"ახლა თავს ჩინებულად ვგრძნობ. ჩემთვის "გერფორთ თაუნის" სათავეში ჩადგომა დიდი გამოწვევაა, ოღონდ ძალიან მაინტერესებს ფეხბურთელებს თუ უნდათ ჩემთან ერთად ეს გამოწვევა
ახლა კი მოდი დავაზუსტოთ მაინც რა შეჯიბრებაში გამოდის დასავლეთ იორკშირის ეს გუნდი. ეს გახლავთ, ეგრეთწოდებული "ივო-სტიკის" ჩრდილოეთის ლიგის პირველი დივიზიონი – უშუალოდ კონფერენსის ქვემოთ. გამოდის, რომ პრემიერლიგიდან მეხუთე დონეა. გესქოინი ამბობს:
"აღტაცებული ვარ და რასაკვირველია, ცოტათი ვნერვიულობ კიდეც. ერთი სული მაქვს როდის შევუდგები საქმეს".
შეგახსენებთ, რომ გესქოინმა ადრეც სცადა მწვრთნელობა, "კეტერინგს" ჩაუდგა სათავეში, მაგრამ 39 დღეში დატოვა იქაურობა. მიზეზი: ძალიან ბევრს სვამდა.
"გერფორთის" მეპატრონე საიმონ კლიფორდი: "ჩვენი გუნდის მწვრთნელად პოლ გესქოინის დანიშვნა პიარისთვის გადადგმული ნაბიჯი არ არის. მე მინდა მან ფეხბურთელებზე იმოქმედოს და თუ ვინმეს ცხოვრებაში რაიმე პრობლემა აქვს, აჩვენოს, რომ მათი დაძლევა შეიძლება. მან ხომ ჯოჯოხეთი გამოიარა, მაგრამ კვლავ ფეხზე დგას".