კინგი ციხიდან გამოვიდა

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგაში, იგივე ჩემპიონშიფში მოასპარეზე "ქოვენთრი სიტიმ" ახალი ფეხბურთელი დაიმატა – სკანდალურად ცნობილი მარლონ კინგი.

ეს იამაიკელი ფორვარდი შარშან დიდ შარში გაეხვა – გასულ შემოდგომაზე ლონდონის ერთ-ერთ ღამის კლუბში მავანი ქალბატონის "შებმის" უნაყოფო მცდელობა მისი გალახვითა და ცხვირის გატეხვით დააგვირგვინა. მოგვიანებით იმ ქალმა პოლიციაში იჩივლა და კინგს ხელი დაადო – ამან მცემაო. იამაიკელი კი უარობდა, ვიღაცაში ვეშლებიო, მაგრამ სასამართლომ ნაცემ ქალს დაუჯერა და იმხანად "ჰალის" ფორვარდს თავისუფლების 18-თვიანი აღკვეთა მიუსაჯა.

"ჰალმა" ხულიგანისგან თავი შორს დაიჭირა და საკმაოდ
ძვირადღირებული კონტრაქტიც გაუწყვიტა. აქვე შეგახსენებთ, რომ წამყვანი ფორვარდის გარეშე დარჩენილი კლუბი სეზონის ბოლოს პრემიერლიგიდან გავარდა, ხოლო მარლონ კინგს ციხეში "სამაგალითო ქცევისთვის" სასჯელი გაუნახევრეს და აგერ, 30 წლის კაცი ფეხბურთს უბრუნდება. საინტერესოა, რომ ციხიდან გამოსულ კინგს თავისუფალი აგენტის სტატუსი ჰქონდა და "ქოვენთრიმ" მისი დამატება სრულიად უფასოდ მოახერხა. ბუნებრივია, დღეს იამაიკელი საუკეთესო კონდიციებისგან შორს იქნება, თუმცა ფორმაში ჩადგომის შემთხვევაში თავის ახალ კლუბს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

აქვე მოგახსენებთ, რომ კინგს იამაიკის ნაკრებში ჩატარებულ 3 მატჩში ერთი გოლი აქვს გატანილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული