პიტერ შმეიხელი გერმანელებს ირჩევს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული დანიელი მეკარე, 48 წლის პიტერ შმეიხელი კლუბის სკაუტებსა და მენეჯერებს მოუწოდებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ გერმანიის ნაკრებისა და "დორტმუნდის" ცენტრალურ მცველს, 23 წლის მატს ჰუმელსს.

ის ასევე აღიარებს, რომ ნება რომ ჰქონდეს, "ოლდ ტრეფორზე" მეორე გერმანელსაც სიამოვნებით გადაიბირებდა. ლაპარაკია "ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერზე. აი, რა თქვა მან გერმანულ SPORT1-თან ინტერვიუში: "ჰუმელსი დიდებულია.

დიახ, მსმენია, რომ "იუნაიტედი" მისით დაინტერესებულია და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს ის შესანიშნავად მოერგებოდა. იმედგაცრუებული დავრჩი, როცა შარშან გუნდმა ვერ მოახერხა მანუელ ნოიერის გადაბირება,
რადგან მას აქვს ყველა საჭირო თვისება, რათა მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერად იქცეს.

მანუ ფიზიკურად ძალიან ძლიერი და ამასთან, ძალიან მოხერხებულია. "იუნაიტედის" მეკარეებს მე რომ ვარჩევდე, მას დაუფიქრებლად დავადებდი ხელს. ცუდია, რომ კლუბში სხვაგვარად გადაწყვიტეს".

20 ივნისის ნომერში ვწერდით, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" სერიოზულად განიცდიან, რომ ლუიშ ნანისთან ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება ვერ ხერხდება, თუმცა მისი სახელფასო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მაინც უარს აცხადებენ. მომავალ კარიერაზე არანაკლებ ნერვიულობს თავად ფეხბურთელიც.

მხარეებს ამ ეტაპზე ფორს მაჟორში მუშაობა არ უწევთ, რადგან პორტუგალიელს კლუბთან კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს.

ფეხბურთელი ამბობს: "იუნაიტედში" ბედნიერი ვარ, მაგრამ რა იქნება მომავალში, ჯერ კიდევ არ ვიცი. ზაფხულში ჩემით დაინტერესებული კლუბების წინადადებებს აუცილებლად გავეცნობი, თუმცა პრიორიტეტს მაინც "მანჩესტერს" მივანიჭებ".

"ეშმაკებმა" კი, როგორც ჩანს, ჯეიმს როდრიგესის სახით ნანის შემცვლელი უკვე მონახეს. თუკი კოლუმბიელის გადაბირება მოხერხდება, ნანის ტურინის "იუვენტუსს" დაუფიქრებლად დაუთმობენ.

ახალგაზრდა სამხრეთამერიკელი მანკუნიანელთა ინტერესის გამო აღფრთოვანებულია. "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშის პერსპექტივაზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყვი. თუკი ამის შანსი მომეცემა, ბედნიერი ვიქნები," - აცხადებს ის.

პრემიერლიგის მრავალგზის ჩემპიონთა მხრიდან სერიოზულ ინტერესს ადასტურებს როდრიგესის აგენტი სილვიო სანდრიც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული