ბენიტესი ლივერპულში უვიცებთან მუშაობდა

AutoSharing Option
რაფა ბენიტესმა გარისკა, საჯაროდ გამოაცხადა ლივერპულის დირექტორატს ფეხბურთისა არაფერი გაეგებაო. ერთი შეხედვით უცნაური ნათქვამი გამოგვივიდა, იტალიური "ინტერის" თავკაცი ხომ ინგლისურ კლუბზე რასაც უნდა იმას იტყვის – სად არის აქ რისკი? მაგრამ, მეორე მხრივ, ძველი კლუბის (თუნდაც მისი შეფების) კბენა დიპლომატიური საქციელი არ არის. ნუ დაგვავიწყდება, რომ ესპანელ მწვრთნელს მერსისაიდულ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული და "წითლების" ფანებში კეთილი სახელი დაუგდია, ისტორიაშია შესული. ამიტომაც დაწერეს აქა-იქ, ასეთ სახელს მოფრთხილება სჭირდებაო.
შეგახსენებთ, რომ ბენიტესი "ლევერპულს" გასულ ზაფხულამდე ედგა სათავეში, მაგრამ ბოლოს
ყველაფერი აერია, გუნდი ჩემპიონთა ლიგაში სათამაშოდ ვერ გაიყვანა და წამყვან ფეხბურთელებთანაც დაეძაბა ურთიერთობა. შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ ბენიტესმა ლეგენდარულ ინგლისურ კლუბს ევროპის ლიგის საგზური მოაგებინა, მაგრამ ჯერ ერთი ეს "ლივერპულისთვის" ვერაფერი ბედენაა, მეორეც, მწვრთნელს, როგორც გითხარით, ფეხბურთელებთან ჰქონდა ურთიერთობა გაფუჭებული და მესამეც, ბენიტესი უკვე კლუბის დიდმოხელეებთანაც ვეღარ პოულობდა საერთო ენას.
დროთა განმავლობაში ბენიტესი სულ უფრო და უფრო რწმუნდებოდა, რომ ტრანსფერებისთვის საჭირო თანხებს "ენფილდ როუდზე" მას არავინ გამოუყოფდა და როგორც კი "ინტერიდან" ჟოზე მოურინიო წავიდა, ვაკანსიას დაეპატრონა.
"ბოლო წლებში "ლივერპულში" მე მყავდა შეფები, რომლებსაც ფეხბურთისა არაფერი გაეგებათ - განაცხადა 50 წლის ესპანელმა – მათთან საქმეზე ვერ დაილაპარაკებდი, აზრი არ ჰქონდა. აქ, "ინტერში" სხვაა, პრეზიდენტ მასიმო მორატისთან ჩინებული ურთიერთობა მაქვს".
ახლა უკვე ცნობილია, რომ ბენიტესს "ლივერპულის" მეპატრონეებთან ტომ ჰიკსსა და ჯორჯ ჯილეტთან უშუალო ურთიერთიბის საშუალება არც კი ჰქონდა. მას არც თავმჯდომარე მარტინ ბრაფტონი ხვდებოდა და შედეგად, გაუთავებელი შეხლა-შემოხლა მოსდიოდა აღმასრულებელ შეფ კრისტიან პერსლოუსა და კომერციულ დირექტორ იან ეირისთან, რომელთაც ფინანსების საკითხში დიდი უფლებები როგორც ჩანს არც ჰქონდათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული