ისტლენდზე "სიტიმ" დასავლეთ ლონდონელთა ასპროცენტიანი სვლა დაასრულა. ბევრი ამბობდა, რომ მანჩინის თანამემამულის კარლო ანჩელოტის გუნდს, ნამდვილი გამოცდა სწორედ ამ დღეს უნდა ჩაებარებინა – "ლერჯებს" მანამდე სუსტი მეტოქეები ხვდებოდნენ და ისინი მათ ლუკმად არ ჰყოფნიდა. მაგრამ, "ჩელსი" გამოცდაზე
"ჩვენ ის ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ, რაც ჩაფიქრებული გვქონდა. "მანჩესტერ სიტიმ" ნახევარდაცვის შუაში ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. მეტოქისგან შეზღუდულებმა საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოვავლინეთ. მასპინძლებს ეს გამარჯვება ეკუთვნოდათ. მათ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ და ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლიათ" – თქვა მატჩის შემდგომ ანჩელოტიმ.
ამ შეხვედრაში ყურადღება კიდევ იმან მიიპყრო, რომ ანჩელოტიმ თამაშის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე დიდიე დროგბა დენილელ სტარიჯით შეცვალა და თქვა, ეს ცვლილება ტრავმით განპირობებული არ გახლდათო.
"მე ტაქტიკური გადაწყვეტილება მივიღე - ბრძანა მწვრთნელმა – მონდოდა შეტევის მარჯვენა ფრთაზე სტარიჯის სისწრაფე გამომეყენებინა".
თუმცა, "ჩელსის" "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხებაში გასაკვირი არაფერია, აი "არსენალისგან" კი ასეთ ჩავარდნას არავინ ელოდა – არსენ ვენგერის ბიჭებს "ვესტ ბრომვიჩმა" არც მეტი არც ნაკლები "ემირეიტ სთედიუმზე" მოუგო. ცნობისათვის: ჩრდილოლონდონელებს შინ იანვრის შემდეგ არ ჰქონდათ წაგებული და მაშინაც, "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდნენ, პრემიერლიგაში ახალაღზევებულ მეტოქესთან კი არა... მეტსაც გეტყვით, "ვესტ ბრომვიჩს" წესით პირველ ტაიმშივე უნდა გაეხსნა ანგარიში, მაგრამ კრის ბრანტმა პენალტი ცუდად დაარტყა და ბურთი მეკარე მანუელ ალმუნიას ლუკმა გახდა.
ალმუნიაზე კიდევ აი რისი თქმა შეიძლება: პენალტი, რომელიც ახლახან ვახსენეთ იმიტომ დაინიშნა, რომ ესპანელმა გოლკიპერმა სწრაფი პიტერ ოდემვინგიე წააქცია, თუმცა მეორე ტაიმში ის კვლავ შეცდა და მდგომარეობა ვეღარ გამოასწორა. მისმა ამ შეცდომამ "ვესტ ბრომვიჩის" მეორე გოლი გამოიწვია.
"მეკარეს გამორჩევით არაფერს დავაბრალებ. ჩვენს დღევანდელ თამაშს თუ განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ბევრმა ფეხბურთელმა ითამაშა ცუდად, განსაკუთრებით დაცვაში. ერთი სიტყვით, გუნდმა კოლექტიურად ვერ ივარგა და ასეთ დროს არავის გამოყოფა არ ივარგებს. რატომ მოხდა ასე? რატომ გამოვიყურებოდით საცოდავად? ეს ჩემთვის გამოცანაა. ცუდად ვითამაშეთ და შედეგიც ცუდი გვქონდა" _ თქვა პრეს-კონფერენციაზე ვენგერმა.
გამარჯვებულთა მწვრთნელი რობერტო დი მატეო: "მინდა გითხრათ, რომ კარგად ვითამაშეთ, სახიფათო მომენტები შევქმენით, გოლები გავიტანეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ".
ცნობისათვის: "ვესტ ბრომვიჩს" "არსენალი" ლონდონში ბოლოს 27 წლის წინ ჰყავდა დამარცხებული.
"ლივერპული" კი კიდევ ერთხელ და უკვე ვინ მოთვლის მერამდენედ იხსნა დამარცხებისგან მისმა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა. ამჯერად მერსისაიდელებს "ენფილდზე" "სანდერლენდი" 2:1-ს უგებდა. არადა, მე-5 წუთზე მასპინძლებმა ანგარიში სრულიად კურიოზული გოლით გახსნეს. იმდენად კურიოზულით, რომ კაცი იფიქრებდა, რომ ასეთი უიღბლობა "სანდერლენდს" გატეხავდა. კერძოდ, სტუმრებს საკუთარი ნახევრიდან ჯარიმა უნდა დაერტყათ. ბურთი ცენტრს ოდნავ უკან იყო, კიდევ უკან, კი, სტუმართა კარისკენ მხოლოდ მათი მეკარე იდგა, ისიც შორს, თავის საჯარიმოში. ჰოდა, მაიკლ ტერნერმა გოლკიპერს ეს ბურთი იმდენად უნიათოდ და ნელა გაუგორა (თან არც შეხედა, თავად შეტრიალდა და წინ წავიდა), რომ მას ძალიან იოლად დაეწია ფერნანდო ტორესი, რომელსაც დირკ კუიტიც გაჰყვა. ტორესი მეკარესთან პირისპირ შევიდა, მოხერხებულ მომენტში ჰოლანდიელს დაუგორა და მანაც პრაქტიკულად დაუცველ კარში შეაგდო.
ამ შეხვედრისას კიდევ იმას დავძენთ, რომ საგოლე პასი ჯერარდსაც ტორესმა ჩააწოდა – მარჯვნიდან, სწრაფ, დინამიკურ ეპიზოდში პირდაპირ თავზე დაასვა ბურთი.
ჰარი რედნაპმა კი თავის ყოფილ გუნდთან, "ვესტ ჰემთან" ცხოვრებაში პირველად წააგო – ფრედერიკ პიქვიონის მიერ გატანილმა გოლმა "აპტონ პარკზე" "ტოტენჰემი" დაამარცხა. ამ შეხვედრაში ძალიან კარგად ითამაშა მასპინძელთა მეკარემ რობერტ გრინმა, რომელსაც, გეხსომებათ, მსოფლიოს ჩემპიონატზე დაშვებული შეცდომის გამო მთელი ამ ხნის განმავლობაში საშინელი წნეხის გაძლება უწევდა.
"ის ძალიან კარგი მეკარეა, ხოლო კარგი მეკარისგან ასეთი თამაში ნორმალურია. გრინმა ლუკა მოდრიჩის დარტყმა სასწაულებრივ მოიგერია" _ შეაქო კარის მცველი "ჩაქუჩთა" კმაყოფილმა თავკაცმა ავრამ გრანტმა.
"ბლექპულისა" და "ბლექბერნის" თამაში კი ბლექ-იუმორით (შავი იუმორით) გაჟღენთილი გამოვიდა – პირველ ტაიმში ჩარლი ადამმა საკუთარ კარში გაიტანა და სტუმრები დააწინაურა. მასპინძლებმა გათანაბრება შეხვედრის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე შეძლეს, მაგრამ... ანგარიში მაინც ვერ შეინარჩუნეს. ბლექპულის მწვრთნელმა იან ჰოლოუეიმ მატჩის შემდეგ მსაჯი მაიკ დინი გააკრიტიკა და თანაც დაიტრაბახა, "ბლექბერნს" ამდენი პრობლემა, ჩვენ რომ შევუქმენით "მანჩესტერ სიტიმაც" ვერ შეუქმნაო.