ჩამქრალი ვარსკვლავი - ოუენ ჰარგრივსი

AutoSharing Option
ოუენ ჰარგრივსი დიდ ფეხბურთში მეტეორივით შემოიჭრა. 2000/01 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების 1/2-ში "ბაიერნს" "რეალთან" მადრიდულ მატჩში დიდი კაპიტანი დააკლდა, შტეფან ეფენბერგმა მეორე ყვითელი მიიღო.

ოტმარ ჰიტცფელდმა მინდორზე ადგილი 20 წლის ინგლისელს მიანდო, ვისაც იქამდე სულ თითებზე ჩამოსათვლელი თამაშები ჰქონდა ჩატარებული რეკორდმაისტერის შემადგენლობაში და ჰოი, საოცრებავ, "გენერალი" არ შემცდარა. მეორე დღეს ფეხბურთელმა უკვე ვარსკვლავის სტატუსით გაიღვიძა.

ოუენმა "ბაიერნის" რიგებში კიდევ 6 წელიწადი გაატარა და რაკი სამშობლოდან თვით "მანჩესტერ იუნაიტედი" უხმობდა, სათამაშოდ პრემიერლიგაში გადავიდა.

ფეხბურთელს დროდადრო მუხლის ტრავმა მიუნხენშიც აწუხებდა ხოლმე, მაგრამ
არა ისე უსაშველოდ, რაც მას კუნძულზე გადასვლის შემდეგ დაემართა. 4 წლის განმავლობაში "ოლდ ტრეფორდზე" მან სულ 27 მატჩი ჩაატარა და "ეშმაკებს" ცოტა ნაწყენი დაშორდა, ჩემზე სამედიცინო ექსპერიმენტებს ატარებდნენო.

შარშან ზაფხულში ჰარგრივსმა "მანჩესტერ სიტის" მიაშურა. "ქალაქელებს" მისი "მკვდრეთით აღდგომის" იმედი ჰქონდათ, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. ამჟამად ფეხბურთელი უგუნდოდაა და მარკ ჰიუზის ნებართვით, "ქუინზ პარკის" შემადგენლობაში ვარჯიშობს.

"დიახ, ოუენი ჩვენთან ერთად ვარჯიშობს. მხარეთა შორის არანაირ ვალდებულებაზე ლაპარაკი არ არის. უბრალოდ, მას ფორმის აღდგენა სურს და მოხარულები ვიქნებით, თუკი მას მიზნის მიღწევაში დავეხმარებით," - აცხადებს ლონდონელთა უელსელი თავკაცი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული