ფეხბურთელის გადაბირება დიდ რისკთანაა დაკავშირებული.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ინგლისური კლუბები თავიანთ სკაუტებს გერმანიაში ახლა სულ უფრო და უფრო ხშირად აგზავნიან და რაც ყველაზე საინტერესოა, თუ ვინმე მოეწონათ, ფასებზე თითქმის აღარ ყოყმანობენ.

ასე იყო მარინის შემთხვევაში - "ჩელსის" და "ვერდერს" ბევრი არ უვაჭრიათ და, ფაქტობრივად, ერთ დღეში შეთანხმდნენ და ასეა ლუკას პოდოლსკის შემთხვევაშიც, რომლის სანაცვლოდ ლონდონის "არსენალმა" "კიოლნს" 13 მილიონი ევრო ჩაუთვალა.

ამრიგად, ინგლისში გერმანელი და გერმანიაში მოთამაშე ფეხბურთელების მიმართ ინტერესი გაიზარდა და თამამად ვიტყვით, ეს ტენდენცია ძალიან გვაგონებს 90-იან წლებს, როცა გერმანიიდან ინგლისში არაერთი ვარსკვლავი (კლინსმანი, ჰამანი, ფროინდი, ციგე და ა. შ.) გადავიდა და რაც მთავარია, იმედებიც გაამართლა.

ზოგად საუბარს ამით მოვრჩეთ და კონკრეტიკაზე გადავიდეთ: წარმოგიდგენთ ბოლო 18 თვის განმავლობაში განხორციელებული ექვსი ტრანსფერის ანალიზს, ანუ ყოველივე ზემოთ თქმულის მყარ არგუმენტებს.

პაპის დემბა სისე
2012 წლის იანვარი: "ფრაიბურგიდან" "ნიუკასლში", 12 მილიონ ევროდ

ცხადი იყო, რომ სენეგალელ ფორვარდს "ფრაიბურგში" დიდხანს აღარ გააჩერებდნენ, რადგან ბრაისგაუში გადასვლამდე ყველასათვის უცნობ თავდამსხმელს "ფრაიბურგის" ფორმით 65 მატჩში 37 გოლი ჰქონდა გატანილი. ეს რომ "ბაიერნში" ან დორტმუნდის "ბორუსიაში" მოეხერხებინა, სისეს შედეგი ნაკლებად ფასეული იქნებოდა. მან კი ასეთი შედეგი ბუნდესლიგის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ გუნდში აჩვენა.

სისე "ნიუკასლში" ახლახან, იანვარში გადავიდა და იმედები ასი პროცენტით გაამართლა: მას მერე 13 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა! მათ შორის იყო ფანტასტიკური გოლი ლონდონის "ჩელსის" (2:0) კარში, რომელსაც თავად სენეგალელი თავისი კარიერის ულამაზეს გოლს უწოდებს.

სისე "ნიუკასლში" 9-ნომრიანი მაისურით თამაშობს, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგან მას "კაჭკაჭების" ლეგენდარული გოლეადორის, ალან შირერის ნომერი აქვს, მაგრამ როგორც ხედავთ, ამის გამო წნეხის ქვეშ ყოფნა ოდნავადაც არ ეტყობა.

ასეთი ასპროცენტიანი შედეგით სისემ სულაც "ნიუკასლისა" და პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა, რაც იმას ნიშნავს, რომ საფეხბურთო ინგლისის ყურადღების ცენტრშია. ჩვენი ინგლისელი კოლეგები წერენ, სისეს ფასი სამ თვეში თითქმის გასამმაგდაო - "ნიუკასლი" სენეგალელს უკვე 30 მილიონად აფასებს.

სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ სისემ ფრანგული "ეკიპისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ოცნება მადრიდის "რეალში" თამაშია. თუ მის შედეგებს გავითვალისწინებთ, შანსი იმისა, რომ ჟოზე მოურინიო სისეთი დაინტერესდეს, უკვე ძალიან მაღალია.

სენეგალელი პრემიერლიგისა და ბუნდესლიგის ერთადერთ განსხვავებას თამაშის ტემპში ხედავს - ინგლისში უფრო სწრაფი ტემპიაო, აცხადებს სენეგალელი "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში და ფაქტია, რომ სისე პრემიერლიგის ტემპს იდეალურად შეეგუა.

გილფი სიგურდსონი
2012 წლის იანვარი: "ჰოფენჰაიმიდან" "სუონსიში", არენდა

ისლანდიელ შემტევ ნახევარმცველს "ჰოფენჰაიმში" ჯეროვნად არ აფასებდნენ - სიგურდსონი უმეტესად სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ამიტომაც გაანათხოვრეს "სუონსიში", სადაც გილფიმ თავიდანვე დაამტკიცა, რომ, მინიმუმ, ძალიან საინტერესო ფეხბურთელია.

პირველ სამ მატჩში მან ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი გააკეთა, ხოლო მარტში ოთხ მატჩში ოთხი გოლის გატანა შეძლო, რის გამოც პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. თანაც, შეგახსენებთ, რომ სიგურდსონი თავდამსხმელი არ არის - შემტევი ნახევარმცველია.

ინგლისში გამართულ 17 მატჩში მას გოლს პლუს პასის რეიტინგში 12 ქულა აქვს, რამაც ის გამოიწვია, რომ სიგურდსონით ნახევარ პრემიერლიგასთან ერთად, თვით იტალიის ჩემპიონი "იუვენტუსიც" დაინტერესდა.

თავად ისლანდიელს პრემიერლიგაში დარჩენა უნდა, მაგრამ მისმა ასეთმა თამაშმა "ჰოფენჰაიმის" ხელმძღვანელებიც დააინტერესა - გილფის გერმანიაში დაბრუნება მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ როცა ჰოფენჰაიმელებმა სიგურდსონის განათხოვრება გადაწყვიტეს, მაშინ სხვა მწვრთნელი ჰყავდათ და გერმანული პრესის ინფორმაციით, "სოფლელების" ახალ მწვრთნელ მარკუს ბაბელს მისი დაბრუნება ძალიან უნდა. თუ ისლანდიელი რომელიმე კლუბში გადასვლას გადაწყვეტს, "ჰოფენჰაიმი" მის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს მოითხოვს, რაც სამი-ოთხი თვის წინ არარეალური თანხა იყო, ახლა კი რეალურზე რეალურია, რადგან ნამდვილად არაა გამორიცხული, რომ "სუონსიში" ნაჩვენები შედეგების შემდეგ მასში 10 მილიონი სიამოვნებით გადაიხადონ.

პაველ პოგრებნიაკი
2012 წლის იანვარი: "შტუტგარტიდან" "ფულჰემში", 500 000 ევროდ

რუსი თავდამსხმელის "შტუტგარტიდან" "ფულჰემში" ტრანსფერს ინგლისური მედია სკეპტიკურად შეხვდა, რაც ლოგიკურიც იყო, რადგან პოგრებნიაკი ბუნდესლიგაში ვერ ბრწყინავდა და "ფულჰემმაც" მასში მხოლოდ ნახევარი მილიონი ევრო გადაიხადა.

ყველაზე მთავარი, რასაც ინგლისელი ექსპერტები 28 წლის ცენტრფორვარდს უწუნებდნენ, მისი სიზანტე გახლდათ - ასეთმა ნელმა თავდამსხმელმა პრემიერლიგაში რა უნდა მოახერხოსო.

პოგრებნიაკისადმი სკეპტიკურ განწყობას მალევე მოეღო ბოლო: პირველ სამ მატჩში მის ანგარიშზე უკვე 5 გოლი იყო, რითაც პოგრებნიაკი რეკორდსმენი გახდა...

წლის დასაწყისში მიღებული ტრავმის მერე პრემიერლიგის მეორე წრეში პოგრებნიაკმა 10 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა, რაც ნამდვილად არაა ურიგო შედეგი.

მას "ფულჰემთან" კონტრაქტი მხოლოდ ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ახლა, "ფულჰემთან" ერთად, მის ხელში ჩასაგდებად "ასტონ ვილაც" იბრძვის. წინ კი ევროპის ჩემპიონატია და თუ რუსი გოლეადორი კონტინენტის პირველობაზე თავს გამოიჩენს, დაინტერესებული კლუბების რაოდენობა კიდევ გაიზრდება. ტენდენცია იქითკენ მიდის, რომ პოგრებნიაკი ინგლისში დარჩება.

პერ მერტეზაკერი
2011 წლის აგვისტო: "ვერდერიდან" "არსენალში", 10 მილიონ ევროდ

გერმანიის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა "არსენალში" იმედები ისე ვერ გაამართლა, როგორც სხვებმა, მაგრამ მის ტრანსფერს "ფლოპად" მაინც ვერ მოვიხსენიებთ, რადგან მერტეზაკერს ობიექტური მიზეზი აქვს - უმეტესად ტრავმირებული იყო.

"არსენალთან" ერთად მოსამზადებელი შეკრება არ გაუვლია, პირდაპირ პრემიერლიგაში დაიწყო თამაში და აშკარად ჩანდა, რომ ინგლისურ ფეხბურთთან შეგუება უჭირდა.

სწორედ ამიტომ პერს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა. წლის ბოლოს კი ფორმაში შევიდა. ჩვენი ინგლისელი კოლეგები უკვე აქებდნენ და "არსენალის" ფანებმაც დააფასეს, მაგრამ იანვარში მიღებულმა მორიგმა ტრავმამ "მერტე" ისევ უკან დახია.

დემბა ბა
2011 წლის იანვარი: "ჰოფენჰაიმიდან" "ვესტ ჰემში", 7 მილიონ ევროდ

შარშან, იანვარში, დემბა ბას "ჰოფენჰაიმის" ხელმძღვანელებთან სერიოზული უთანხმოება ჰქონდა - გერმანულ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აჭიანურებდა, რადგან ინგლისში ეპატიჟებოდნენ.

შესაბამისად, მოხდა ის, რაც ასეთ დროს გარდაუვალია ხოლმე: "სოფლელებმა" სენეგალელი ცენტრფორვარდი "ვესტ ჰემს" 7 მილიონ ევროდ დაუთმეს, სადაც ბამ 12 მატჩში 7 გოლის გატანა შეძლო, მაგრამ "ვესტ ჰემი" პრემიერლიგიდან გავარდნისგან მაინც ვერ იხსნა.

თუმცა ბამ ინგლისში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რის გამოც "ნიუკასლში" გადაიბირეს. დემბამ "კაჭკაჭებშიც" განაგრძო გოლების გატანა: 2012 წლის თებერვლამდე მან "ნიუკასლის" ფორმით 20 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა, დეკემბრის თვის საუკეთესო პრემიერლიგელიც გახდა და საბოლოოდ, ჩვენმა ინგლისელმა კოლეგებმა პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო შენაძენადაც აღიარეს.

წელს ბას ბრწყინვალე შედეგებზე ოდნავ ნეგატიური გავლენა იქონია მისი თანამემამულის, პაპის დემბა სისეს "ნიუკასლში" გადასვლამ, რის გამოც ბას "ნიუკასლში" ცენტრფორვარდად აღარ ათამაშებენ და შესაბამისად, ბოლო დროს ვეღარაა ისეთი შედეგიანი, როგორც თავიდან იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბას აღარ აფასებენ - ის "ნიუკასლში" და ზოგადად, პრემიერლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია.

ედინ ჯეკო
2011 წლის იანვარი: "ვოლფსბურგიდან" "მანჩესტერ სიტიში", 35 მილიონ ევროდ

ედინ ჯეკო რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია, ამაში ეჭვი არავის ეპარება - მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერ სიტიში" "ციდან ვარსკვლავებს ვერ წყვეტს", რადგან ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს.

ბოსნიელი გოლეადორი გერმანიიდან ინგლისში იდეალური მაჩვენებლით გადავიდა - ბუნდესლიგის 96 მატჩში მას 59 გოლი ჰქონდა გატანილი.

ამ სეზონში ჯეკოს ანგარიშზე 29 მატჩში 13 გოლია, რაც, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ 29 შეხვედრიდან 12-ში მოედანზე 25 წუთზე ნაკლები გაატარა, ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის. მისი პრობლემა ის არის, რომ "სიტის" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო წინა ხაზი ჰყავს ისეთი თავდამსხმელებით, როგორებიც არიან აგუერო, ტევესი და ბალოტელი.

სწორედ ამიტომ ჯეკო მანჩესტერიდან აბარგებაზე ფიქრობს და სწორედ წასვლა ურჩია ბოსნიის ნაკრების დამრიგებელმა საფეტ სუსიჩმაც. აღსანიშნავია, რომ "სიტიში" ბალოტელისა და ტევესის მომავალიც გაურკვეველია, რაც ჯეკოს იმის იმედს უტოვებს, რომ მომდევნო სეზონში რობერტო მანჩინი მეტად მიენდობა.

მაგრამ თუ ედინი წასვლას გადაწყვეტს, ფაქტია, რომ მაშინვე მთხოვნელების დიდი რიგი დაუდგება.

ცნობილია, რომ შანსის მიცემის შემთხვევაში მის ხელში ჩაგდებას ისეთი ტოპ-კლუბები შეეცდებიან, როგორებიცაა "რეალი", "არსენალი" და "იუვენტუსი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული