იან რაიტის სვეტი: სემ ელერდაისი ცბიერი კაცია

AutoSharing Option
"არსენალის" ლეგენდა და "სანის" მიმოხილველი იან რაიტი თავის მორიგ სვეტში "ბლექბერნის" თავკაცის სემ ელერდაისის ერთ-ერთ ბოლო კომენტარს გამოეხმაურა. ეს კომენტარი "ლელოს" მკითხველისთვის ცნობილია - ხომ გახსოვთ, ელერდაისმა "არსენალის" თავკაც არსენ ვენგერს უხეშობისა და მსაჯობის საკითხზე პასუხი რომ გასცა? ჰოდა, რაიტმაც თავის მხრივ ვეტერან ინგლისელს სპეციალისტს უპასუხა. მან დაწერა:

"სემ ელერდაისმა კვლავ არსენ ვენგერი ამოიღო მიზანში. მან თქვა, ვენგერმა ფეხბურთის ასოციაციას თავის მოთამაშეთა უხეშობისგან დაცვა იმიტომ სთხოვა, რომ ამით მსაჯებზე ზემოქმედება სურდაო. "დიდმა სემმა" ვენგერს ძალიან ჭკვიანი კაცი კაცი უწოდა და
დასძინა, რომ ის ლონდონსი პრესას თავის ჭკუაზე ათამაშებს.
მე სხვანაირად ვფიქრობ: ბოლო რამდენიმე წელიწადში ვენგერს იმდენი მოთამაშე დაუშავდა ძალიან სერიოზულად, რომ მას ბინძური ორთაბრძოლების წინააღმდეგ გალაშქრების სრული უფლება აქვს. ჩემი აზრით ორთაბრძოლის ხელოვნება თანდათანობით კვდება და, მართალია, დღეს პრემიერლიგაში ბევრს ჰგონია, რომ ამ ილეთებს ფლობს, მაგრამ, სინამდვილეში ბურთის წართმევისა არაფერი გაეგება. სწორედ ამიტომ მომრავლდა მოტეხილობები და კოჭის ტრავმები.

რაც შეეხება მას-მედიის კონტროლს ეს არც მეტი არც ნაკლები ტყუილია, რადგან შეუძლებელია.

ამასთან, ელერდაისი ეშმაკობს. ის ამბობდა, რომ ვენგერის ამ კომენტარების შემდეგ "არსენალის" ფეხბურთელებთან მიკარება შეუძლებელი გახდებოდა, ამასობაში კი მისმა ფეხბურთელმა ელ-ჰაჯი დიუფმა არასპორტული საქციელი ჩაიდინა. შაბათს, "ბლექბერნისა" და "ფულჰემის" შეხვედრაში დიუფი ლონდონელების მეკარეს მარკ შვარცერს დაეჯახა, რასაც შედეგად კრისტოფერ სამბას გოლი მოჰყვა. იმ შეხვედრაში ასეთი რამ დიუფმა მანამდეც სცადა, რაც მაფიქრებინებს, რომ ეს შემთხვევითობა კი არა ნამდვილი გეგმა გახლდათ.

ამ ეპიზოდებს კარგად დავაკვირდი: დიუფი ბურთს არც კი ეძებდა, ის მხოლოდ შვარცერს უყურებდა. მისი მიზანი მეტოქისთვის ბლოკის დაყენება იყო, რაც წესების თანახმად ჯარიმაა.
დღეს მსაჯები მეკარეებს იცავენ, მაგრამ როდესაც ესა თუ ის ფეხბურთელი მათ წარმატებით შეზღუდავს, სასტვენის ხმა, როგორც წესი არ ისმის. არადა უნდა ისმოდეს, განსაკუთრებით თუ არბიტრი კარგ პოზიციაშია, როგორც შაბათს, ხსენებულ შეხვედრაში იყო. მაგრამ, აქ უფრო მნიშვნელოვანი ორ კითხვაზე პასუხის მიღებაა:

ამუშავებდა დიუფი ამ ილეთს ვარჯიშებზე ელერდაისის ხელმძღვანელობით? ის, რომ მან ერთ შეხვედრაში ერთსა და იმავე მეკარეს ორჯერ დაუყენა ბლოკი შემთხვევითობა იყო?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მხოლოდ ელერდაისს შეუძლია და საერთოდაც, ვფიქრობ, სანამ "ბლექბერნის" თავკაცი სხვა მწვრთნელებს გააკრიტიკებდეს უჯობს საკუთარ საქციელს დააკვირდეს. თუკი მისი ფეხბურთელები იმას აკეთებენ რაც ზემოთ აღვწერეთ, ვენგერს სრული უფლება აქვს საპასუხოდ დაცვაც მოითხოვოს და რაც უნდა ის თქვას.

გასულ კვირას მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ელერდაისმა თქვა "რეალის" ან "ინტერის" მწვრთნელი რომ ვიყო უამრავ პრიზს მოვიგებდიო. ვერ გეტყვით ამ ადამიანს ენა პირში კარგად აქვს მიკერებული თუ არა, მაგრამ ისიც თქვა, "მანჩესტერ იუნაიტედის" და "ჩელსის" სათავეში რომ ვიყო ჩემპიონის ტიტულსაც მოვიპოვებდი და თასსაცო.
შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ ცოტა ძნელი წარმოსადგენია "სან სიროზე" "ინტერი" საჯარიმოში გრძელ პასს აწვდიდეს, სამუელ ეტო"ო-ს კი ბურთზე წასვლის ნაცვლად მეკარესთან დაჯახება ჰქონდეს დავალებული.

იმის თქმა სულაც არ მინდა, რომ ელერდაისი უცხოური გუნდის გაწვრთნას ვერ შეძლებს. მეტიც, მე ძალიან მინდა ვიხილო ინგლისელი მწვრთნელი უცხოური გუნდის სათავეში, მაგრამ "დიდი სემი" ასეთი ხრიკებით ფონს გასვლას ვერ შეძლებდა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული