ის, რაც ლონდონის "არსენალში" ხდება

AutoSharing Option
"არსენალი" ის კლუბია, რომელზეც ინგლისური პრესა ბოლო ხანს ყველაზე მეტს წერს.

"ემირიტსის" დატოვებასთან ძალიან ახლოს არის გუნდის კაპიტანი და შარშანდელი პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი რობინ ვან პერსი.

ჰოლანდიელის ცნობილი განცხადების შემდეგ წასვლა, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი აქვს თეო უოლკოტსაც.

მოკლედ, "მეთოფეთა" ბანაკში სერიოზული დაძაბულობაა. "დეილი მირორი" "არსენალის" ვეტერან ვარსკვლავ სოლ კემპბელს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა.

აი, რა უპასუხა გამოცემას 37 წლის ვეტერანმა.

- მესმის, რატომაც გადაწყვიტა ვან პერსიმ, რომ ახალ კონტრაქტს ხელი არ მოაწეროს. როცა შვებულების შემდეგ გუნდის გასახდელში შედიხარ, ცდილობ, რომ ცვლილებები
შეაფასო.

ამ დროს გინდა, რომ საუკეთესო ფეხბურთელები იხილო გვერდით. თუკი ასე ხდება, მაშინ გიჩნდება იმედი, რომ რაღაცას მიაღწევ. სწორედ ეს განცდა სჭირდება რობინს. შესაძლოა, მას არ მოეწონა ის, რისი მოწმეც გახდა, რადგან მას ბევრად უკეთესი დროც ახსოვს.

ბოლოს და ბოლოს, მას უფრო მეტი უნდა. ფეხბურთელის განცხადება იმის ნიშანია, რომ მის მოთმინებასაც აქვს საზღვარი, რომ მისი მიზანი სერიოზული ტიტულების მოგებაა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის ისეთ კლუბში წავა, სადაც თავიდანვე ექნება ამის იმედი.

შესაძლოა, ის დარჩეს კიდეც "არსენალში", თუკი კლუბი 100 მილიონ ფუნტს მოიძიებს მსოფლიო კლასის სამი ფეხბურთელის შესაძენად. კლუბმა შარშან ფაბრეგასი-ნასრის დუეტი გაუშვა და ვერც წელს ვხედავ საფუძველს, რომ ეს მოხდეს.

"არსენალს" აქვს მყარად მომუშავე ფინანსური სისტემა. მათ ფანტასტიკური სტადიონი ააშენეს, ვალის მოცულობა ნელ-ნელა მცირდება. ზოგადადაც, მოედანს მიღმა ყველაფერი კარგად ვითარდება... ერთი სიტყვით, დიდ ფულს შოულობენ, მაგრამ ამ დროს გუნდი წლებია, ვერაფერს იგებს. ანუ არ ხდება მთავარი, რაც უნდა მოხდეს.

ვენგერი: პრინციპებს არ ვუღალატებ
"არსენალის" თავკაცმა არსენ ვენგერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არასოდეს დათანხმდება მეგატრანსფერებს და სანამ ლონდონში მუშაობს, ბოლომდე ერთგული დარჩება თავისი პრინციპების.

"ბოლომდე ვეთანხმები იოჰან კრუიფის საფეხბურთო ფილოსოფიას. ცუდია, რომ დროდადრო ვიღაცები შენ მიერ წლობით ნაშენებს ერთი ხელის მოსმით ანგრევენ.

ხანდახან ძალიან გინდა, რომ რომელიმე ფეხბურთელი მთელი კარიერის განმავლობაში შენთან დარჩეს, მაგრამ ეს ხშირად არ გამოდის.

მეც სწორედ ამის მსხვერპლი გავხდი. შარშან ნასრი, კლიში და ფაბრეგასი დავკარგე, თანაც, ისეთ ასაკში, როცა მათ თავიანთი საუკეთესო ფეხბურთი უნდა ეთამაშათ "არსენალში". მეც არაერთხელ შემეძლო კლუბიდან წასვლა, მაგრამ ეს არ გამიკეთებია, რადგან აქ ვმუშაობ უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში და მთელი ეს პერიოდი ჩემი პრინციპების ერთგული ვრჩები. ფული ჩემთვის მოტივაცია არასოდეს ყოფილა.

კრუიფის მსგავს ადამიანებს არასოდეს შეუქმნიათ გუნდი იმ ფეხბურთელებისგან, რომელთა მთავარი მიზანი დიდი ფულის შოვნა იყო. ჩვენ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ძალიან გვინდა, ფეხბურთს რაღაც უფრო მეტი ვაჩუქოთ,"
- განუცხადა ფრანგმა ESPN-ს.

დეილი მირორი: დაე, წავიდეს!
უკომენტაროდ გთავაზობთ "დეილი მირორის" მესვეტე ენდი დანის ნააზრევს:

- დაე, ვან პერსის წასვლა ჰქონდეს გადაწყვეტილი. დაე, მეტი ხელფასის მიღება სურდეს. შესაძლოა, მისი წასვლა ტიტულების მოპოვების დაუოკებელი სურვილითაც არის ნაკარნახევი, მაგრამ როდის აქეთ მიეცა ფეხბურთელს კლუბის განვითარების მიმართულების არჩევის უფლება, ვისაც წინა 6 სეზონის განმავლობაში საშუალოდ 9 გოლი გაჰქონდა? ის, რომ ვან პერსის საზოგადოების სამსჯავროზე გამოაქვს დეტალები, ეს, უბრალოდ, უპატივცემულობა კი არა, ცოტა შეურაცხმყოფელიც კია ენ ვენგერისთვის.

ის, რაც ფეხბურთელმა დაწერა, არ იყო უბრალოდ განცხადება, რომელსაც კონტრაქტის გაგრძელება არ სურს. ეს იყო კლუბში საკუთარ მნიშვნელობაზე ეგოისტური ხაზგასმა.

გულდასაწყვეტი კი ის არის, რომ ეს გააკეთა ფეხბურთელმა, ვინც იქამდე კაპიტნის, გუნდის სიმბოლოსა და "არსენალის" საუკეთესო ფეხბურთელის ტვირთს კარგად უმკლავდებოდა. ლონდონელთა გულნატკენ და შესაძლოა, იმედგაცრუებულ გულშემატკივრებს ვურჩევდი, რომ არ ღირს ცრემლის ღვრა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ფეხბურთელების ერთიანობაა, რომლებიც კლუბში რჩებიან.

უინტერბერნი: ლიგა მინიმუმია
ნაიჯელ უინტერბერნი "არსენალის" ლეგენდაა. კლუბის ღირსებას ის 13 სეზონის განმავლობაში იცავდა და მისი მაისურა 550-მდე შეხვედრაში მოირგო. 48 წლის ვეტერანი "მეთოფე" დარწმუნებულია, რომ კლუბს ჯერ კიდევ შეუძლია რობინ ვან პერსისთან თანამშრომლობის გახანგრძლივება. ამ თემაზე ის talkSPORT-ს ელაპარაკა:

- "არსენალმა" რამდენიმე კარგი ფეხბურთელი უკვე შეიძინა. იმედია, შემადგენლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. რეალურია, რომ სამომავლოდ დაგეგმილმა ტრანსფერებმა ვან პერსი დაარწმუნოს, რომ ღირს დარჩენა.

5-6 წარუმატებელი სეზონის შემდეგ გუნდი ახალი მიმართულებით იწყებს სვლას. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ის კლუბი, რომელიც ყოველ წელს საუკეთესო ფეხბურთელებს ყიდის, იმის მიუხედავად, რომ დირექტორთა საბჭოში შეიძლება ასეთი გეგმაც ჰქონდეთ.

მთავარია, რომ სეზონის დაწყების წინ მოთამაშეებს ჰქონდეთ იმის რწმენა, რომ მათ შეუძლიათ ტიტულების მოგება.

იმ დროს, როცა ჯერ ფაბრეგასი და ნასრი მიდიან, მერე კი მათ გზას ვან პერსიც ადგება, ფეხბურთელებში ეს იმედიან განწყობას აქრობს.

ძალიან რთულია ისეთ კლუბებთან კონკურენცია, როგორებიც არიან "სიტი", "იუნაიტედი" და "ჩელსი", მაგრამ როცა ფეხბურთელი ხარ, უნდა გჯეროდეს, რომ ეს შეგიძლია. კარგია ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა, თუმცა ეს პროგრამა მინიმუმი
უნდა იყოს.

ჩელსი მოლაპარაკებებს იწყებს
ინგლისური გაზეთების ცნობით, "ჩელსის" ამ ზაფხულშივე აქვს განზრახული "არსენალიდან" თეო უოლკოტის შეძენა.

ფეხბურთელს კონტრაქტი მომდევნო ზაფხულში უმთავრდება, ახალი ხელშეკრულების გაფორმებას კი 23 წლის გარემარბი ეჭვის თვალით უყურებს. მეტიც, მოლაპარაკებათა პროცესი ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

"ლურჯებისთვის" მარჯვენა შემტევი ნახევარმცველის პოზიცია შესაძლოა აქტუალური გახდეს, რადგან გაქცევაზე უჭირავს თვალი დენიელ სტარიჯს. თეოს საკითხი დღის წესრიგიდან იმ შემთხვევაში მოიხსნება, თუკი "უიგანიდან" ვიქტორ მოზესის გადაბირება მოხერხდება.

"ჩელსის" გარდა, უოლკოტისთვის დიდი ხანია, თვალი აქვს დადგმული "ლივერპულსაც".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული