არსენ ვენგერის დაწუნებული 5 ტალანტი

AutoSharing Option
ბრიტანული ვებგვერდის, Offthepost.info-ს ჟურნალისტმა ჯეიმს დიკინსონმა იმ ფეხბურთელების სახელები გაიხსენა, რომლებიც თავის დროზე "არსენალის" თავკაცმა არსენ ვენგერმა უსაფუძვლოდ დაიწუნა.

სტატიის დაწერის წინაპირობა იან მ'ვილაზე ფრანგი სპეციალისტის უარი გახდა.

ამ დღეებში არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ აღარ აინტერესებს საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველის, იან მ'ვილას შეძენა, რადგან მისი აზრით, "არსენალის" ნახევარდაცვა ისედაც მშვენივრად არის დაკომპლექტებული.

თუკი ბოლო ხმებს ვერწმუნებით, ჯეკ უილშირი ოქტომბრამდე ვერ ითამაშებს, თუმცა ვენგერს მიაჩნია, რომ მ'ვილას გადაბირება უარყოფითად აისახება ტრავმამიდრეკილი აბუ დიაბის განვითარებაზე.

მწვრთნელმა განაცხადა, რომ თუკი დიაბი ფორმას აკრეფს, მას
საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნებაც კი შეუძლია.

ეს განცხადება სიმართლეს ნაკლებად ჰგავს, რადგან ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ფეხბურთელს ძალიან გაუჭირდება ამის გაკეთება. ლაპარაკი აღარ არის ნაკრების ძირითადში მოხვედრაზე.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ვენგერი ყველა მხრივ მომგებიან გარიგებაზე ამბობს უარს, აცხადებს რა, რომ შეძენილი ფეხბურთელი პროგრესის საშუალებას არ მისცემს მისი გუნდის ამა თუ იმ მოთამაშეს.

ხოსე ენრიკე
გაელ კლიშის "მანჩესტერ სიტიში" გადაბარგებამ "მეთოფეების" დაცვის მარცხენა ფლანგზე სერიოზული ღრიჭო დატოვა. ვენგერმა რატომღაც არ ისურვა "ნიუკასლის" მცველის შეძენა იმ მიზეზით, რომ ეს ახალგაზრდა კირან გიბსს გზას გადაუღობავდა.

სამაგიეროდ, ანდრე სანტოსი შეიძინა. უკანასკნელი დროდადრო კარგ ფეხბურთს უჩვენებდა, თუმცა პრემიერლიგაში გამობრძმედილი ენრიკე მაინც მასზე ძლიერად გამოიყურებოდა. გიბსმა კი სეზონის დიდი ნაწილი ისევ ლაზარეთში გაატარა.

ჩაბი ალონსო
2008 წელს "არსენალი" მზად იყო, "ლივერპულის" პრობლემა, სახელად "ბენიტესი-ალონსო-ბერი" გადაეწყვიტა.

ვენგერმა "წითლებს" ოფიციალურად შესთავაზა კიდეც წინადადება ბასკ ნახევარმცველთან დაკავშირებით, თუმცა მას მერე, რაც მერსისაიდელებმა კომპენსაციის გაზრდა მოითხოვეს, ვენგერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, უბრალოდ, არ სურდა, დენილსონისთვის განვითარების გზა გადაეკეტა.

გულშემატკივრები, რა თქმა უნდა, ნანობენ, რომ ასე მოხდა, რადგან ბრაზილიელმა ვერ გაამართლა და აგერ, ზედიზედ მეორე წელია, სამშობლოში იჯარით თამაშობს.

იაია ტურე
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველს, ვინც ბოლო სეზონში თავისი გუნდის წარმატებებში გადამწყვეტი როლი შეასრულა, შეიძლებოდა, ახლა "არსენალის" წითელი ფორმა სცმოდა, მისი ბედი ცოტა სხვანაირად რომ წარმართულიყო.

ის ლონდონელთა ფარმკლუბის, ბელგიური "ბევერენის" რიგებში გამოდიოდა და უფროსი ძმის, მაშინ ჯერ კიდევ არსენალელი კოლო ტურეს რეკომენდაციით ლონდონში სინჯებზე ჩავიდა. თუმცა კლუბმა მასთან კონტრაქტს ხელი არ მოაწერა.

უმცროსმა ტურემ "არსენალის" შემადგენლობაში "ბარნეტთან" საკონტროლო შეხვედრაში ითამაშა კიდეც, მაგრამ ვენგერმა გადაწყვიტა, რომ ის ნახევარდაცვას მეტად ვეღარ გააძლიერებდა და იაია გაუშვა. შეცდა თუ არა, დასკვნა თავად გააკეთეთ.

ხუან მატა
კიდევ ერთი ფეხბურთელი, ვის შეძენასთანაც ლონდონელები გასულ წელს ახლოს იყვნენ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ხუან მატა გახლდათ.

მას "ვალენსიასთან" კონტრაქტში საკომპენსაციო თანხად 21 მილიონი ფუნტი (26,77 მლნ ევრო) ეწერა. თუმცა სესკ ფაბრეგასთან და სამირ ნასრისთან დაკავშირებული გაურკვეველი სიტუაციის გამო კლუბის ხელმძღვანელობამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა და მატამაც თავი "ჩელსიში" ამოჰყო.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი
თავის დროზე არსენალელი შეიძლებოდა გამხდარიყო "პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეული ზლატან იბრაჰიმოვიჩიც.

მაშინ ახალგაზრდა იბრა შვედურ "მალმიოში" თამაშობდა (ლაპარაკია 2001 წელზე. რედ). ის თანახმა იყო ლონდონში გადასვლაზე, მაგრამ ვენგერმა დაიჟინა, რომ ფეხბურთელს ჯერ სინჯები უნდა გაევლო.

ბოსნიური წარმოშობის პატივმოყვარე შვედმა ამ წინადადებაზე უარი თქვა და კონტრაქტი "აიაქსთან" გააფორმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული