"ქუინზ პარკის" 29 წლის ნახევარმცველ ჯოი ბარტონს თითქოს ფოლკლენდის კუნძულებზე დაღვრილი თანამემამულეების სისხლი გაახსენდაო, არგენტინელებს დაუნდობლად შეუტია.
ჯერ კარლოს ტევესს ჩაარტყა იდაყვი, მერე რაკი არბიტრმა მაიკ დინმა წითელი ბარათი უჩვენა, აწი სულ ერთაიო და კუნ აგუეროს უკნიდან ჩასცხო ფეხი.
ის ამასაც არ დასჯერდა და ჯერ ვენსან კომპანისთან სცადა ჩხუბის წამოწყება, მერე თავისი ჭკუისა იპოვა და მარიო ბალოტელის გაექაჩა. სიმართლე ითქვას, რომ არა თანაგუნდელთა ჩარევა, ამ მომენტებში ჩხუბზე არც
თამაშიდან რამდენიმე დღეში ბარტონმა აღიარა, რომ გაძევების შემდეგ განგებ იქცეოდა პროვოკაციულად, რათა დინს მის გზაზე "სიტის" რომელიმე ფეხბურთელიც გაეყენებინა.
ინგლისელი ჟურნალისტები წერდნენ, რომ ჯოის ძველი "დამსახურებების" გათვალისწინებით ფეხბურთელს განსაკუთრებულად მკაცრი სასჯელი ელოდა. ლაპარაკი იყო 9 ან 10-მატჩიან დისკვალიფიკაციაზე.
ჩვენმა ბრიტანელმა კოლეგებმა ვერ გამოიცნეს - პრემიერლიგამ ბარტონი ფეხბურთს 12 მატჩით ჩამოაშორა და 75 ათასი ფუნტით დააჯარიმა.
ეს ნიშნავს, რომ ნახევარმცველი გუნდს მხოლოდ ნოემბერში დაუბრუნდება. "უმკაცრესი სანქცია იმიტომ გამოვიყენეთ, რომ ბარტონის საქციელი ზოგადად ფეხბურთის იმიჯს უთხრის ძირს ამ ქვეყანაში.
განსაკუთრებით მაშინ, როცა სასწორზე ქვეყნის ჩემპიონს ბედი ძევს და შეხვედრას მილიონობით მაყურებელი ჰყავს მთელ მსოფლიოში," - განაცხადა სადისციპლინო კომიტეტის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ზემოთ ბარტონის ძველი "დამსახურებები" ვახსენეთ და მოდი, მოკლედ გავიხენოთ მისი შეცოდებები. 2004 წელს მან "მანჩესტერ სიტის" საშობაო ბანკეტზე თანაგუნდელ ჯეიმი ტენდის ანთებული სიგარეტი თვალზე დაადო მას მერე, რაც უკანასკნელმა მისი პერანგის დაწვა სცადა; 2005 წლის ზაფხულზე "დონკასტერთან" ამხანაგური მატჩისას მეტოქეს ძალიან ეუხეშა, რამაც მასობრივი ჩხუბი გამოიწვია.
2007 წელს "სიტიმ" მას კარისკენ მიუთითა, რადგან ორ ინციდენტში მიიღო მონაწილეობა - ჯერ თანაგუნდელი უსმან დაბო სცემა სასტიკად, რის გამოც ის საავადმყოფოში მოხვდა, შემდეგ კი ლივერპულში ქუჩაში გამვლელებთან მოუვიდა კონფლიქტი. ჩხუბში გამარჯვებული აქაც ბარტონი დარჩა, მაგრამ სასამართლომ მისი არგუმენტები არ გაითვალისწინა და ციხეში 6 თვით უკრა თავი. ზუსტად 77 დღის შემდეგ ჯოი სანიმუშო ყოფაქცევისთვის პირობით ვადამდე გაათავისუფლეს.
"ქუინზ პარკი" სრულად ეთანხმება პრემიერლიგის გადაწყვეტილებას და მის გასაჩივრებას არ აპირებს.
პირიქით, კლუბი თავად აპირებს ფეხბურთელის წინააღმდეგ ზომების მიღებას. უპირველესად ის ბარტონის გაყიდვას შეეცდება, მაგრამ ვეჭვობთ, მოახერხოს.
სერიოზულად დასჯილი ფეხბურთელის შეძენა, ვისაც საკმაოდ დიდი სახელფასო მადა აქვს ("ქუინზ პარკი" მას კვირაში 80 ათას ფუნტს უხდის), შემადგენლობის გასაძლიერებლად გადადგმული ყველაზე ლოგიკური ნაბიჯი ნამდვილად არ არის.
თუკი ბარტონის გაყიდვა არ მოხერხდება, მაშინ "ქუინზ პარკი" შეეცდება, ფეხბურთელის აგენტთან მიაღწიოს შეთანხმებას და გარკვეული კომპენსაციის გადახდის შემდეგ მასთან ხელშეკრულება გააუქმოს.
აქ ლონდონელებს მეორე პრობლემა შეექმნებათ. ბარტონის კონტრაქტს ვადა 2015 წელს გასდის და მასთან კომპენსაციაზე მორიგება ძალიან გაჭირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"