ჩელსიმ არსენალი და სიტი უნდა დაგლიჯოს

AutoSharing Option
ფლორან მალუდამ "არსენალი" და "მანჩესტერ სიტი" გააფრთხილა, შემდეგს თქვენ გადაგივლითო. ისე, კაცმა რომ თქვას, ეს გაფრთხილებაა თუ მუქარა?

ვისაც პრემიერლიგის ცხრილი უნახავს "ჩელსის" შედეგებით უთუოდ მოხიბლული იქნება: ხუთი თამაშიდან ხუთივე მოგება, 21 გატანილი და ერთადერთი გაშვებული გოლი. არსებობენ ცინიკოსები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეს დასავლეთ ლონდონელთა სიძლიერით კი არ არის განპირობებული, არამედ მოწინააღმდეგეების სისუსტით - "ლურჯების" ბოლო მსხვერპლიც მხოლოდ და მხოლოდ "ბლექპული" გახლდათ - მაგრამ მალუდა ცინიკოსებს უახლოეს ორ ტურში უპირებს დამუნჯებას.

მაშ ასე, შემდეგ ორ ტურში "ჩელსის" "მეთოფეები" და ისტლენდელები
ხვდებიან. ამ თამაშების წინ ოცდაერთიდან ექვსი გოლის ავტორი მალუდა ამბობს:
"ხალხს არ სჯერა, რომ რაც აქამდე გავაკეთეთ მართლა მაგარი შედეგი იყო. მათ დარჩათ შთაბეჭდილება, თითქოს პირველი ხუთი გამარჯვება მეტისმეტად იოლად მოვიდა. იქნებ, შემდეგმა ორმა თამაშმა დაანახვოს ყველას, რომ "ჩელსი" ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის მზად არის. ახლა გვეძლევა საშუალება ყველას დავუმტკიცოთ, რომ ნამდვილი ჩემპიონები ვართ და ტიტულს რაგინდა რა ფასად დავიცავთ".

ჩემპიონებს, მწარედ ახსოვთ, რომ გასულ სეზონში "სიტიმ" ორივე თამაში მოუგო, თუმცა მალუდა ამაზეც თავისებურად მსჯელობს:
"შარშანდელი ორი წაგება ჩვენთვის დამატებითი სტიმულია. მას მერე "სიტიმ" შემადგენლობა მნიშვნელოვნად გააძლიერა, თუმცა ჩვენ მანჩესტერში მოსაგებად ჩავალთ. გვინდა ამ გუნდის ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ აქვთ თუ არა ჩემპიონობისთვის ბრძოლის შნო სწორედ ჩვენთან შეხვედრაში უნდა დაამტკიცონ".

"არსენალმა" 2003-04 წლებში გაიარა მთელი სეზონი დაუმარცხებლად. ეს რასაკვირველია, ისტორიული შედეგი გახლდათ და "ჩელსის" მიმდინარე შედეგებმა ბევრს არსენ ვენგერის მაშინდელი, ლეგენდარული გუნდი გაახსენა, მაგრამ მალუდამ ასე თქვა:
"არაფერი მაქვს საწინააღმდეგო თუ ერთ თამაშს წავაგებთ, მაგრამ ჩემპიონები გავხდები. ჩვენ "არსენალის" კოპირებას არ ვაპირებთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული