ოფიციალურად: ლონდონის "არსენალმა" სანტი კასორლა შეიძინა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალმა" "მალაგას" ნახევარმცველი, სანტი კასორლა გადაიბირა. "მეთოფეთა" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ესპანელ ფეხბურთელთან გრძელვადიანი კონტრაქტი გაფორმდა.

კასორლამ უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და გუნდს გერმანიაში შეუერთდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ტრანსფერის თანხამ არ გადააჭარბა 15 მილიონ ევროს.

"კასორლა ჩვენს გუნდს გააძლიერებს. მას საერთაშორისო და საკლუბო დონეზე თამაშის გამოცდილება აქვს, რაც ახალ სეზონში დაგვეხმარება.

სანტი უნივერსალური ნახევარმცველია, რომელიც თავდასხმაშიც გამოგვადგება. ის კარგ გადაცემებს აკეთებს და ტექნიკურიცაა",
- განაცხადა "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა.

ლონდონურ გუნდში გადასვლის შემდეგ შთაბეჭდილებები კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს თავად კასორლამაც გაუზიარა.

"ძალიან მიხარია, რომ "არსენალში" გადავედი. ამ გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელია. კლუბს კარგი სტადიონი აქვს და უამრავი გულშემატკივრის მხარდაჭერა გააჩნია.

"არსენალს" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი უდგას სათავეში. მის სათამაშო სტილს ყველგან იცნობენ და პატივს სცემენ.

ბედნიერი ვარ, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს შევუერთდი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ "არსენალს" ტიტულების მოპოვებაში დავეხმარო", - აღნიშნა ესპანელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული