ჯერარდის დანდობა არ შეიძლებოდა

AutoSharing Option
მსაჯი სტიუარტ ეტუელი დასაჯეს - მომავალ ტურში ის პრემიერლიგის თამაშს ვერ მოემსახურება. 27 წლის არბიტრს "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" შეხვედრაში მეოთხე ოფიციალური პირის ფუნქციის შესრულება მოუწევს. მიზეზი: შაბათს ეტუელმა "ლივერპულისა" და "სანდერლენდის" შეხვედრაში უცნაური გადაწყვეტილებებით გამოიჩინა თავი.

და როგორ გგონიათ, ეტუელს ბრალად შეხვედრის მე-5 წუთზე "სანდერლენდის" კარში დირკ კუიტის გოლის ჩათვლა წაუყენეს? დიახ, ერთი შეხედვით მატჩის ყველაზე ხმაურიანი და კურიოზული მომენტი სწორედ ეს იყო, მაგრამ კოლეგებმა ამ გადაწყვეტილების გამო მსაჯი პირიქით, დაიცვეს - ცამდე მართალი იყოო - აი სტივენ ჯერარდის
დანდობა და მოედანზე დატოვება კი არ აპატიეს. მერსისაიდელთა და ინგლისის ნაკრების კაპიტანი დენი უილბეკისთვის იდაყვის ჩარტყმის გამო გასაძევებელი ყოფილა, ეტუელმა კი მხოლოდ ყვითელი აკმარა და ჯერადიც დაუსჯელი დარჩა - თამაშს არ ტოვებს.

ცნობისათვის: სტიუარტ ეტუელი ფეხბურთის ლიგის (მასში შედის სამი დივიზიონი: ჩემპიონატი, პირველი და მერე ლიგები) შეხვედრებს 2007 წლის შემდეგ სჯის და ამ ხნის განმავლობში რამდენიმე ხმაურიან ამბავში გაეხვა.

რაც შეეხება სტივენ ჯერარდს, "ლივერპულის" ყოფილი ვარსკვლავი სტივ მაკმანამანი შიშობს რომ ის ფერნანდო ტორესთან ერთად იანვარში სატრანსფერო ბაზრის გახსნით ისარგებლებს და "ენფილდს დატოვებს". მაკმანამანმა თქვა:

"აღარც კი აქვს მნიშვნელობა კერძოდ რა ხდება. ჯერარდსაც და ტორესსაც ყველაფერზე ეტყობათ რომ "ლივერპულში" თავს ცუდად გრძნობენ. "ლივერპულის" ფეხბურთელი რომ იყოთ და გუნდს ცხრილში მე-14 ხედავდეთ, დარჩებოდით? მე, მაგალითად, არ დავრჩებოდი. თუ ამ კლუბს არც მეპატრონე შეეცვლება და არც საქმისადმი დამოკიდებულება, რად უნდა ლაპარაკი, რომ საუკეთესო ფეხბურთელები გიქცევიან იქ, სადაც ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებენ. დღეს ვარსკვლავებმა წარმატებისთვის საუკეთესო ლიგებსა და საუკეთესო გუნდებში უნდა ითამაშონ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული