როგორ ფორმაშია ფერნანდო ტორესი?

AutoSharing Option
ფერნანდო ტორესი ცუდ ფორმაშია - ბევრის აზრით ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება და, ალბათ, ეს ხალხი მართალიც არის, თუმცა კვირას, "ოლდ ტრეფორდზე" ესპანელმა ფორვარდმა "ლივერპულისთვის", უფრო ზუსტად კი სტივენ ჯერარდისთვის ორი გოლი მაინც გამოწურა - მისი წაქცევის გამო მასპინძელთა კარში ჯერ პენალტი დაინიშნა, შემდეგ კი ჯარიმა, რომლიდანაც ჯერარდმა გოლი გაიტანა. "სანის" მიმომხილველს სტივენ ჰოვარდს ამან ტორესზე მსჯელობის გუნება მოჰგვარა. კერძოდ, ჰოვარდი წერს:

ბოლო რვა დღეს ფერნანდო ტორესისთვის დიდებულს ვერ ვუწოდებთ. წინა კვირას ბირმინგემში ნათამაშები უსახური ფრის შემდეგ ჯეიმი რედნაპმა მას
გამძვინვარებულიც უწოდა, იმედგაცრუებულიც, დაუდევარიც და მძინარეც. და რაც მთავარია, მან თქვა, რომ ტორესს თამაშის წყურვილი არ ემჩნევა.
ცნობისათვის: რედნაპის აზრით ყოფილი ფეხბურთელები ყოველთვის ბუნდოვნად ლაპარაკობენ, ცდილობენ ზოგადი ფრაზების უკან დაიმალონ და არაფერი თქვან, მითუფრო თუ თავიანთ ყოფილ კლუბზე ან მის მოთამაშეზე ეკითხებიან.

შემდეგ კი ეს კვირა დღეც დადგა. რასაკვირველია, თუ ტორესის მფრინავ დიმიტარ ბერბატოვთან შედარება გვსურს, არ გამოგვივა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბულგარელმა ხუთ თამაშში უკვე ექვსი გოლი გაიტანა და გაიმეორა ის, რაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელთაგან ბოლოს სტენ პირსონმა მოახერხა 64 წლის წინ – "ლივერპულს" ერთ თამაშში სამი გოლი შეუგდო. საინტერესოა, რომ პირსონი ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ პრესტბერის ფოსტაში მუშაობდა, რაც, ალბათ, თანამედროვე მილიონერი ფეხბურთელებისთვის ძალიან გაუგებარია.
ბერბატოვის სამი გოლიდან ორი ტყვისავით დარტყმული თავური გახლდათ, ერთი კი მაკრატელა. ტორესის სამწუხაროდ, ბულგარელმა თავისი თავურებიდან ერთ-ერთი მაშინ გაიტანა, როდესაც მას სწორედ საკუთარ საჯარიმოში ჩასული ესპანელი მეურვეობდა. მეურვეობდა კი არა, ტორესი ბერბატოვს ორივე ხელით იჭერდა, როდესაც შეამჩნია, რომ მსაჯი ჰოვარდ ვები ყველაფერს კარგად ხედავდა. ამის გამო, ლივერპულელმა მარწუხები შეასუსტა, რითაც მანჩესტერელმა ისარგებლა, წამი იხელთა და ბურთი კარში შეაგდო. რას იზამ, ასეთ შემთხვევაში ესპანელს ვერაფრით დაეხმარები, დიდი-დიდი უთანაგრძნო.

საბოლოოდ "მანჩესტერ იუნაიტედმა" თამაში 3:2 მოიგო, თუმცა ტორესს ისე ცუდად ნამდვილად არ უთამაშია როგორც ზოგიერთები ამტკიცებენ. მან პენალტი და ის ჯარიმა მოინადირა, რომლებიდანაც სტივენ ჯერარდმა ორი გოლი გაიტანა. სხვა დღეს (ოღონდ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში არა) ჰოვარდ ვებს შესაძლოა ჯონ ო"ში მოედნიდან გაეძევებინა, რადგან ირლანდიელმა ტორესი რომ წააქცია ეს ბოლო იმედის ჯარიმა იყო.

რად უნდა თქმა, რომ გამოჩნდა ხალხი – მათ შორის სერ ალექს ფერგიუსონი – რომელთაც დაიწყეს მტკიცება, რომ ტორესმა სინამდვილეში ითაღლითა და "ჩაყვინთა". სხვათაშორის ფერგიუსონმა ისიც თქვა, ჩვენ ათი გოლი უნდა გაგვეტანაო. ჰიპერბოლადაც რომ ჩავთვალოთ მაინც გადაჭარბებული ნათქვამია.
ასე იყო თუ ისე, ტორესისთვის ეს გახლდათ წინაზე უკეთესი თამაში და იგი ამიერიდან ნელ-ნელა უკეთ და უკეთ ითამაშებს, თუმცა შემდეგ ზაფხულს მას "ლივერპულში" ნამდვილად ვეღარ ვხედავთ. თან, გაითვალისწინეთ, რომ კლუბს 282 ფუნტი ვალი აქვს და სავარაუდოდ ახალი ფეხბურთელების საყიდლად დიდ თანხებს ვეღარ გამოჰყოფს. იმ დღეს კი ვინ იცის, უყურებდა ესპანელი ბერბატოვს და გულში ტიროდა – ბულგარელს ხომ ერთი ფრთიდან რაიან გიგზი ეხმარებოდა, მეორიდან კი ნანი. ამ ხალხს უკნიდან პატრის ევრა და ო'ში უჭერდნენ მხარს, ზურგს კი უეინ რუნი უმაგრებდა.

და ტორესს რა ჰქონდა იზოლაციის მეტი? დირკ კუიტი დაშავებული გახლდათ, რაულ მეირელეში კი დაახლოებით 20 მეტრით უკნიდან მოქმედებდა. კიდევ ოთხი ნახევარმცველი ლივერპულელებს მთლად სიღრმეში ჰყავდათ განთავსებული. იყო პერიოდები,როდესაც ბურთს უფრო მეტად სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ სახიფათო მომენტი 62-ე წუთამდე მათ რეალურად არ შეუქმნიათ. 62-ზე მოედანზე მაქსი როდრიგესის ნაცვალდ დავიდ ნგოგი შევიდა. ამიტომაც არ იყო შემთხვევითობა "ლივერპულმა" თავისი ორი გოლი სწორედ შემდეგ შვიდ წუთში რომ გაიტანა.

ფერნანდო ტირესისთვის გასული წელიწადი მძიმე იყო. მან ტრავმათა მთელი სერია გადაიტანა, მაგრამ პრემიერლიგის შეხვედრებში 18 გოლის გატანა მაინც მოახერხა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ის მხოლოდ 26 წლისაა და უკვე ჩაატარა 446 შეხვედრა, რომელთაგან უმეტესობაში გუნდის ერთადერთი თავდამსხმელი იყო. შეადარეთ ეს მაჩვენებელი დიდიე დროგაბსას (507, 32 წლის ასაკში) და ბერბატოვისას (535 29 წლის ასაკში).
როი ჰოჯსონმა კი თქვა: "მან წინა ტურთან შედარებით გაცილებით უკეთ ითამაშა, თუმცა ჯერ კიდევ სჭირდება პრაქტიკა, რათა სრული სიმძლავრით ათამაშდეს"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული