კუშჩაკი "იუნაიტედიდან" წავა

AutoSharing Option
პოლონელი მეკარე ტომაშ კუშჩაკი ამბობს, რომ თუ "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითადში კვლავ არ ათამაშებენ, კლუბს გამოიცვლის. სტატისტიკა ასეთია: კუშჩაკი "ოლდ ტრეფორდზე" უკვე მეექვსე სეზონს ატარებს, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში მას მხოლოდ და მხოლოდ 53 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
და რა პერსპექტივა აქვს პოლონელს? მოგეხსენებათ, დღეს "იუნაიტედის" კარს ჰოლანდიელი ედვინ ვან დერ სარი იცავს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ 40 წლისაა, ჩინებულ ფორმაშია. კაცმა არ იცის როდის დაანებებს ვან დერ სარი თავს ფეხბურთის თამაშს და რომც დაანებოს, კუშჩაკს ნამდვილად არ აქვს იმის გარანტია, რომ
ძელებს შორის მის ადგილს დაკავებს - უკვე ლაპარაკობენ, რომ კლუბი ჰოლანდიელის შემცვლელს გარედან მოიყვანს. ერთი სიტყვით, 28 წლის პოლონელს ახლავე სჭირდება ახალი გუნდის პოვნა.
"მანჩესტერ იუნაიტედში", მოგეხსენებათ, კიდევ ერთი გოლკიპერი თამაშობდა, ბენ ფოსტერი, რომელმაც გასულ ზაფხულს გუდა-ნაბადი აიკრა და "ბირმინგემში" გადავიდა. მისი "ოლდ ტრეფორდიდან" წასვლის მიზეზიც რეგულარულად თამაშისა და ინგლისის ნაკრებში შეღწევის სურვილი იყო. ფოსტერის წასვლამ კუშჩაკს ერთი-ორ თამაშში მონაწილეობის საშუალება მისცა, რაც ერთი შეხედვით მისთვის ცუდი არ უნდა ყოფილიყო.
"ბენის პოზიცია ჩემთვის გასაგებია - თქვა კუშჩაკმა "მანჩესტერ ივნინგ ნიუზისთვის" მიცემულ ინტერვიუში - იგი "იუნაიტედიდან" წავიდა, რადგან რეგულარულად თამაშსა და ნაკრებში ადგილის დამკვიდრებას ეშურებოდა. მეც იმავე დღეში ვარ და თუ ხშირად არ მათამაშებენ, იძულებული გავხდები ბენს მივბაძო. დრო გადის. ამ სეზონის ბოლოს უკვე 29 წლის ვიქნები. მინდა ფეხბურთის თამაშით სიამოვნება მივიღო და ამისათვის რეგულარულად თამაში მჭირდება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული