რუნის თხელი კანი და გიგზის ისტორია.

AutoSharing Option
რაიან გიგზმა უეინ რუნის შეუთვალა, რომ მას კანის გასქელება სჭირდება და თან რაც შეიძლება სწრაფად. ინგლისურად ეს გამოთქმა ყველაფრის ცალ ყურში შეშვებასა და მეორედან გამოშვებას ან, თუ გნებავთ, გულგარეთ დატოვებას ნიშნავს. მოგეხსენებათ, ბოლო დროს რუნი მას-მედიის ისეთი ყურადღების ცენტრში მოხვდა, რომ ნერვიულობით გადაღლილს "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა სამკვირიანი დასვენება "გამოუწერა". 36 წლის გიგზმა 24 წლის რუნიზე კერძოდ ასე თქვა:

"უეინზე ახალგაზრდა რომ ვიყავი, დაახლოებით 17-19 წლის ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა. შემდეგ, ერთ დღესაც ფორმიდან "ამოვვარდი" და იმწუთას ყველას მოუნდა გაერკვია,
ვისთან ერთად ვცხოვრობდი, ვინ იყვნენ ჩემი ოჯახის წევრები და ასე შემდეგ.

ასეთ წნეხში რამდენჯერმე გამივლია და მინდა გითხრათ, რომ ამაში სასიამოვნო ნამდვილად არაფერია. ერთადერთი გამოსავალია კანი გაისქელო და ეს ძალიან დაგეხმარება".
რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, რომ რუნის წინააღმდეგ ინგლისური ფეხბურთის ყოფილმა დიდმა ვარსკვლავმა და ნაკრების მწვრთნელმა კევინ კიგანმაც გაილაშქრა. ეს მას მერე მოხდა, რაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბოლტონთან" 2:2 ითამაშა. იმ დღეს რუნი ძალიან უსახური იყო. სხვათაშორის, კიგანის ნათქვამში რაციონალური მარცვალი ნამდვილად იყო - "მიკი მაუსმა" თქვა, რომ ადამიანს, რომელიც საკუთარი ქორწილი სურათებს ძვირად ჰყიდის, მას მედიისგან ჩასაფრება არ უნდა უკვირდეს.

მოგეხსენებათ, გარდა იმისა, რომ ბოლოხანს ფეხბურთს ცუდად თამაშობს, რუნის მეუღლესთან კოლინთანაც არეული ჰქონდა ურთიერთობა და ახლა ამ ურთიერთობის დალაგებს ცდილობს.
გიგზმა თანაგუნდელის დაცვა კიგანისგანაც სცადა: "რა მნიშვნელობა აქვს მიჰყიდი რომელიმე ჟურნალს შენი ქორწილის ფოტოებს თუ არა? ის ზეწოლა, რომელსაც ფეხბურთელები მინდორზე და მინდორს მიღმა განვიცდით გაცილებით დიდია. უეინს თავისი ფოტოები არავისთვის რომ არ მიეყიდა, პრესა მაინც ჩაუსაფრდებოდა და მის შესახებ სკანდალური ინფორმაციის გამოქვეყნებას შეეცდებოდა".

თავად რაიან გიგზი ტაბლოიდების გმირი 1990-იან წლებში იყო, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში ბრწყინავდა და თან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ტელევარსკვლავ დენი ბერთან და სხვა გამოჩენილ ქალებთან. თუმცა, დღეს ვეტერანი ოდინდელი შეყვარებულის თანამეცხედრე და ორი შვილის მამაა და მტკიცებს, რომ მის დროს ვარსკვლავები ისეთი ზეწოლის ქვეშ არ იყვნენ, როგორც დღეს, უეინ რუნის ეპოქაში.

"დღეს სულ სხვა სიტუაციაა, ყველაფერი შეიცვალა, მასშტაბები გაიზარდა. დღეს ფეხბურთელების ცხოვრებას მარტო სპორტული გვერდები აღარ განიხილავენ. დღეს ყველა ვარსკვლავი ყვითელი პრესის წინა გვერდებზეა გამოჭიმული".

ადრეც გვითქვამს, რომ ოფიციალურად რუნი კოჭს მკურნალობს, თუმცა ერთ-ერთ კომენტარში ფერგიუსონს წამოცდა, რომ ფეხბურთელი გადამეტებულმა ყურადღებამაც დათრგუნა. გიგზმა კი თანაგუნდელს თანაგრძნობა თავისი წიგნის პრეზენტაციაზე გამოუხატა. გიგზის წიგნს ჰქვია "რაიან გიგზი. ჩემი ცხოვრება. ჩემი ისტორია"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული