აგერმა, კერძოდ, ჰოჯსონს სტრატეგია დაუწუნა. დანიელის თქმით, ლივერპულელ მცველებს ახლა გრძელი პასების გადაწოდება ევალებათ მას კი ამ დავალების შესრულება არ სურს, რადგან
"მწვრთნელს უნდა, რომ ჩვენ მოედნის წინა ნახევარში ვითამაშოთ და ამისათვის მთელი სისტემა გადააწყო. მცველებს ახლა სულ სხვა რაღაცის კეთება გვევალება, ეს კი ჩემი ფეხბურთი არ არის. მე სხვა ტიპის მოთამაშე ვარ, ბურთის ფლობა მიყვარს. რა გამოვა ამ საქმიდან, დამტოვებს ჰოჯსონი გუნდში თუ აღარ მათამაშებს, გამოჩნდება.
მესმის, რომ სანამ გუნდში ვარ სხვანაირად თამაში უნდა ვცადო. მეორე მხრივ, ვიმეორებ, რომ ყოველ ჯერზე ბურთის მიღებისთანავე მოშორება ძალიან გამიჭირდება, ეს ჩემს ბუნებას ეწინააღმდეგება. ჩემი შანსისთვის რასაკვირველია, ვიბრძოლებ. ყველა ღონეს ვიხმარ, რადგან კარგად მესმის, რომ დიდ კლუბს წარმოვადგენ და იმედი მაქვს, რომ ჩემს დამოკიდებულებას ჰოჯსონიც გრძნობს.
საერთოდ, ფეხბურთში ასეა, გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს მოთამაშე კი უნდა დაემორჩილოს. ფეხბურთელი ვალდებულია თავისი სტილი მის მოთხოვნებს შეუხამოს. ამიტომაც იძულებული ვარ ჰიჯსონის ფილოსოფია გავითვალისწინო და ისე ვითამაშო, მაგრამ ამის გაკეთება მიჭირს~.
ალბათ, სწორედ ამ შეუთავსებლობით გახლდათ გაპირობებული ის, რომ კვირას "ოლდ ტრეფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრაში აგერი მოედანზე არ იყო. ჰოჯსონმა მის ნაცვლად მარტინ შკრტელი ათამაშა. ახლა ამას ეს კრიტიკული შენიშვნებიც დაემატა და ძალიან საინტერესოა, რით უპასუხებს დანიელს მერსისაიდელთა თავკაცი. მეორე მხრივ კი მას თავად აკრიტიკებენ. მეოთხე ტურში, ბირმიბგემში "ლივერპულმა" ძალიან უსახურად ითამაშა, ცხრილში შეუფერებელ ადგილზე თავშივე მოგახსენეთ...
და შემოქმედებით პრობლემებს ფინანსურიც ემატება. ცნობილი გახდა, რომ "ლივერპულის" ამერიკელ მეპატრონეს ტომ ჰიკსს დიდი ბიზნეს გეგმა ჩაეშალა. კერძოდ, მერსისაიდულ კლუბს "შოტლანდიის სამეფო ბანკისთვის" 11 ოქტომბრამდე არც მეტი არც ნაკლები 237 მილიონი ფუნტი ანუ 369,621 მილიონი დოლარი აქვს დასაბრუნებელი. ამისათვის ჰიკსი მსხვილ ამერიკულ კომპანიასთან "ბლექსტოუნთან" აწარმოებდა მოლაპარაკებებს. გარიგება 280 მილიონ ფუნტზე (436,683 მილიონი დოლარი) უნდა შემდგარიყო, მაგრამ ბოლო ცნობების თანახმად ამ საქმეს კარგი პირი აღარ უჩანს.
ნიშნავს ეს იმას, რომ "ლივერპულში" ჰიკსის რეჟიმს ბოლო დღეები უდგას? ამ კითხვაზე პასუხს დაბეჯითებით ვერავინ გასცემს, რადგან შესაძლოა "შოტლანდიის სამეფო ბანკმა" თანხის დაფარვის ვადა შესაბამისი პირობებით გადაწიოს და ამერიკელს, რომელიც მერსისაიდელ ქომაგს მაინცდამაინც არასდროს ჰყვარებია, კლუბის მყიდველის პოვნის საშულება მისცეს.