დარჩება დროგბა ჩელსიში?

AutoSharing Option
დიდიე დროგბამ განაცხადა, რომ არ იცის დარჩება თუ არა "ჩელსიში" კარიერის ბოლომდე. ინგლისურმა ტაბლოიდებმა ეს ამბავი რასაკვირველია თითზე დაიხვიეს და კოტ დ"ივუარელის საკონტრაქტო საქმეები გადაამოწმეს. დღეისათვის ასეა: 32 წლის ფორვარდს, რომელიც დასავლეთ ლონდონის კლუბში 2004 წელს 24 მილიონ ფუნტად გადავიდა, "ჩელსიში" ორი წელიწადი აქვს დარჩენილი, მაგრამ გაჩერდება კი ის "სტემფორდ ბრიჯზე" ამდენ ხანს?

ჩემპიონთა ლიგაში "ჩელსისა" და ყოფილი გუნდის, "მარსელის" დაპირისპირების წინ (რომელშიც დროგბა დისკვალიფიკაციის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს) მან თქვა:
"როდესაც "ჩელსისთან" ახალ კონტრაქტს ვაწერდი ხელს ნიადაგ ვიმეორებდი, რომ
ამ კლუბში კარიერის ბოლომდე ვაპირებდი დარჩენას, მაგრამ ახლა ამაში დარწმუნებული არ ვარ და ვამბობ, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

მახსოვს, "მარსელში" ყოფნის დროსაც ასე ვამბობდი, მთელი კარიერა "ველოდრომზე" უნდა გავატარო, მეთქი, მაგრამ ერთ კვირაში ყველაფერი ყირაზე დადგა".
ამასობაში, დასავლეთ ლონდონელთა იტალიელმა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ უარყო ხმები, თითქოს "მარსელს" თავისი ყოფილი ფორვარდის დაბრუნება სურს და ზაფხულზე "ლურჯებს" კონკრეტული წინადადებითაც მიმართა. თავად დროგბამ დასძინა:

"იმედი მაქვს "ველოდრომზე" საპასუხო შეხვედრას მაინც არ გამოვტოვებ. ეს ხომ ჩემთვის განსაკუთრებული შემთხვევა იქნება. "ველოდრომზე" ყოველთვის საგანგებო ატმოსფეროა".
ასეთი რა ატმოსფეროა მარსელის სტადიონზე მართლაც ძალიან საინტერესოა, მითუფრო, რომ ფრანგული გუნდის მცველმა სულეიმან დიავარამ, რომელიც თავის დროზე, 2006-07 წლებში "ჩარლტონ ატლეტიკში" გამოდიოდა, "ცეცხლს ნავთი" დაასხა:

"ორჯერ ვყოფილვარ "სტემფორდ ბრიჯზე" და იქაურმა ატმოსფერომ შთაბეჭდილება საერთოდ ვერ მოახდინა. "ჩელსის" ჩუმი ფანები ჰყვს. აი, ჩვენთან, "ველოდრომზე" სულ სხვაა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული