დანიელ აგერს ცილი დასწამეს

AutoSharing Option
"ლივერპულის" ფეხბურთელი დანიელ აგერი აღშფოთებულია. ის ამტკიცებს, რომ ტყუილია, თითქოს მერსისაიდელთა ახალი თავკაცის როი ჰოჯსონის ხელში თავს კარგად ვერ გრძნობდეს და დანიურ პრესაში გამოქვეყნებულ წერილებს აპროტესტებს. გეხსომებათ: გუშინ ვწერდით, რომ დანიელმა ჰოჯსონის წინააღმდეგ გაილაშქრა. მის სამშობლოში გაზეთებმა სხვა მრავალთან ერთად მისი ასეთი ციტატაც მოიტანეს:
"მე აქ ბურთის მალე მოსაშორებლად კი არა, ფეხბურთის სათამაშოდ ვარ".
მაგრამ, "ლივერპულის" მცველმა ხმა აიმაღლა და შეეცადა ვითარებისთვის ნათელი მოფინა. მან განმარტა, რომ კითხვები, რომლებზეც მას პასუხის გაცემა მოუწია კვირას, "მანჩესტერ იუნაიტედთან" თამაშის შემდეგ დანიის ტელევიზიის
კორესპონდენტმა დაუსვა. სხვა სიტყვებით, გაზეთები, რომელთაც თემა აიტაცეს და მისგან სკანდალი შექმნეს იქ საერთოდ არ იყვნენ.
"დანიურ გაზეთებზე ძალიან ნაწყენი ვარ. მათ სრულიად ჩვეულებრივი თემა ასე არ უნდა გაებერათ. მე კვირას, თამაშის მერე დანიის ტელევიზიას ველაპარაკე. გაზეთები იქ არ ყოფილან.
ყველაფერი კიდევ იმან გაართულა, რომ ტელევიზიას თავისი ჟურნალისტის დასმული კითხვები არ უჩვენებია. იქ, მხოლოდ ჩემი პასუხები გაუშვეს. შემდეგ, ეს კონტექსტიდან მოგლეჯილი პასუხები თითზე გაზეთებმა დაიხვიეს და საბოლოოდ ასპროცენტიანი ტყუილი გამოვიდა. სწორედ ამიტომ ვარ ნაწყენი.
ზუსტად კი ყველაფერი ასე იყო: კორესპონდენტმა მკითხა რა უნდა ქნათ "ლივერპულის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი რომ დაიბრუნოთო. მე ვუპასუხე, რომ ამისათვის საჭიროა ბურთი რაც შეიძლება მალე მოვიშორო და დავძინე, რომ ამას სიამოვნებით არ ვიზამდი, რადგან სხვა ყაიდის მოთამაშე გახლავართ. აი, ამ ნათქვამს მოჰყვა მერე კუდები.
მართალი გითხრათ, ჩემი აზრით ჩვენ ძალიან კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ და ეს "არსენალთან" და "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრებში დავამტკიცეთ. ყველაზე უცნაური კი რა არის იცით? ის, რომ ევროპის ლიგაზე ბუქარესტის "სტიაუასთან" შეხვედრის წინ მე ვრცელი ინტერვიუ მივეცი და იქ მკაფიოდ განვაცხადე, რომ ახალი მწვრთნელის ხელში ადრინდელთან შედარებით თავს ყველანი უფრო ბედნიერად ვგრძნობთ.
რას იზამ, პრესა ასე მუშაობს, ყოველ შემთხვევაში დანიაში. არადა, რა მაქვს საწუწუნო? ამ სეზონში პრემიერლიგის ყველა შეხვედრაში ვითამაშე. რასაკვირველია, არ მსიამოვნებს, როდესაც მწვრთნელი სასტარტო შემადგენლობაში არ მათამაშებს, მაგრამ ჯამში ხუთი წელიწადია რაც "ენფილდზე" ვარ და თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ.
თავად განსაჯეთ, კომფორტულად რომ არ ვიყო ამდენ ხანს ერთ ადგილას რა გამაჩერებდა? ერთი სიტყვით, მინდა ყველამ იცოდეს, რომ არსად წასვლას არ ვაპირებ და "ლივერპულის" ძირითადში ადგილის დასამკვიდრებლად ვიბრძოლებ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული