ლონდონის "ჩელსი" ანდრეა შიურლეს გადაწვდა

AutoSharing Option
"ჩელსიმ" ამ ზაფხულს მარკო მარინისა და ედენ აზარის ტრანსფერებში 38 მილიონი ფუნტი (47-48 მლნ ევრო) დახარჯა.

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულებს კიდევ რამდენიმე პოზიციაზე სურთ გაძლიერება. უკვე ვწერდით, რომ დედაქალაქელები "უიგანიდან" ნიგერიელი ვიქტორ მოზესის შეძენას გეგმავდნენ, მაგრამ საბოლოოდ გარიგება არ შედგა.

გუნდის პრეზიდენტმა დეივ უილანმა ფეხბურთელის 4 მილიონ (5 მლნ ევრო) ფუნტად გაშვებაზე კატეგორიული უარი თქვა.

ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელთან გამოთხოვება არც გუნდის მთავარი მწვრთნელის, რობერტო მარტინესის გეგმებში შედიოდა.

მოკლედ, მოზესი უკვე წარსულია. ლონდონელთა ბანაკში მასზე უკვე აღარავინ ფიქრობს. ინფორმაციას ადასტურებს ფეხბურთელის აგენტი
ტონი ფენიგანი.

სამაგიეროდ, "ლურჯებმა" "ლევერკუზენიდან" გერმანიის ნაკრების ვინგერის, 21 წლის ანდრეა შიურლეს შეძენა მოისურვეს.

ევროპის ჩემპიონატს "ჩელსის" სკაუტებიც ესწრებიან და ბუნებრივია, ფეხბურთელის თამაშს, თუკი მას ამის საშუალება კიდევ მიეცა, თვალს მიადევნებენ. ცოტა უცნაურია, მაგრამ ლონდონელებს ფეხბურთელში მხოლოდ 7 მილიონი ფუნტი (8,75 მლნ ევრო) ემეტებათ.

მაშინ, როცა გერმანელი ჟურნალისტების ვარაუდით, შიურლე მინიმუმ 18-19 მილიონი ევრო ეღირება. ჩვენი ინგლისელი კოლეგები წერენ, რომ "ჩელსი" ანდრეათი ევროპის ჩემპიონატამდე დიდი ხნით იყო დაინტერესებული.

რობერტო დი მატეოს მიაჩნია, რომ მაღალი, სწრაფი, მოძრავი და ტექნიკური განაპირა თავდამსხმელი მის გუნდს ტაქტიკის გამრავალფეროვნების საშუალებას მისცემს.

დადის ხმები, რომ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელს "მილანიც" აკვირდება. დაბოლოს, გეტყვით, რომ შიურლეს "ლევერკუზენთან" ხელშეკრულება 2016 წლის ივლისამდე აკავშირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული