სამი დალიე, შეგერგება

AutoSharing Option
დიდებული ფეხბურთითა და საშინელი ლოთობით ლეგენდარული პოლ გესქოინის ცხოვრება როგორც ჩანს ფხიზლობის ფაზაში შევიდა – "ნიუკასლ იუნაიტედის", "ტოტენჰემ ჰოთსპურის", "ლაციოს", "რეინჯერსის" და კიდევ ოთხი კლუბის ყოფილი ვარსკვლავი ნონ ლიგის "გერფორთ თაუნს" ჩაუდგა სათავეში. ბუნებრივია, ამ ინფორმაციის გაგებისას პირველი რაც კაცს თავში მოუვა ასეთი შეკითხვაა: კი, მაგრამ რას ერჩოდა "გერფორთ თაუნის" ხელმძღვენელობა საკუთარ გუნდს? თუმცა, 43 წლის გაზა ასე ამბობს:

"ახლა თავს ჩინებულად ვგრძნობ. ჩემთვის "გერფორთ თაუნის" სათავეში ჩადგომა დიდი გამოწვევაა, ოღონდ ძალიან მაინტერესებს ფეხბურთელებს თუ უნდათ ჩემთან ერთად ეს გამოწვევა
რომ მიიღონ. ადრე არ ვიცოდი როდის მოვახერხებდი ფეხბურთში დაბრუნებას, ახლა კი აქ ვარ და მინდა ფეხბურთელებს კარგად თამაში ვასწავლო. ყველას დავარწმუნებ, რომ საქმისადმი თავდადებული კაცი ვარ".

ახლა კი მოდი დავაზუსტოთ მაინც რა შეჯიბრებაში გამოდის დასავლეთ იორკშირის ეს გუნდი. ეს გახლავთ, ეგრეთწოდებული "ივო-სტიკის" ჩრდილოეთის ლიგის პირველი დივიზიონი – უშუალოდ კონფერენსის ქვემოთ. გამოდის, რომ პრემიერლიგიდან მეხუთე დონეა. გესქოინი ამბობს:

"აღტაცებული ვარ და რასაკვირველია, ცოტათი ვნერვიულობ კიდეც. ერთი სული მაქვს როდის შევუდგები საქმეს".

შეგახსენებთ, რომ გესქოინმა ადრეც სცადა მწვრთნელობა, "კეტერინგს" ჩაუდგა სათავეში, მაგრამ 39 დღეში დატოვა იქაურობა. მიზეზი: ძალიან ბევრს სვამდა.
"გერფორთის" მეპატრონე საიმონ კლიფორდი: "ჩვენი გუნდის მწვრთნელად პოლ გესქოინის დანიშვნა პიარისთვის გადადგმული ნაბიჯი არ არის. მე მინდა მან ფეხბურთელებზე იმოქმედოს და თუ ვინმეს ცხოვრებაში რაიმე პრობლემა აქვს, აჩვენოს, რომ მათი დაძლევა შეიძლება. მან ხომ ჯოჯოხეთი გამოიარა, მაგრამ კვლავ ფეხზე დგას".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული