ჰოჯსონი კბილებით იბრძოლებს...

AutoSharing Option
"ლივერპულის" ლეგენდამ კენი დალგლიშმა მერსისაიდელთა სათავეში როი ჰოჯსონის დანიშვნას "ჩინებული გადაწყვეტილება" უწოდა. მოგეხსენებათ, დალგლიში "წითლების" ოფისს ახალი მწვრთნელის ძებნაში მთავარ მრჩევლად ჰყავდა გამწესებული, მაგრამ იყო ერთგვარი უხერხულობაც - რამდენიმე კვირის წინ, როცა ძებვნა ჩიხში შევიდა, შოტლანდიელმა ისარგებლა მომენტით და თქვა - გუნდს სათავეში თავად ჩავუდგებიო. ერთი სიტყვით, დალგლიშს თავადაც უნდოდა "ლივერპულის" გაწვრთნა, მაგრამ... საბოლოოდ თანამდებობაზე "ფულჰემიდან" წასული ჰოჯსონი დაინიშნა. საბედნიეროდ, "წითლების" ოდინდელ ფეხბურთელსა და მწვრთნელს ეს არ სწყენია.
"ამ დანიშვნას დიდი იმედითა და ენთუზიაზმით ვუყურებ. როის კარგა ხანია ვიცნობ და
დიდ პატივს ვცემ. მართალია, ჩვენ ჯერ დეტალურად არ გვილაპარაკია, მაგრამ "ლივერპულის" ინტერესებიდან გამომდინარე, ვიცი, რომ გადაწყვეტილება საუკეთესოა", - თქვა დალგლიშმა.

ჰოჯსონი 62 წლისაა. ამბობდნენ, რომ მას "ლივერპულის" მწვრთნელობაზე თანხმობა დალგლიშთან კარგა ხნის მეგობრობრული ურთიერთობის გაფუჭებად დაუჯდებოდა. შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ხანი არ არის, რაც დალგლიში "ლივერპულში" ახალ თანამდებობაზე დანიშნეს, ელჩი დაარქვეს და რეალურად კი ბავშვთა აკადემიასა და დიდ გუნდს შორის ურთიერთობა დაავალეს. დაირხა ჭორი, რომ ჰოჯსონის დანიშვნა მისი ამ სამსახურიდან წასვლის მომასწავებელი იქნებოდა, მაგრამ ჰოჯსონმა, რომელმაც "ენფილდ როუდზე" 3-წლიან კინტრაქტს მოაწერა ხელი და კვირაში 50 ათას გირვანქას მიიღებს, თქვა:

"შექმნილ სიტუაციას უხერხულად ვერ აღვიქვამ. რამდენადაც ვიცი, კენიმ კლუბის დირექტორატს შესთავაზა მწვრთნელის თანამდებობაზე მისი კანდიდატურაც განეხილათ, დირექტორატმა კი უარი უთხრა. რამდენადაც ვხვდები ამან ჩემი და კენის ურთიერთობას ხელი არ უნდა შეუშალოს. პირიქით, მე მიხარია, რომ ის "ლივერპულში" მუშაობს და მისთვის ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი როლის მინიჭებას ვაპირებ. ის ინგლისური ფეხბურთისთვის მომავალი თაობების აღზრდის საქმეს მოემსახურება. ჩვენ აუცილებლად უნდა გვყავდეს ადგილობრივი ფეხბურთელები. 21-წლამდელები გვჭირდება და მათ კენი გაუზიარებს თავის დიდ ცოდნასა და გამოცდილებას. აკადემიასა და დიდი "ლივერპულის" საწვრთნელ ბაზას შორის ნამდვილი ხიდია გასადები. როცა კლუბში კენი დალგლიშის მასშტაბის ადამიანი გყავს, გინდა, რომ ის დიდი ხნით დარჩეს, ისე, როგორც სერ ბობი ჩარლტონია "მანჩესტერ იუნაიტედში". კენის "ლივერპულში" სხვა დიდი საქმეების კეთებაც შეუძლია და მეც ძალიან გამიადვილებს საქმეს".

თუმცა დღეს "ლივერპულში" დალგლიშის წასვლა დარჩენა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც სტივენ ჯერარდის, ხავიერ მასკერანოსა თუ ფერნანდო ტორესის ამბავი. რას ფიქრობს "წითლების" წამყვან ფეხბურთელებზე ახალი მწვრთნელი? ჰოჯსონმა ასე განახადა:

"ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელების შესანარჩუნებლად კბილებითა და ფრჩხილებით ვიბრძოლებთ, თუმცა მათ "ენფილდ როუდზე" მიჭედებასაც ნურავინ მომთხოვს. ეს არ შემიძლია. ეს არც სტივენ ჯერარდს უნდა და ეკადრება. ის ოცნებობს, "ლივერპული" გაძლიერდეს და გუნდში მის მხარდამხარ მაღალი  დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ. მინდა გითხრათ, რომ ჯერარდი საკმაოდ ჭკვიანი კაცია და კარგად იცის, რომ ამ წუთას მე მას ვარსკვლავური "ლივერპულის" გარანტიას ვერ მივცემ. ბუნებრივია, ის არასდროს მაპატიებს, რომ მოვატყუო. ასეთი მარტივი ტყუილები ხომ ძალიან იოლად იშიფრება".

ჰოჯსონმა, რომელმაც "წითლების" თავკაცის თანამდებობაზე რაფა ბენიტესი შეცვალა, კარგად იცის, რომ მისი უპირველესი ამოცანა ზემოთ ჩამოთვლილი სამი მოთამაშის შენარჩუნებაა, თუმცა ისიც სათქმელია, რა შეუძლია მას გააკეთოს? ხელფეხშეკრული ხომ არ არის? ჯერარდის წაყვანას მადრიდის "რეალი" ეშურება, ტორესის გადასაბირებლად ყველაზე მეტად "მანჩესტერ სიტი" აქტიურობს, თუმცა არც "ჩელსი" და "ბარსელონა" აკლებენ, მასკერანო კი ბენიტესს "ინტერში" უნდა.

თავის მხრივ, ჯერარდმა ასე თქვა: "როის დანიშვნით კლუბმა შესანიშნავი ნაბიჯი გადადგა. მე ვიცი, რომ "ლივერპულის" ოფისში კანდიდატების შესაძლებლობათა დინჯად აწონ-დაწონვასა და კარგად გააზრებული ნაბიჯის გადადგმას აპირებდნენ. ვფიქრობ, ჰიჯსონის კანდიდატურა ამად ღირდა. ახლა, იმედი მაქვს, ახალი მწვრთნელი ახალი გეგმით მოვა და შემდეგ სეზონში დაღს დაასვამს გუნდის თამაშს".
ჟურნალისტებმა დააზუსტეს, რომ ჯერარდი ახალ მწვრთნელს "ლივერპულის" საწვრთნელ ცენტრში, მილვუდში ამ დღეებში შეხვდა, თუმცა ეს შეხვედრა მრავლისმთქმელი ვერაფრით იქნებოდა, რადგან თავისი მომავლის ამბავს ვარსკვლავი პორტუგალიური შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ იტყვის.

ჰოჯსონმა დასძინა: "მე ჯერარდს ავუხსენი, რომ "ლივერპულში" მისნაირ ხალხთან სამუშაოდ მოვედი და ვიმედოვნებ, იმდენად მაინც უერთგულებს გუნდს, რომ ერთ ხანს თანამშრომლობის საშუალებას დამიტოვებს. ახლა ჩემი ამოცანაა საკუთარი თავი ფეხბურთელებს, კერძოდ კი ჯერარდს კარგად წარვუდგინო და მანაც მიმიღოს. მე ამ მოთამაშეს ყოველთვის გუნდის გულად და სულად აღვიქვამდი და მგონია, რომ ის იმ გზას ადგას, რომლის ბოლოსაც "ლივერპულის" ლეგენდის სახელია. მე მზად ვარ ვიცხოვრო "ლივერპულის" ცხოვრებით სტივენ ჯერარდთან და მერსისაიდელთა გუნდის სხვა ვარსკვლავებთან ერთად. სწორედ ამიტომ დავთანხმდი ამ თანამდებობას".
ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში ჰოჯსონი "წითლების" ყველა ვარსკვლავთან აპირებს დალაპარაკებას, ხოლო ტორესს მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ საგანგებოდ ესპანეთშიც კი ჩააკითხავს. ახალმა თავკაცმა დასძინა:

"ამ წუთას, მისი შეწუხება არ შეიძლება, საამისოდ შესაფერისი დრო არ არის. ჯერჯერობით, მისი გონება მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატის თამაშებით არის დაკავებული. იმედი მაქვს, რომ მუნდიალის შემდეგ ის ესპანეთში დაბრუნდება და მეც სწორედ იქ ჩავაკითხავ".



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული