თურმე, რა მარტივად ყოფილა ყველაფერი. არადა, რა ამბავი იყო იცით? თან, ცოლის დის ფეხმძიმობის ისტორია ყველამ სათავისოდ რომ შემოატრიალა?! ბევრმა თქვა, ჩვენი ნაკრების ცუდი გამოსვლა ფეხბურთელებს შორის განხეთქილების ბრალი იყო, განხეთქილება კი სწორედ ჯერარდის ცუღლუტობის გამო მოხდაო. თურმე ნუ იტყვით და, ჯონ ტერის, რომელსაც რამდენიმე თვის წინ კაპიტნის სამკლავური უეინ ბრიჯის ცოლთან რომანის გამო ჩამოართვეს, სწყენია - ჩემი უზნეობა თუ ისჯება, სხვებისას რატომ არ ახმაურებთო და გასახდელში ბიჭები ორ ბანაკად დაყოფილან - ერთს ტერის მხარე დაუჭერია, მეორეს - ჯერარდისა.
თუმცა ეს ყველაფერი რომ ბოროტი ტყუილია, როგორც გითხარით, ძალიან მარტივად დამტკიცდა და "სანმა" ინგლისის ნაკრებთან დაკავშირებულ ადამიანებსაც ათქმევინა სინამდვილეში რა იყო და როგორ.
"ტყუილი რომ არის ერთია და მეორე კი ის გახლავთ, რომ როცა ეს ყველაფერი ფეხბურთელებმა შეიტყვეს, გაოცდნენ. მათ არც კი სჯეროდათ, რომ ამგვარ სისულელეს ასეთი ამბავი შეიძლებოდა მოჰყოლოდა. ჯერარდს არანაირი სასიყვარულო თავგადასავალი არ ჰქონია, ხოლო არარსებული ამბის გამო ფეხბურთელებს შორის ვერანაირი კონფლიქტი ვერ იქნებოდა. ჭორი სიმართლის ერთ მარცვალზეც კი არ არის დაფუძნებული, მაგრამ უცნაურად გავრცელდა, მთელს ინგლისს მოედო და ბევრმა დაიჯერა", - განმარტა საქმეში კარგად ჩახედულმა მავანმა.
კიდევ რა არის საინტერესო, იცით? ის, რომ ბევრმა "სანს" ჯერარდის მფარველობაში დასდო ბრალი. როგორც ჩანს, ამ ხალხს ისე უნდოდა, რომ ცოლის დის დაფეხმძიმების ამბავი მართალი ყოფილიყო, როცა სიმართლე გაირკვა, ვერ დაიჯერეს და ძველი ჭორის ახალი ჭორებით გამაგრება გადაწყვიტეს. გარდა ამისა, სანამ გაზეთებში დაიბეჭდებოდა, რომ ალექს კარან-ჯერარდს და არ ჰყავს, ხალხი ბრაზობდა, რომ პრესა სინამდვილეს მალავდა...