ლონდონის "ჩელსის" ამბები: გარი კეჰილი დაბრუნდა

AutoSharing Option
"ჩელსის" 26 წლის ცენტრალურმა მცველმა გარი კეჰილმა სრულფასოვანი ვარჯიშები განაახლა.

მოგეხსენებათ, ფეხბურთელმა ტრავმა ჯერ კიდევ აპრილის შუა რიცხვებში მიიღო. შემდეგ მომჯობინდა და "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა კიდეც, როი ჰოჯსონმა კი გარის სანაკრებო შეკრებაზე უხმო.

კეჰილი მშვენიერ ფორმაში გახლდათ, თუმცა ბელგიასთან ამხანაგურ შეხვედრაში დრის მერტენსმა ხელი ჰკრა, ჯო ჰარტს დაეჯახა და ყბის ორმაგი მოტეხილობა მიიღო.

ექიმებმა ფეხბურთელი შეკრებიდან უმალ გაათავისუფლეს. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ გარი ისევ მწყობრშია.

"ტრავმის გამო ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე, თუმცა ახლა უკვე ყველა პრობლემა მოგვარებულია. ექიმებმა რამდენიმე მეტალის
ფირფიტა ჩამიდგეს დამტვრეული ძვლების მაგივრად, რათა ყბა უძრავად მქონოდა დაჭერილი. ასე მთელი ორი კვირა გავატარე.

მთელი ეს დრო მხოლოდ მსუბუქ საკვებს ვიღებდი. მოხარული ვარ, რომ შემიძლია, ადამიანურ ცხოვრებას დავუბრუნდე,"
- უთხრა ფეხბურთელმა "ჩელსის" ვებგვერდს.

ბენაიუნი შეიძლება დარჩეს
თუკი რობერტო დი მატეო მოისურვებს, იოსი ბენაიუნს არაფერი აქვს საწინააღმდეგო, რომ მომდევნო საფეხბურთო წელიწადი "ჩელსიში" გაატაროს.

მოგეხსენებათ, 32 წლის ნახევარმცველმა 2011/12 წლების სეზონი "არსენალში" გაატარა, სადაც ის, პრაქტიკულად, მთელი სეზონი კარგად თამაშობდა. ვენგერმა მისდამი ნდობა მხოლოდ სეზონის მიწურულს დაკარგა. ებრაელ შუახაზელს ყველაზე მეტად რატომღაც "ემირიტსზე" დაბრუნება არ სურს.

"ჩემი წასვლის შემდეგ "ჩელსიში" ბევრი რამ შეიცვალა. ვილაშ ბოაშმა არ გაამართლა, რობიმ კი დანიშვნისთანავე შეძლო გუნდის გამოღვიძება და როგორც ნახეთ, მათ სეზონი ტრიუმფალურად დაასრულეს," - აცხადებს ბენაიუნი.

რომეუ ბლაუგრანას სამიზნეში
ესპანეთის ოლიმპიური ნაკრების ნახევარმცველი ორიოლ რომეუ ამტკიცებს, რომ მან არაფერი იცის "ბარსელონასა" და "ჩელსის" შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ და ის ლონდონური კლუბიდან წასვლას არ აპირებს.

20 წლის საყრდენი ნახევარმცველი სწორედ "ბლაუგრანას" აკადემიის აღზრდილია და "სტემფორდ ბრიჯზე" შარშან აგვისტოში გადავიდა სათამაშოდ.

მას თითქმის ბრმად ენდობოდა ანდრე ვილაშ ბოაში, დი მატეოს ხელში კი სათამაშო პრაქტიკა მოაკლდა. აპენინელის დროს ის იშვიათად და ისიც შეცვლებზე თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული